საარჩევნო დარღვევების LIVE ბლოგი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საარჩევნო დარღვევების LIVE ბლოგი

08 ოქტომბერი, 2024

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს  პერიოდული  განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ.

ბოლო განახლება: 8 ოქტომბერი, 2024

წინასაარჩევნო პერიოდი 

9 ოქტომბერი: თბილისში, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს საარჩევნო პლაკატების გაკვრისას თავს დაესხნენ და სააგიტაციო მასალები დაუზიანეს

  • თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს უცნობმა პირებმა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის გაკვრაში ხელი შეუშალეს, აგრეთვე ჩამოუხიეს გაკრული პლაკატებიც. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. კანონით დაუშვებელია სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება. იმისათვის რომ მომხდარმა შემთხვევამ არ წაახალისოს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ ძალადობა და სააგიტაციო მასალების დაზიანება, აუცილებელია თავდამსხმელების სწრაფი იდენტიფიცირება და მათზე კანონის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

9 ოქტომბერი: კომუნიკაციების კომისია კვლავ აჯარიმებს კრიტიკულ მაუწყებლებს

  • კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ სამართალდამრღვევად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. გადაწყვეტილების მიზეზი მაუწყებლების მიერ „ქართული ოცნების“ იმ ვიდეორგოლის ეთერში განუთავსებლობაა, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული. სამართალდაღვევათა ოქმი საქალაქო სასამართლოს გადეგზავნა, რომელიც ზემოაღნიშნულ მაუწყებლებს მაღალი ალბათობით 5000 ლარით დააჯარიმებს. 

კომუნიკაციების კომისიამ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკული მაუწყებლების მიმართ ფინანსური სანქცია არაერთხელ გამოიყენა მათ შორის 15 აგვისტოსმთავარი არხისმიმართ (2500₾), 13 და 19 სექტემბერს  „მთავარს“, „პირველსდაფორმულასორჯერ შეუდგინა სამართალდაღვევის ოქმი, თითოეულს 5000 ლარის ოდენობით. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიამ უნდა, გაითვალისწინოს კონტექსტის სიმძაფრე და საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება, მეორე მხრივ კი, ხელი არ შეუწყოს და არ გახდეს მმართველი გუნდის პროპაგანდის ინსტრუმენტი  (უფრო ვრცლად იხ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დასაქართველოს ევროპული ორბიტისერთობლივი განცხადება).

 

9 ოქტომბერი: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის, განცხადებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ

  • „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ, განაცხადა, რომ ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, ან რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მისცემენ პირადობის მოწმობებს ართმევენ. წითლიძემ პირადობების ჩამორთმევაში ჩართული ექვსი პირიც ჩამოთვალა, რომელთა შორისაც არიან პოლიციის თანამშრომლები, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, მერის წარმომადგენელი სოფელ ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგრეთვე სამეგრელოს დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას მამა.

ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა და მისთვის არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქმედების შესაძლო ორგანიზებული ხასიათი და მასშტაბი. აუცილებელია განცხადებაში მოყვანილი გარემოებების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება

 

9 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ მსხვილმა შემომწირველმა, ზურაბ ნასყიდაშვლმა, პარტიას 60 000 შეწირა, მის კომპანიებს, სახელმწიფო შესყიდვებით 7.6 მილიონი ლარი აქვთ მიღებული

  • შპს „დოქტორ გუდსმა“, რომლის 33%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2020-2022 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით სახელმწიფოსგან 3.6 მლნ ლარი, ხოლო ტენდერებით 2.1 მლნ ლარი მიიღო. შპს „ინტერ კონსტრუქშენმა“, რომლის 100%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2021-2024 წლებში სახელმწიფო ტენდერებით 1.3 მლნ ლარი მიიღო. ჯამში, სახელმწიფო შესყიდვებიდან ზურაბ ნასყიდაშვილის კომპანიებს 7 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული. შპს „მესხეთის მეფრინველეობას“, რომლის 17,5%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2016-2023 წლებში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებიდან 307 ათასი ლარი აქვს მიღებული. შპს „საგურამოს მეფრინველეობას“, რომლის 40%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2020 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებიდან 121 ათასი ლარი აქვს მიღებული. გარდა ამისა, შპს „საგურამოს მეფრინველეობამ“ სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით 10,000 კვ მეტრი მიწა მიიღო.

წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების  კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.

 

7 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ ფარული საარჩევნო კამპანიები, რომლებიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯზე გაიმართა

  • „აი, ფაქტის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს მასალა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებს მუნიციპალური ბიუჯეტების თანხებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს შეფარულ საარჩევნო კამპანიას. 
    • ასეთი ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტებმა სულ 219 ტენდერი გამოაცხადეს სხვადასხვა ღონისძიებისთვის, რაზეც ჯამში 7.8 მილიონი ლარი დაიხარჯა
    • 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ჩატარდა და დაიგეგმა 67 ღონისძიება, მათი ნახევარი ეძღვნებოდა ქალაქის ან დაბის დღის აღნიშვნას
    • მათ დღესასწაულების ნაწილს თარიღები შეუცვალეს და წინასაარჩევნოდ ატარებენ, დამატებით კი ახლებიც გამოიგონეს
    • ღონისძიებებზე აქტიურად ისმის მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილები, განსაკუთრებით „მშვიდობის" თემაზე
    • წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ღონისძიებებზე დახარჯული თანხები
    • შესყიდვების 88% ხორციელდება გამარტივებული წესით, კონკურსის გარეშე.

„აი, ფაქტის“ გამოძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას სისტემური ხასიათი აქვს, რაც თავის მხრივ ქმნის უსამართლო და უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოს საფუძველს. სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძებების „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიერ აგიტაციისთვის გამოყენების შემთხვევები წინამდებარე Live ბლოგშიც არის აღწერილი, რაც გამოძიებაში აღწერილ ტენდენციებს დამატებით ადასტურებს.

 

7 ოქტომბერი: შსს მინისტრის გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიიღებს მონაწილეობას

  • 2024 წლის 30 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსცა ბრძანება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“. ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება „სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები“ - ე.წ. „ტერიტორიული ჯგუფები“, რომელთა დაკომპლექტებაში მონაწილეობას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) მიიღებს. 

არჩევნების დღეს ყველა ჩართული მხარისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ მიზნით შსს მინისტრის მიერ ე.წ. ტერიტორიული ჯგუფების ფორმირება წინა წლების პრაქტიკაც იყო, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი ბრძანების თანახმად ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, შედის არა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი, როგორც ეს ადრე იყო, არამედ სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას კი დღემდე იკავებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სისასტიკით არის ცნობილი.

 

7 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ მსხვილმა შემომწირველმა, ნუკრი დოლიძემ, პარტიას 58,000 ლარი შეწირა, მის კომპანიებს ბოლო სამ წელიწადში 164 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი აქვთ მიღებული

  • შპს „მონოლითი 2005“ და შპს „ბონდი-2009“-ს 25-25%-იანი წილის მფლობელმა და ბათუმის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ნუკრი დოლიძემ მმართველ პარტიას 2024 წლის 2 აგვისტოს 58,000 ლარი შესწირა. ნუკრი დოლიძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მან ბოლო სამ წელში პარტიას ჯამში 168,000 ლარი შესწირა. დოლიძის ბიზნესპარტნიორებს, შპს „ბონდი-2009“-ის მეწილეებს, ოთარ ფუტკარაძეს და დავით დევაძეს, „ქართულ ოცნებისთვის“ ჯამში 257,000 ლარი აქვთ შეწირული. აღნიშნულმა ორმა კომპანიამ 2010-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მლნ ლარამდე მიიღო, აქედან 68% - უკონკურენტო პირობებში. 2021 წლიდან, მხოლოდ 3 წლის განმავლობაში, დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში 164 მლნ ლარი მიიღეს.

წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების  კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.

