რეკომენდაციები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რეკომენდაციები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით

25 ნოემბერი, 2015

 

2015 წლის 17 ნოემბერს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში დაიწყო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა. 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 18 მილიონ 597,215 ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონ 700 ათასი ლარით მეტია.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები იქნება:

  • საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის განვითარება;

  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების ფინანსური განხორციელება);

  • სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის ამაღლება;

  • კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარება, ახალგაზრდული პოლიტიკის ფინანსური მხარდაჭერა;

ბიუჯეტის პროექტში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე შეირჩა ზემოაღნიშნული პრიორიტეტები. 17 ნოემბერს გამართული განხილვისას საკრებულოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრიორიტეტები შეირჩა წინა წლის გამოცდილების და საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძელზე. მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევისას მუნიციპალიტეტი აუცილებლად უნდა დაეყრდნოს შესაბამის კვლევებს, რომელიც უნდა ჩატარდეს ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დაწყებამდე და იგი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ყველა ჯგუფის ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია პრიორიტეტები არასწორად იქნეს შერჩეული, რაც ბიუჯეტის არასასურველი მიმართულებით, არაეფექტიანად გახარჯვის რისკებს წარმოქმნის.

  • ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციისათვის 5 მილიონ 365 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი ქუჩების გზის საფარის, ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაციაა დაგეგმილი; რომელ ქუჩებზე უნდა მოხდეს გარეგანათების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მოვლა–შენახვის სამუშაოების დაფინანსება. ჩვენი პოზიციით, მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტი მოითხოვს მეტ კონკრეტიკას ისე, რომ ნებისმიერ პირს შეექმნას სრულყოფილი წარმოდგენა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების, ასევე მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აღნიშნული კონკრეტიკის გარეშე ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ ჩაითვლება პროგრამულად.

  • ბიუჯეტის პროექტით, 1 მილიონ 200 ათასი ლარია გამოყოფილი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის” დასაფინანსებლად, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 200 ათასი ლარით მეტია. კლუბის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა კი ბიუჯეტის 6.45%-ია. ჩვენი აზრით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უარი უნდა თქვას კლუბ „ზუგდიდის” დაფინანსებაზე, ეს არ წარმოადგენს თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც არ არის გამოკვლეული, თუ რა სავარაუდო შედეგს მოიტანს ინვესტიციის ამ მიმართულებით ზრდა. ამავდროულად, თუკი გავითვალისწინებთ მუნიციპალიტეტის მწირ ფინანსურს რესურსებს, უმჯობესი იქნება, ეს თანხა მოხმარდეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის აუცილებელი სამეურნეო საჭიროებების მოგვარებას. ამავე დროს აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ს/კ „ზუგდიდი” წარუმატებლად ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატში და იგი უმაღლესი ლიგის მე-15 ადგილს იკავებს. თუმცა თუკი საზოგადოების მოთხოვნას ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს, სასურველია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გარვეულწილად გაზარდოს ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის” დაფინანსება და იზრუნოს ბავშთა ფეხბურთის განვითარებაზე.

მსგავსი რეკომენდაციით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2013 წელს მიმართა ამ დროისთვის ლიკვიდირებულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, 2014 წელს კი ქალაქ ზუგდიდის მერიას, თუმცა რეკომენდაციები არცერთ შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული.

  • 250 ათასი ლარია გათვალისწინებული 25-მდე კულტურული ღონისძიების ჩასატარებლად, თუმცა არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა თანხა დაიხარჯება კონკრეტული ღონისძიების ჩატარებაში, როდის ჩატარდება იგი და რატომ დგას ამა თუ იმ კულტურული ღონისძიების ჩატარების აუცილებლობა.

  • ბიუჯეტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, რომელიც მთლიანობაში 1 მილიონ 211 ათასი ლარით ფინანსდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 230 ათასი ლარით მეტია. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი გამოყოფს თანხას მოქალაქეთა დასახმარებლად, თუმცა ჩვენი პოზიციით აუცილებელია, რომ სოციალური დახმარების პროგრამა არ მოიცავდეს ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას, იგი სრულად უნდა იყოს ორიენტირებული ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის ეტაპობრივ გაუმჯობესებაზე. ბიუჯეტის სწორი გადანაწილების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა იზრუნოს უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფაზეც. მაგალითისათვის თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც უსახლკაროთათვის მცირე ზომის სახლების აშენებას გულისხმობს, ვფიქრობთ, იმავე პროგრამის განხორციელება ზუგდიდის მერიასაც შეუძლია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მასშტაბით შეიქმნას საექიმო ამბულატორიის ტიპის სამედიცინო პუნქტები, სადაც მოქალაქეები შეძლებენ პირველადი სამედიცნო დახმარების მიღებას.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად უნდა იზრუნოს სოციალური სამუშაოს გააქტიურებაზე, რომლის მიზანიც შესაძლოა იყოს: სოციალურად დაუცველი ან/და სპეციფიური საჭიროების მქონე მოქალაქეთა გამოვლენა, ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.

