პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა
„კოვიდ 19“-ის პანდემიამ საქართველოს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე, ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა. 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან ტურიზმით, ფულადი გზავნილებით და ექსპორტით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მშპ-ის მიმართ 9%-იყო. 2020 წელს საქართველომ იმავე გზებით რუსეთიდან დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ის მიმართ დაახლოებით 5.7%-ია.
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით იყო დამოკიდებული. განსაკუთრებით მაღალი დამოკიდებულება შეინიშნებოდა ქართული ღვინის ექსპორტში და რუსული ხორბლის იმპორტში. რუსულ ელექტროენერგიაზე და გაზზე საქართველო ნაკლებად არის დამოკიდებული. ასევე, მცირეა საქართველოში რუსული ინვესტიციები.
ბოლო წლებში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდებოდა და 2019 წელს 497 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. „კოვიდ-19”-ის პანდემიის გავლენა რუსეთში ექსპორტს მნიშვნელოვნად დაეტყო და 2020 წელს იგი 11.2%-ით შემცირდა. თუმცა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის უფრო მეტად შემცირების გამო, ქართულ ექსპორტში რუსეთის წილი უმნიშვნელოდ - 13.1%-დან 13.2%-მდე გაიზარდა.
2020 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა და 120 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილიც მცირედით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.8%-ს გაუტოლდა.
2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 9.2%-ით შემცირდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია და 900 მლნ აშშ დოლარს აღწევს. რუსეთს, თურქეთის შემდეგ, საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს.
საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70%-მდე რუსეთზე მოდის. ხორბლის იმპორტში კი რუსეთს თითქმის 100%-იანი წილი უჭირავს. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 18%-ით გაიზარდა.
პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ტურიზმის სექტორზე, მათ შორის რუს ტურისტებზე დამოკიდებულება რადიკალურად შემცირდა. 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან 208,677 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 86%-ით ნაკლებია. შემოსავლების მხრივ პანდემიამდე საქართველო ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული რუსეთზე. 2019 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, 2020 წელს კი 50 მლნ დოლარამდე.
2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 15%-ით შემცირდა და 364 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ მთლიან გზავნილებში 24.8% იყო, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 19.3%-მდე დაეცა. რუსეთიდან გზავნილების კლება პანდემიამდე, 2019 წელს დაიწყო, რადგან ბოლო წლებში ქართველი ემიგრანტებისთვის ევროპა უფრო მიმზიდველია და ევროპული ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვები მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
შესავალი
საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ კი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, რომელიც დღემდე ძალაშია.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. გასულ წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ის ძირითადი სფეროები შეისწავლა, რომლებითაც საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსეთზე.[1] ეს სფეროებია: საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფული. ამჯერად გთავაზობთ განახლებულ კვლევას, რომელიც 2020 წლის ტენდენციებს მიმოიხილავს. კვლევისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, „კორონავირუსის” პანდემიამ რა გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებაზე.
ბოლო წლებში საქართველოსთვის აქტუალური აღარ არის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რადგან ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთს მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2020 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 4.5%-მდე იყო.[2] საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 65% აზერბაიჯანზე და თურქეთზე მოდიოდა. ბუნებრივი აირის მოხმარებაში კი, 2020 წელს რუსეთიდან იმპორტირებული აირის წილი 7%-მდე იყო.[3]
ბოლო წლებში მნიშვნელოვანი მოცულობის არც რუსეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2015-2019 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში საშუალოდ 3.4% იყო. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან სულ 260 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ჯამური უცხოური ინვესტიციების 2.7% იყო. თუმცა, საქართველოში ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.[4]
- ექსპორტი
2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ფაქტობრივად სავაჭრო ემბარგო დაუწესა, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 18% იყო (154 მლნ აშშ დოლარი). ამის შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდა და 2008-2012 წლებში რუსეთის წილი 2%-მდე იყო (საშუალოდ 34 მლნ აშშ დოლარი წელიწადში).
რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა 2013 წლიდან აღდგა, რაც საქართველოს ხელისუფლების ცვლილებით იყო განპირობებული. 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, რუსეთში საქართველოს ექსპორტი 487%-ით გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო ეს მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ 2016 წლიდან ისევ სწრაფი ზრდა დაიწყო და 2019 წელს ქართულ ექსპორტში რუსეთის წილმა 13.2% შეადგინა. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 497 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 2.8%-მდე იყო.
2020 წელს „კოვიდ 19”-ის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის, საგარეო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11.2%-ით შემცირდა. თუმცა, საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13.1%-დან 13.2%-მდე მცირედით გაიზარდა, რადგან ქვეყნის ჯამური ექსპორტი უფრო მეტად შემცირდა (12%-ით), ვიდრე რუსეთში ექსპორტი. 2020 წელს საქართველოდან რუსეთში 441 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.
მონაცემთა წყარო: „საქსტატი”
2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 120 მლნ აშშ დოლარით. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა. რუსეთში ექსპორტში მეორე ადგილი ფეროშენადნობებმა დაიკავა - 109 მლნ დოლარით, რაც 2019 წელთან შედარებით 5%-იანი კლებაა. მესამე ადგილზე მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იყო 44 მლნ აშშ დოლარით, რომელიც, 2019 წელთან შედარებით, 27%-ით შემცირდა. 2020 წელს ქართული სპირტიანი სასმელების რუსეთში ექსპორტმა 31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9.3%-ით ნაკლებია. ჩამოთვლილ 4 პროდუქტზე საქართველოდან რუსეთში 2020 წელს გატანილი მთლიანი ექსპორტის 69% მოდიოდა.
1.1. ღვინის ექსპორტი
2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 244%-ით, 158 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამ ნამატიდან 110 მლნ დოლარი რუსულ ბაზარზე მოდიოდა. 2012 წელს რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 23 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2019 წელს კი - 133 მლნ აშშ დოლარის. ამავე წლებში ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 0.04%-დან 57%-მდე გაიზარდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რუსეთში ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა და 120 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში კი მცირედით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.8%-ს გაუტოლდა.
მონაცემთა წყარო: „საქსტატი”
რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაღალი დამოკიდებულება პოლიტიკური რისკების მატარებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2006 წელს რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციის ბოიკოტირებამ, ასევე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო რუსეთის დუმაში ქართული ღვინის იმპორტის შეზღუდვის განხილვამ, ნათლად აჩვენა, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა. ამასთან, ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე ძირითადად კახეთის მოსახლეობაა დამოკიდებული და ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, ზარალიც დიდ წილად მათ აწვებათ (ზარალი თანაბრად არ ნაწილდება ქვეყნის მოსახლეობაზე), როცა ბევრ ოჯახს შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ გააჩნია.
- იმპორტი
საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ანუ უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტს მზარდი ტენდენცია აქვს. 2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. რუსეთს საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება.
2020 წელს რუსეთიდან საქართველოში 887 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 9.2%-ით შემცირდა, თუმცა რუსული პროდუქტის წილი იმპორტში 10.3%-დან 11.1%-მდე გაიზარდა. წილის ზრდის მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან იმპორტი უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი იმპორტი (შემცირდა 16%-ით).
მონაცემთა წყარო: „საქსტატი”
რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (15%) ბენზინს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს რუსეთიდან 15 ათასი ტონით მეტი ბენზინი შემოვიდა, ფასის შემცირების გამო ბენზინის იმპორტის ღირებულებამ 70 მლნ აშშ დოლარით მოიკლო.
რუსეთიდან იმპორტში მეორე ადგილი ხორბალს უჭირავს. 2020 წელს რუსეთიდან 107 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 488 ათასი ტონა ხორბალი შემოვიტანეთ. 2019 წელთან შედარები ზრდა 18%-ია. ამავე დროს, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 99.4% რუსული ხორბალი იყო. ხორბალზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში სასურსათო მოხმარებაში ხორბლის 70%-მდე რუსეთზე მოდის.
რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულებაც გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის. გასული წლის განმავლობაში „კოვიდ-19”-ის პანდემიის გამო რუსეთმა საკუთარი ხორბლის ექსპორტი ორჯერ შეაჩერა დროებით. ერთი ტონა იმპორტირებული რუსული ხორბლის საშუალო ფასი კი 210 აშშ დოლარიდან 220 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რუსეთიდან იმპორტში ასევე მნიშვნელოვანი წილი (5%-მდე) უჭირავს მზესუმზირის ზეთს, რომლის იმპორტი 2020 წელს 21%-ით გაიზარდა და 41 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- ტურიზმი
ბოლო წლებში, შემოსავლების მხრივ, საქართველო რუსეთიდან შემომავალ ტურისტებზე უფრო იყო დამოკიდებული, ვიდრე პროდუქციის ექსპორტზე. 2019 წელს რუსეთში ექსპორტიდან საქართველომ 497 მლნ აშშ დოლარი მიიღო, ხოლო რუსი ვიზიტორებისგან[5] დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი.[6]
2011 წელს რუსი ტურისტების წილი საქართველოს მთლიან ტურიზმში 7.1% იყო - სულ 220 ათასი ადამიანი შემოვიდა. რუსეთიდან ტურიზმმა სწრაფი ზრდა 2012 წლიდან დაიწყო და 2018 წელს უკვე 1.4 მლნ რუსეთის მოქალაქე ეწვია საქართველოს და მისი წილი მთლიან ტურიზმში 16.2%-მდე გაიზარდა.
2019 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან ტურიზმი 31%-ით გაიზარდა. 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, 8 ივლისიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა. ფრენების შეჩერებამ ვიზიტორების შემოსვლაზე გავლენა იქონია. 2019 წლის ივლის-დეკემბერში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. საბოლოო ჯამში, 2019 წელს რუსი ვიზიტორების რაოდენობა 4.8%-ით მაინც გაიზარდა (წლის პირველი ნახევრის ხარჯზე) და ჯამში 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა მისი წილი მთლიან ტურიზმში 15.7%-მდე შემცირდა.
„კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო 2020 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით შემცირდა. სულ 1.7 მლნ ვიზიტი განხორციელდა, რაც ძირითადად საზღვრების ჩაკეტვამდე (იანვარ-თებერვალი), ტვირთების ტრანზიტთან და იმპორტთან დაკავშირებულ ვიზიტებს მოიცავს. 2020 წელს რუსეთიდან 208,677 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 86%-ით ნაკლებია. რუსი ვიზიტორების წილი მთლიან ტურიზმში 11.9%-მდე შემცირდა. 2020 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორებიდან 172 ათასი წლის დასაწყისში, საზღვრის ჩაკეტვამდე შემოვიდა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
„კოვიდ-19”-ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას აუკრძალავდა, საქართველო წელიწადში დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარის შემოსავალს დაკარგავდა.
ვირუსის გავრცელების გამო, აპრილიდან ტურიზმის ფაქტობრივად შეჩერებით, 2020 წელს საქართველომ დაახლოებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი დაკარგა. ეს თითქმის 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთიდან ტურიზმის სრული შეწყვეტით იზარალებს საქართველო.
- ფულადი გზავნილები
ემიგრანტების მიერ გამომუშავებული ფული საქართველოში ძირითადად ფულადი გზავნილების სახით შემოდის. ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს. 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2019 წელს - 25%. ამას ორი გარემოება განაპირობებდა: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები მცირდება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდება. რუსეთიდან გზავნილებმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ნავთობის ფასის დაცემამ და დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ასევე, ბოლო წლებში ქართველ ემიგრანტთა ახალი ნაკადები ევროკავშირის ქვეყნებისკენ უფრო მიემართებიან, ვიდრე რუსეთისკენ, რამაც ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობა გაზარდა. ყოველივე ეს გზავნილებში რუსეთის წილის შემცირებას იწვევს.
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში გადმორიცხული თანხა 153 მლნ აშშ დოლარით (8.8%-ით) გაიზარდა. პანდემიის ფონზე ზრდა არალოგიკურია, რადგან იმ ქვეყნებშიც ეკონომიკური კრიზისია, საიდანაც ემიგრანტები ფულს აგზავნიან. პანდემიის ფონზე ფულადი გზავნილების ზრდა გამოიწვია იმან, რომ ის თანხები, რაც წინა წლებში პირადად შემოქონდათ ემიგრანტებს საქართველოში, ქვეყანაში შემოსვლის გართულების გამო, ახლა ფულადი გზავნილებით გადმოირიცხა. თუმცა, 2020 წელს წინა წლების ტენდენცია გაგრძელდა და რუსეთიდან ფულადი გზავნილები 65 მლნ აშშ დოლარით (15%-ით) შემცირდა. რუსეთის წილი კი მთლიან გზავნილებში 19.3%-მდე შემცირდა.