6 ოქტომბერი: სოფელ კარდენახში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრს თავს დაესხნენ

  • სოფელ კარდენახში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს წინასაარჩევნო შეხვედრისას თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათ თავს 10-მდე პირი დაესხათ. თავდასხმის შედეგად დაშავდა პარტიის რეგიონული ლიდერი, ლევან მეტრეველი, რომელიც სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და პოლიტიკური პარტიის წევრებზე ძალადობა ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

 

6 ოქტომბერი: მმართველი პარტია პოლიტიკური მიზნებისთვის უკიდურესად არაეთიკურ საარჩევნო რეკლამებს იყენებს

  • „ქართულმა ოცნებამ“ ტელემაუწყებლებს ეთერში საარჩევნო ვიდეორგოლის განთავსებას თხოვს, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით, იმავე შინაარსის საარჩევნო ბანერების განთავსება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც მძაფრად გააკრიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო გაააქტიურა და მაუწყებლებს ვიდეორგოლის ეთერში განთავსება მოსთხოვა. კრიტიკული ტელევიზიები - „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ - უარს ამბობენ მის გაშვებაზე, პროსამთავრობო ტელევიზიებმა - „იმედმა“, „პოსტვ-მ“ და „რუსთავი 2-მა“ - ის ეთერში უკვე განათავსეს. ვიდეორგოლი განთავსებულია, „საზოგადოებრივმა მაუწყებელის“ სამაუწყებლო ბადეშიც. 

მიგვაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით მანიპულირებისგან, ასევე ღირსებისშემლახავი, არეთიკური შინააარსის რეკლამის გამოყენებისგან. აგრეთვე კომუნიკაციების კომისიამ უნდა, გაითვალისწინოს კონტექსტის სიმძაფრე და საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება, მეორე მხრივ კი, ხელი არ შეუწყოს და არ გახდეს მმართველი გუნდის პროპაგანდის ინსტრუმენტი (უფრო ვრცლად იხ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ერთობლივი განცხადება). 

 

4 ოქტომბერი: გარდაბანში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის სამმა კანდიდატმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა

  • 4 ოქტომბერს გამართულ „გარდაბნობა 2024“-ზე, გარდაბნის მერიის ორგანიზებული ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და საპატიო გარდაბნელებიც თავად დააჯილდოვეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პარტიულ სიაში მყოფებმა: ზაურ დარგალმა, სავალან მირზოევმა და ირაკლი შატაკიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, ისინი სცენიდან ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ ტრადიციულ გზავნილებს, მათ უკან კი სცენის ეკრანზე, ინფრასტრუქტურული პროექტების კადრები გადიოდა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

3 ოქტომბერი: „ქართული ოცნებამ“ 9 თვეში შემოწირულების სახით 11 მილიონი ლარი მიიღო

  • 2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულებების სახით, 11,293,166 ლარი მიიღო, მათ შორის, 2,088,500 ლარი - აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან. შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556,090,031 ლარზე მეტი და 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სამშენებლო ნებართვები მიიღეს. იხილეთ ვრცლად.

წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების  კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.

3 ოქტომბერი: „ალმა პლიუსმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სარეკლამო ბანერების განთავსებაზე უარი უთხრა, რაც კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციული ნაბიჯია

  • კომპანია „ალმა პლიუსმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიუხედავად მათ შორის არსებული ხელშეკრულებისა, წინასაარჩევნო ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა. უარის მიზეზად კომპანიამ რეკლამის შინაარსი დაასახელა, რომელიც მმართველი პარტიის წინააღმდეგაა მიმართული. კომპანია „ალმა პლიუსს“ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების 15 წლიანი ექსკლუზიური უფლება აქვს.

კომპანია „ალმა პლიუსის“ გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგო და აშკარად დისკრიმინაციულია. კომპანიამ 2021 წელს უპრობლემოდ განათავსა ე.წ. „სისხლიანი ბანერები“ და აცხადებდა, რომ ისინი რეკლამის შინაარსში არ ერევიან. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდშიც „ქართული ოცნების“ დაკვეთით განთავსებულია უკრაინის დანგრეული ქალაქების ამსახველი ბანერები. გარდა ამისა „ალმა პლიუსის“ გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აფერხებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც შედეგად აზიანებს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

 

