13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ: რა უნდა გაკეთდეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ: რა უნდა გაკეთდეს

23 ივნისი, 2015

 

„მზიურის“ პარკი სტიქიის შემდეგ

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მნიშვნელოვანია, განხილულ იქნას, ერთი მხრივ, კრიზისთან გამკლავებასთან დაკავშირებული საკითხები და, მეორე მხრივ, სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები. ცხადია, სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედების დეტალური ანალიზის გარეშე კონკრეტული სიღრმისეული რეკომენდაციების შემუშავება ვერ მოხდება, თუმცა მიზანშეწონილად მიგვაჩნია ზოგიერთი სისტემური ხასიათის რეკომენდაციის გამოყოფა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

კრიზისის მართვა და სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია:

  1. კრიზისის მართვის არსებული სისტემის შესწავლა და 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის დროს სახელმწიფო უწყებების მოქმედებების სიღრმისეული ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და სამომავლოდ აღმოფხვრა.

    • მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად შეაფასოს მიყენებული ზარალი და მოახდინოს ყველა დონორის ფინანსური თუ სხვა სახის დახმარების კოორდინაცია, რათა უახლოეს პერიოდში მოხდეს დაზარალებული პირებისთვის ზიანის ანაზღაურება;

    • სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს მიდგომა იმ შემთხვევებისთვის, სადაც დაზარალებულ მოქალაქეებს საკუთრება კანონის შესაბამისად არ ჰქონდათ რეგისტრირებული.

  2. კრიზისების მართვის გეგმების შემუშავება და დამტკიცება როგორც ეროვნულ, ასევე ლოკალურ დონეზე. მნიშვნელოვანია, ეს გეგმები იყოს თემატური (ბუნებრივი კატაკლიზმები, ომი, სახელმწიფო გადატრიალება და სხვა). ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს კრიზისის ტიპი მისი სირთულის მიხედვით. გეგმა უნდა მოიცავდეს სახელმწიფოს სამსახურების (შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები და სხვა) კოორდინაციის სისტემას და კონკრეტულ ქმედებებზე პასუხისმგებელ უწყებებსა და თანამდებობის პირებს. ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს შიდა და გარე კომუნიკაციის მექანიზმები და პროცედურები.

    • სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული კრიზისების მართვის გეგმების ეფექტურად შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია, ყველა ჩართული უწყებისთვის ტრეინინგების ჩატარება, რათა კრიზისის დროს უზრუნველყოფილი იყოს მათი შეუფერხებელი მოქმედება.

    • მნიშვნელოვანია დაიწყოს დისკუსია საქართველოში უძრავი ქონების აუცილებელ დაზღვევასთან დაკავშირებით, მათ შორის დასაქმებული პირების მიერ უძრავი ქონების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით, რათა მხოლოდ სახელმწიფოს არ დააწვეს კრიზისით გამოწვეული ზიანის ტვირთი.

გარემოს დაცვა:

  1. გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნის კუთხით.

  2. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მხოლოდ ყველა შესაბამისი კვლევის ჩატარების შემდეგ და გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინებით.

ურბანული პოლიტიკა:

  1. ქალაქების, მათ შორის თბილისის, ბუნებრივი ლანდშაფტების დაცვა შემდგომი დეგრადაციისგან და ურბანულ სარეკრეაციო ზონებში განაშენიანების მაქსიმალური შეზღუდვა.

  2. უახლოეს პერიოდში, ქალაქების განვითარების გენერალური გეგმების შედგენა ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის, მათ შორის ბუნებრივი პირობების, გათვალისწინებით.

  3. თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის კორექტირება ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“