  • 43 ათასი ლარით ფინანსდება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამა”. ჩვენი მოსაზრებით, აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი ქალაქ ზუგდიდიში ამ კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ზუგდიდში 450-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია (ისინი ეტლის მეშვეობით გადაადგილდებიან). მათი თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა კი მოწყობილი არ არის. გამგეობის, მერიის, საკრებულოს და სხვა ადმინისტრაცული დაწესებულებების შენობებში შეუძლებელია ეტლით შესვლა. ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას პანდუსი მოწყობილია აუცილებელი სტანდარტების დაცვის გარეშე. მძიმე მდგომარებაა ქუჩებზე, ტროტუარებსა და გადასასვლებეზე. მიგვაჩნია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, სხვა საჯარო უწყებებთან ერთად, უნდა იზრუნოს ქალაქში შშმ პირთა ეტლით თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ასვე აუცილებლობას წარმოადგენს ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟებაც.

  • ბიუჯეტის პროექტით 100 ათასი ლარია გათვალისწინებული ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ხელშეწყობისათვის. ვფიქრობთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა განმარტოს, თუ რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. სასურველია, მუნიციპალიტეტებმა კონკრეტული კონფესიისათვის გარკვეული თანხის გამოყოფამდე კონსულტაცია გამართონ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებს ამის ვალდებულება არ აქვთ, ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ყველა რელიგიური ჯგუფის, მათ შორის რელიგიური უმცირესობების უფლებების თანაბრად დაცვას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საპატრიარქო სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელია და იგი დამოუკიდებლადაც შეძლებს ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევას.

  • 1 მილიონ 700 ათასი ლარით ფინანსდება „სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა”, თანხა გათვალისწინებულია ბავშვთა კვებისა და აღმზრდელთა სახელფასო ანაზღაურებისათვის. ქალაქ ზუგდიდში არსებული საბავშვო ბაღების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. ვფიქრობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის გაცილებით მეტი თანხა უნდა იქნეს გამოყოფილი, რაც მათ რეაბილიტაციას მოხმარდება. ამავე დროს აუცილებელია, რომ გაიზარდოს საბავშვო ბაღის თანაშრომელთა და აღმზრდელთა შრომის ანაზღაურება, რომელიც ამ ეტაპისათვის საშუალოდ 120-150 ლარის ტოლია.

  • ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხი. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის ტერიტორიაზე დაჭერილ მიუსაფარ ძაღლებს უკვე რამდენიმე წელია, სასტიკი მეთოდებით ხოცავენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არაერთხელ მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციით, რომ ეზრუნა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობაზე, თუმცა ამ კუთხით რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია მიმდინარე წელს აქტიურად მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობის იდეის ადვოკატირების კამპანიაში და მოქალაქეებს თავშესაფრის უახლოეს მომავალში აშენებას პირდებოდა.

  • ზუგდიდის ორ მუნიციპალიტეტად გაყოფის შემდგომ მუნიციპალური ავტობუსები თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა, მიგვაჩნია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ვალდებულია უახლოეს მომავალში დაიწყოს ზრუნვა საკუთარი მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრასპორტის შეძენასა და აღნიშნული მომსახურების ქალაქის მასშტაბით გავრცელებაზე.

  • ასვე აუცილებელია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტი, როგორც ტრადიციული სტრუქტურის ბიუჯეტის ალტერნატივა, მისი დაგეგმვის პროცესიდანვე სრულად იყოს შედეგებზე ორიენტირებული.

  • თითოეულ საბიუჯეტო პროგრამას თან უნდა ახლდეს მოსალოდნელი საბოლოო შედეგებისა, ხოლო ქვეპროგრამას მოსალოდნელი შუალედური შედეგების გაზომვადი და შინაარსიანი ინდიკატორები.

  • ბიუჯეტის დაგეგმვიდანვე განსაზღვრული უნდა იყოს თითოეული პროგრამისა და ქვეპროგრამის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული და მათ განხორციელებაზე პასუხისმეგებელი თანამდებეობის პირები. ეს მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას წლის ბოლოს გაზომოს მიღწეული შედეგები, საჭიროების შემთხვევაში კი დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ რეკომენდაციათა გათვალისწინების შემთხვევაში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული იქნება. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, უპირველეს ყოვლისა, არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა, შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნულ მიმართულებას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების გათვალისწინებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა შედგეს. შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, პრიორიტეტი არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მიენიჭოს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“