29 სექტემბერი: „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს

  • 29 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში „პოეზიის სახალხო დღესასწაული - შოთაობა-2024" გაიმართა. დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმაც მიულოცა. ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს საარჩევნო აგიტაციისთვის ობოლაშვილი მანამდეც იყენებდა. 12 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, გახსნისას ლენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა გაჭრა, გახსნის ცერემონიალის შემდეგ კი „ქართული ოცნების“ პარტიულ დროშებთან ერთად გააგრძელა მსვლელობა. 10 სექტემბერს ობოლაშვილიმა დაბა ადიგენში ახლად რეაბილიტირებულ სპორტული და საცეკვაო დარბაზის გახსნასაც ესწრებოდა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

29 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩილ ბერიძე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს ესწრება აჭარაში

  • 29 სექტემბერს „ხელვაჩაურის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს, რომელიც საბიუჯეტო თანხებით იყო ორგანიზებული, ესწრებოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩილ ბერიძე. ის ღონისძიებაზე ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა. ბათუმის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტომასალიდან აშკარად იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ღონისძიებაში ორგანიზატორების მიერ იყო ჩართული.

არჩილ ბერიძე არ იკავებს საჯარო თანამდებობას, ის არის მმართველი პარტიის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატი, შესაბამისად ბიუჯეტით დაფინანსებულ აქტივობაში მისი მონაწილეობა წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის პარტიის მიერ ორგანიზებული.

 

29 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება გარდაბანში - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა  და სხვა თანამდებობის პირებმა ახალი სარეკრეაციო სივრცე გახსნეს 

  • 29 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა,  სხვა თანამდებობის პირებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ სართიჭალაში ახალი სარეკრეაციო სივრცე საზეიმო ვითარებაში გახსნეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორცილედა და მასში 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

29 სექტემბერი:  ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება ონში - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ახალი საჭიდაო დარბაზის გახსნას დაესწრო და ტურნირის გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა

  • 29 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის ბეერ-შევას სახელობის პარკში სასპორტო სკოლის კომპლექსში, ახალი საჭიდაო დარბაზი გაიხსნა. გახსნას ესწრებოდა და ჭიდაობის ტურნირში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

28 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება ხულოში - “ქართული ოცნების“ კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ვახტანგ ბერიძე ახალი სასპორტო დარბაზის გახსნას დაესწრნენ

  • 28 სექტემბერს ხულოში, სოფელ ღორჯომში ახალი სასპორტო სკოლა გაიხსნა. გახსნას „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ესწრებოდნენ.

იუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

27 სექტემბერი: შპს „დაგი+“-ის მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ 2024 წელს 166 000 ლარი შესწირეს. კომპანიას 198 მლნ ლარის შესყიდვები აქვს მიღებული

  • კომპანია შპს „დაგი+“-ის სამივე მფლობელი მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია. 2024 წელს მათ მთლიანობაში 166 000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“: მერაბ ყიფიანმა (33%) – 55 000 ₾ 2024 წლის აპრილში; გიგა ფალიანმა (33%) – 60 000₾ 2024 წლის 7 აგვისტოს; დავით გოგრიჭიანმა (34%) – 51 000 ₾ ასევე 2024 წლის 7 აგვისტოს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა გზების მშენებლობაა, რისთვისაც მას, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსგან 198 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები აქვს მიღებული. კომპანია გზებს ძირითადად ონის მუნიციპალიტეტში აგებს და ამ მიზნით მას ქვიშა-ხრეშის მოპოვების 5 წლიანი ლიცენზია აქვს მიღებული ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიორას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე.

წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების  კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.

 

25 სექტემბერი: ანტიკორუფციულმა ბიურომ უხეშად დაარღვია კანონი და  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „აირჩიე ევროპას“ და სხვა პირებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების სტატუსი მიანიჭა

  • 25 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, და მისი გამგეობის წევრები ხათუნა ლაგაზიძე, ლელა ჯეჯელავა, გიორგი პაპელიშვილი, ნიკოლოზ შურღაია, შალვა ძებისაშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, სოფიკო ჭყონია, ივანე ჭყონია და გიორგი რუხაძე განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად აღიარა და მათზე პარტიისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები და წესები გაავრცელა.  საგულისხმოა, რომ არცერთ ზემოთჩამოთვლილ სუბიექტს არჩევნებში მონაწილეობის მიზანი არ დაუფიქსირებია და 2024 წლის 26 სექტემბრის შემდეგ, როდესაც პარტიების მიერ სიების ცესკოსთვის წარდგენის ვადა ამოიწურება, თეორიულადაც შეუძლებელია ამ პირებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. 