მიუხედავად შემცირებისა, 2020 წელს რუსეთიდან გადმორიცხული 364 მლნ აშშ დოლარი (საქართველოს მშპ-ის მიმართ 2.1%) მნიშვნელოვანი თანხაა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
„კოვიდ-19”-ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება ფულადი გზავნილების სრულად შეწყვეტას მოახერხებდა, საქართველო წელიწადში მაქსიმუმ 429 მლნ აშშ დოლარს დაკარგავდა, ეხლა კი ეს თანხა 364 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, გადმორიცხვების აკრძალვით ფულადი გზავნილების სრულად შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. რუსეთში გამომუშავებული თანხის საქართველოში გადმორიცხვის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მასობრივი დეპორტაციაა. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, მათი დეპორტაცია ფაქტობრივად შეუძლებელია.
დასკვნა და რეკომენდაციები
2019 წელს საქართველომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილებისა და რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მეშვეობით დაახლოებით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მშპ-ის მიმართ 9%-იყო. 2020 წელს საქართველომ იმავე გზებით რუსეთიდან დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ის მიმართ დაახლოებით 5.7%-ია.
პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება „ბუნებრივად“ შეამცირა. პანდემიური პერიოდის გასვლის შემდეგ კი, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე. მინიმუმ, ეს გარდაუვალი იქნება ტურიზმის შემთხვევაში, რადგან საქართველოს ტურისტებზე, მათ შორის რუს ტურისტებზე დამოკიდებულების 2019 წლის დონეზე დაბრუნებას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დაჭირდება. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია ის საფრთხეც, რომ „კოვიდ შეზღუდვების“ მოხსნის შემდეგ, რესურს-შემცირებულმა ბიზნესმა იოლად ხელმისაწვდომ ბაზარს მიაშუროს, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ, რამაც შესაძლოა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების დონე კიდევ უფრო გაზარდოს.
დღეისათვის საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევად ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი რჩება. საფრთხის მხრივ, ექსპორტ-იმპორტი იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი სრულად შეწყვეტა გაცილებით იოლია, ვიდრე ტურიზმის და ფულადი გზავნილების.
„კოვიდ-19“-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად დააზარალა, ვიდრე რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს. ეს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას გარკვეულ გამოცდილებას ძენს, რუსეთისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების მიმართ ნაკლებ მოწყვლადი იყოს და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაოს.
საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, ის გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც. საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე:
- პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;
- მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;
- წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;
- პანდემია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ გადაწყობას, რომლის ერთ-ერთი მიზანიც რუსეთზე ნაკლებდამოკიდებული ეკონომიკის მიღება უნდა გახდეს.
[1] https://www.transparency.ge/ge/blog/sakartvelos-ekonomikuri-damokidebuleba-rusetze-tendenciebi-da-saprtxeebi
[2] ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2020 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://bit.ly/2OkMt92
[3] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, https://bit.ly/3aW2ZE7
[4] ოფშორები და საქართველო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, https://bit.ly/3bqAo8V
[5] ვიზიტორს და ტურისტს შორის პირობითი სხვაობაა. უცხო ქვეყნიდან შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვიზიტორები არიან, მაგრამ მას, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტს გაატარებს, ვიზიტორის სტატუსთან ერთად ტურისტის სტატუსიც ენიჭება.
[6] საქართველოში ქვეყნების მიხედვით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა არ კეთდება, მაგრამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით ცნობილია, რომ 2019 წელს ერთმა რუსმა ტურისტმა საქართველოში საშუალოდ 1,282 ლარი დახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს რუსი ტურისტებისგან საქართველომ დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი მიიღო (საქართველოს მშპ-ს მიმართ 4%).