9 ოქტომბერი: კომუნიკაციების კომისია კვლავ აჯარიმებს კრიტიკულ მაუწყებლებს
- კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ სამართალდამრღვევად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. გადაწყვეტილების მიზეზი მაუწყებლების მიერ „ქართული ოცნების“ იმ ვიდეორგოლის ეთერში განუთავსებლობაა, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული. სამართალდაღვევათა ოქმი საქალაქო სასამართლოს გადეგზავნა, რომელიც ზემოაღნიშნულ მაუწყებლებს მაღალი ალბათობით 5000 ლარით დააჯარიმებს.
კომუნიკაციების კომისიამ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკული მაუწყებლების მიმართ ფინანსური სანქცია არაერთხელ გამოიყენა მათ შორის 15 აგვისტოს „მთავარი არხის“ მიმართ (2500₾), 13 და 19 სექტემბერს „მთავარს“, „პირველს“ და „ფორმულას“ ორჯერ შეუდგინა სამართალდაღვევის ოქმი, თითოეულს 5000 ლარის ოდენობით. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიამ უნდა, გაითვალისწინოს კონტექსტის სიმძაფრე და საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება, მეორე მხრივ კი, ხელი არ შეუწყოს და არ გახდეს მმართველი გუნდის პროპაგანდის ინსტრუმენტი (უფრო ვრცლად იხ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ერთობლივი განცხადება).