მიგვაჩნია, რომ ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და წარმოადგენს წინასაარჩევნოდ აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამასთანავე, ბიუროს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სადამკვირვებლო მისიებისთვის დაბრკოლებების შექმნის მიზნით გადადგმული ნაბიჯი.

 

19 სექტემბერი: კომუნიკაციების კომისია და სასამართლო კრიტიკულ ტელევიზიებს უსამართლოდ აჯარიმებს

  • 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამის განუთავსებლობისთვის, ტელეკომპანიებს „მთავარი“, „პირველი“, „ფორმულა“ ერთი კვირის განმავლობაში მეორედ შეუდგინა სამართალდაღვევის ოქმი. პირველი ოქმის საფუძველზე სასამართლომ თითოეული ტელევიზია 5000 ლარით დააჯარიმა. მმართველი პარტიის წინასაარჩევნო რეკლამაში უკიდურესად არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

მიგვაჩნია, რომქართული ოცნებისწინასაარჩევნო ვიდეორგოლი არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს და კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, რომელიც მძიმე ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიდეორგლში გამოყენება წარმოადგენს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის მორიგ მცდელობას.

 

19 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე რუსთავში

  • 19 სექტემბერს რუსთავში „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ  საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მასწავლებლები და საჯარო მოსამსახურეები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალკის და მარნეულის საბავშვო ბაღები რამდენიმე საათით ადრე დაიკეტა, რომლის მიზეზიც სავარაუდოდ საბავშვო ბაღების თანამშრომლების პარტიულ შეხვედრაზე დასწრება იყო.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. გარდა ამისა საბავშვო ბაღების ნაადრევად დახურვა იმ მიზნით, რომ თანამშრომლები პარტიულ შეხვედრას დაესწრონ, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებას და ამასთან მიუთითებს ამ პრობლემის სისტემურობაზე.

 

19 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე რუსთავში

  • 19 სექტემბერს რუსთავში „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ  საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მასწავლებლები და საჯარო მოსამსახურეები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალკის და მარნეულის საბავშვო ბაღები რამდენიმე საათით ადრე დაიკეტა, რომლის მიზეზიც სავარაუდოდ საბავშვო ბაღების თანამშრომლების პარტიულ შეხვედრაზე დასწრება იყო.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. გარდა ამისა საბავშვო ბაღების ნაადრევად დახურვა იმ მიზნით, რომ თანამშრომლები პარტიულ შეხვედრას დაესწრონ, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებას და ამასთან მიუთითებს ამ პრობლემის სისტემურობაზე. 

19 სექტემბერი: ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა

  • 19 სექტემბერს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის წევრი ანა წითლიძე საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ, რა დროსაც მათ რამდენიმე ათეული ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც ანა წითლიძის თქმით „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები იყვნენ. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მათ შორის ანა წითლიძეს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხოფას აყენებენ. თავდასხმის შედეგად „ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ღონისძიება ჩაიშალა.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. იმისათვის რომ მომხდარმა შემთხვევამ არ წაახალისოს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ ძალადობა და საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა აუცილებელია თავდამსხმელების იდენტიფიცირება და სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება.

 

16 სექტემბერი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზურაბ აბაევის სავარაუდოდ უკანონო დაკავება და მასზე პოლიციელთა მხრიდან ძალადობა

  • 16 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურავ აბაევი  პარტიის ნაძალადევის ოფისის სიახლოვეს პოლიციამ დააკავა. აბაევის თქმით დაკავებისას პოლიციამ მასზე იძალადა, მისი ცემა გაგრძელდა ავტომობილში და პოლიციის განყოფილებაშიც. განყოფილებაში აბაევი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გამოძახება და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც დაფიქსირდა რომ მას სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება ჰქონდა  მიღებული. შსს-ს ინფორმაციით აბაევი სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, მის შემდეგ აბაევი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გარემოებები მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით ადგილი ჰქონდა ზურაბ აბაევის უკანონო დაკავებასა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ასეთი შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს საქმის ყველა გარემოება, მათ შორის ძალადობის პოლიტიკური მოტივის სარსებობა და სამართალდამცველთა შესაძლო ბრალეულობა.

