ENG

ნაციონალური მოძრაობის უკანონო შემოწირულებები

21 აგვისტო, 2012

2012 წლის 19 აგვისტოს ტელეკომპანია მე-9 არხის ეთერში გავიდა „ბი-ტი-ვი სტუდიოს“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით „ნაციონალური შემომწირველები და თვალებახვეული თემიდა“. ფილმში მოყვანილი მასალი ირკვევა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 27 შემომწირველი ფიზიკური პირი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია დარეგისტრირებული და სახელმწიფოსგან 30 ლარიან დახმარებას ითხოვს. აღნიშნულმა პირებმა 651 440 ლარის შემოწირულება განახორციელეს. ასევე ფილმში მოყვანილი ფაქტების თანახმად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 283 956 ლარი შესწირა შვიდმა პირმა, რომელთა ქონება დაყადაღებული იყო.

ეს და სიუჟეტში გასული სხვა კადრები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს კანონის გვერდის ავლით უკანონო შემოწირულების განხორციელებას, რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის დარღვევას წარმოადგენს.

კერძოდ, შესაძლებელია დაირღვა:

  • 261-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვრცელდება ნებისმიერ ქმედებაზე და პირზე, რომლის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისათვის თავის არიდება;
  • 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება ან კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის სხვაგვარად გვერდის ავლა.

მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაიწყოს მოკვლევა სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების თაობაზე და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო
elections