 

8 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე ახალციხეში

  • 8 სექტემბერს ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას მრავლად ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათ შორის სკოლებში და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირები. ამავე ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებდნენ ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათ შორის ფიგურირებდა ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე ლექტორი. სტუდენტები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ სრულყოფილად არ მიეწოდა ინფორმაცია, რომ პარტიული ღონისძიება იმართებოდა. ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, ლექტორმა მას წამომსვლელი სტუდენტების სიის შედგენაც მოსთხოვა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია

 

7-8 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე ხულოში

  • 7-8 სექტემბერს ხულოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრებმა პარტიული შეხვედრები გამართეს, რომელსაც ხულოს განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თანამშრომლები, 11 საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს  მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც გასულ წლებში სუს-ის და მმართველი პარტიის მხრიდან ხდებოდა სკოლის დირექტორების მასშტაბური კონტროლი მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურობის ნიშნით. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

 

4 სექტემბერი: „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავების დროს შესაძლო ძალის გადამეტება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოძიოს

  • 4 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის” გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეძგვერაძის  დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მისი სახლის მიმდებარედ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, დეპუტატი კი პოლიციას ხელს უშლიდა. ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი პოლიციელებმა დაკავებისას სცემეს. ეძგვერაძეს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ეძგვერაძის დაკავების მომენტში ასევე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ და  თბილისის საკრებულოს სხვა წევრი, ირაკლი ნადირაძე, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 12 და 13 სექტემბერს ეძგვერაძე და ნადირაძე სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და 2700 და 2500 ლარით დააჯარიმა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმების წარმოება განხორციელდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლოა აღქმული იყოს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნად.

 

30 აგვისტო: სენაკის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორის სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

  • 30 აგვისტოს სენაკში, სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო 2014 წლიდან. მისი თქმით, ის არის გიორგი გახარიას პარტიის ღია მხარდამჭერი. მას შემდეგ, რაც საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ღიად დააფიქსირა, მან განათლების რესურსცენტრის უფროსისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აღარ დაინიშნებოდა დირექტორის თანამდებობაზე. შამათავას თქმით, ის სამი წელია ადგილობრივი თვითმმართველობის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, რადგან არ იზიარებს მმართველი პარტიის პოლიტიკას.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის და გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ არის გამჭვირვალე და განჭვრეტადი, არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ გასულ წლებში ამ პროცესში გადაწყვეტილებების მიღება მმართველი პარტიის და სუს-ის ჩარევით ხდებოდა. შესაბამისად, აღწერილ შემთხვევაშიც, შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ნიშნები.

 

26 აგვისტო: მთავრობის განკარგულება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების მიერ თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას

  • 26 აგვისტოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც მუნიციპალიტეტებს  ნებას რთავს, „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში, 34 მილიონამდე ღირებულების სამშენებლო სამუშაოების მომსახურება გამარტივებული შესყიდვით მიიღონ. „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივა მთავრობამ 23 ივლისს მიიღო და გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფას. განაწილებული თანხა უნდა მოხმარდეს მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, რომლის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა ბუნდოვანია და მის წინასაარჩევნო გამოყენების რისკს ქმნის. ახალი განკარგულებით, გამოყოფილი თანხების დახარჯვა მუნიციპალიტეტებს ტენდერების გარეშე, უფრო ნაკლებად გამჭვირვალე პროცედურებით შეეძლებათ.

 

23 აგვისტო: ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ აქტივობაში მონაწილეობა 

  • 23 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მათთან ერთად იმყოფებოდა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი დავით კოდუა.

დავით კოდუა ამჟამად არ იკავებს საჯარო თანამდებობას, ის არის მმართველი პარტიის მიერ დასახელებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი, შესაბამისად ბიუჯეტით დაფინანსებულ აქტივობაში მისი მონაწილეობა წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის პარტიის მიერ ორგანიზებული.

 

23 აგვისტო: პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ამ პარტიების წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმებას აანონსებს 

  • 23 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები და მათ გაუუქმდებათ პარლამენტის წევრობის მანდატებიც. კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, ისინი აპირებენ აკრძალონ შემდეგი პარტიები: ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”); ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის; ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია; გიორგი გახარიას პარტია.

პრემიერ-მინისტრი აკონკრეტებს მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში საქართველოში აღარ იქნებიან ოპოზიციური პარტიები და გაუქმდება არჩევნების შედეგები იმ ასობით ათასი ამომრჩევლისთვის, რომლებიც აპირებენ ხმა მისცენ ამ პარტიებს.

 

21 აგვისტო: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების იძულებით მობილიზების ნიშნები „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე მცხეთაში

  • 21 აგვისტოს მცხეთაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიული ღონისძიება გაიმართა. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები, მათ შორის საბავშვო ბაღების თანამშრომლები და სკოლის მასწავლებლები. ვიდეორგოლში აგრეთვე ფიგურირებდა სავარაუდოდ  სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის მონაწილე პირი.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

 

18 აგვისტო: ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაში მმართველი პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა

  • 18 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, სახალხო ღონისძიება „მანგლისობა 2024" გაიმართა, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, „ქართული ოცნების“ მიერ თეთრიწყარო-ბოლნისი-დმანისი წალკის დელეგატად დასახელებული, დავით შერაზადიშვილიც მონაწილეობდა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს. როდესაც მმართველი პარტიის კანდიდატი ესწრება ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებას, ეს აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის პარტიის მიერ ორგანიზებული.

 

16 აგვისტო: ცესკოს გადაწყვეტილება საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობას ამცირებს და ეწინააღმდეგება კანონს

  • 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდება.

მიღებული გადაწყვეტილებით პროცესი ხდება უფრო გაუმჭვირვალე, რადგან შეუძლებელია არჩევნების დღემდე 7 დღით ადრე 3000-ზე მეტ უბანზე პროცედურის დაკვირვება. გარდა ამისა დადგენილება უკანონოა, რადგან საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს ასეთი პროცედურის დადგენილებით განსაზღვრას, არამედ თავად ადგენს, რომ ასეთი კენჭისყრა არჩევნების დღეს უნდა გაიმართოს. გარდა ამისა, დადგენილებაში არ არის სათანადოდ დასაბუთებული ამ სახის რეგულირების საჭიროება და აუცილებლობა. დეტალურად იხილეთ „საეთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება.

 

15 აგვისტო: კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება „მთავარი არხის“ დაჯარიმებაზე გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას

  • 15 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ ეთერში გასული ორი ვიდეორგოლი პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და ტელეკომპანია 2500 ლარით დააჯარიმა. პირველ ვიდეორგოლში მოთხრობილი იყო, როგორ უწყობს ხელს „რადიო მარნეული“ ქვეყნის ევროინტეგრაციას; მეორე ვიდეორგოლი მუსიკის ფონზე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებს ასახავს. კომუნიკაციების კომისიის დასკვნით,  „ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების  არჩევის ხელშეშლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.“.

კომისიის გადაწყვეტილება გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. კომისია ეყრდნობა კანონის ზოგად ნორმას და თვითნებურად აფართოებს მისი გამოყენების სივრცეს, რათა მოიცვას პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არაწინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამგვარ აკრძალვას არ ადგენს. ეს ქმნის საშიშ პრეცედენტს დემოკრატიისთვის, რადგან ადგენს სტანდარტს, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების ნებისმიერი სახის კრიტიკა აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლებში საერთოდ ნახსენებიც კი არ ყოფილა რომელიმე კონკრეტული სუბიექტი, ის მიმართული იყო გარკვეული პოლიტიკის კრიტიკისკენ, რისი შეზღუდვაც წარმოუდგენელია პლურალისტურ საზოგადოებაში. 

 

12 აგვისტო: ზუგდიდის მერიამ წინასაარჩევნოდ ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

  • 12 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 67 ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების დასრულების ვადები 2-3 თვითაა განსაზღვრული. ამ მასშტაბით ქუჩების რეაბილიტაციის ტენდერები ზუგდიდის მერიას ადრე არ გამოუცხადებია. საინტერესოა, რომ სამუშაოების დასრულების ან მისი დამასრულებელი სტადიის ვადები მაღალი ალბათობით არჩევნების დღეს დაემთხვევა.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ზემოთ აღწერილი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე, ოპონენტებთან შედარებით, სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

 

11 აგვისტო: ოპოზიციის ლიდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

  • 11 აგვისტოს, სამტრედიაში, საარჩევნო კოალიციის „კოალიცია ცვლილებისთვის" ადგილობრივი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე კოალიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას თავს დაესხა პირი, რომელმაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ყველა პარტიას მიეცეს წინასაარჩევნო კამპანიის უსაფრთხო გარემოში წარმოების საშუალება. სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ სწრაფი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოახდინონ საქმის გარემოებების დადგენა და პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება.

 

10-11 აგვისტო: „ტვ იმედის“ მიერ „ქართული ოცნების“ კანდიდატის პოპულარიზაცია საბიუჯეტო თანხების გამოყენებით

  • 10-11 აგვისტოს ბათუმში მომღერალ არჩილ ბერიძის სოლო კონცერტები გაიმართა, რომლებიც ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. 16 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ ბერიძე პარტიის საარჩევნო კანდიდატობა დააანონსა. იმავე დღეს კი „ტვ იმედზე“ არჩილ ბერიძის 10 აგვისტოს სოლო კონცერტის ორსაათიანი ჩანაწერი გადაიცა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან არჩილ ბერიძის მმართველი პარტიის კანდიდატად საჯაროდ დასახელებამდე 5 დღით ადრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუფინანსდა სოლო კონცერტის ჩატარება, კანდიდატად დასახელების შემდეგ  კი „ტვ იმედის“ ეთერში ბიუჯეტიდან დაფინანსებული კონცერტი გადაიცა. ეს შესაძლოა „ტვ იმედის“ მხრიდან მმართველის პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ გაღებულ უკანონო შემოწირულებად ჩაითვალოს.

 

3 აგვისტო: ბათუმში სავარაუდოდ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა  გახარიას პარტიას  წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალეს

  • 3 აგვისტოს ბათუმში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობა დაფიქსირდა. პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით შეხვედრის ჩაშლა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა პირებმა სცადეს, რომლებიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც არიან.

ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს არსებობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა. შსს ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო და აღკვეთოს საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები.

 

31 ივლისი-5 აგვისტო: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნები რეგიონებში

  • 1-5 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული ბანაკი გამართა, რომელიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის იყო განკუთვნილი.
  • 1 აგვისტოდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო ახალი სოციალური პროგრამების განხორციელება:
  • 1 აგვისტოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების  50% არაუმეტეს 70 ლარი  სკაზე,  მაგრამ  არაუმეტეს 5,000 ლარი  ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. პროგრამაზე სულ 2 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
  • 31 ივლისის მდგომარეობით 63 558 ფიზიკურ პირს ჯამურად 361 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. დავალიანების ჩამოწერის პროცესი 25 ივნისს დაიწყო, რომლის საფუძველიც 29 მაისს საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიღება იყო. ცვლილებების თანახმად ყველა ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. ირაკლი კობახიძის თქმით, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ზემოთ აღწერილი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

 

18 ივლისი, 23 ივლისი: მთავრობის საარჩევნოდ მოტივირებული განკარგულებები 

  • 23 ივლისს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნით მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 20 მილიონი ლარი. განაწილებული თანხა უნდა მოხმარდეს მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, რომლის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
  • 18 ივლისს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით”, მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყო 250 000 ლარი.

გამოყოფილი თანხების ბუნდოვანი მიზნობრიობა ქმნის რისკს, რომ თანხები წინასაარჩევნო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.