ENG

მუნიციპალიტეტების 2015 წლის ტენდერების შედეგები

26 იანვარი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების შესყიდვების მონიტორინგს განაგრძობს. ამჯერად, 2015 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტების1 მიერ ორგანიზებული ტენდერების ზოგადი ტენდენციები შევისწავლეთ.

2015 წელს საქართველოს მასშტაბით მოქმედ 72 მუნიციპალიტეტსა და კვლევის ფარგლებში შესწავლილ მათ დაქვემდებარებულ უწყებებში 10 776 ტენდერი გამოცხადდა, რომელთაგან  7 674 (71,2%) შემთხვევაში ტენდერი შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის შეთანხმების დადებით დასრულდა, 2 090 (19%) ტენდერი არ შედგა2, 402 (3,7%) უარყოფითი შედეგით დასრულდა3, 355 (3,3%) შეწყდა4, ხოლო 255 (2,3%) საკვლევ პერიოდში არ დასრულებულა. შესაბამისად, ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ტენდერების 71.2% წარმატებით დასრულდა, 2.3% საკვლევ პერიოდში (2015 წლის მანძილზე) არ დასრულებულა, 26.5%-ის შემთხვევაში კი ტენდერი სხვადასხვა მიზეზით არ შედგა, შეწყდა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა.

2015 წელს გამოცხადებული ტენდერების რაოდენობით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მერიები, ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია ლიდერობენ. თბილისის მერიამ 2015 წელს 657 ტენდერი გამოაცხადა, რომელთაგან 69.6% ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. ქუთაისის მერიაში ანალოგიური მონაცემი 73.4%-ს შეადგენს, ხოლო ბათუმის მერიის შემთხვევაში გამოცხადებული ტენდერების 79.2% ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 385 ტენდერი გამოაცხადა, ხელშეკრულების დადების მაჩვენებელმა კი, 79% შეადგინა. რაც შეეხება თბილისის სატრანსპროტო კომპანიას, გამოცხადებული 373 ტენდერიდან ხელშეკრულების გაფორმების მაჩვენებელი 59.3%-ს შეადგენს.

არ შედგა/დასრულდა უარყოფითი შედეგით/შეწყვეტილი ტენდერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თიღვის (56.2%), მცხეთის  (53.42%) დუშეთის (49.42%), სენაკისა და (47.42%), თეთრიწყაროს (47.42%) მუნიციპალიტეტებს აქვთ.

ხელშეკრულების გაფორმების მხრივ კი, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ახალგორის (100 %), წალკის (92.31%), ახალქალაქისა (89.58%) და ამბროლაურის (89.55%) მუნიციპალიტეტებში იკვეთება.

ტენდერების ჩატარების მიხედვით მუნიციპალიტეტების სრული სია იხილეთ ბმულზე

დიაგრამა #1

დიაგრამა #2

_______________________________________________

1 თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში თბილისის მერიასთან ერთად კვლევის ფარგლებში შესწავლილია რაიონული გამგეობების და მერიას დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და  მერიის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნეუბლი შპს-ების შესყიდვებიც; 

2 არ შედგა  – სტატუსი, რომელიც ტენდერს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მას შემდეგ, რაც ტენდერის წინადადებების მიღება დასრულდა და არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში;

3 უარყოფითი შედეგით დასრულდა - სტატუსი, რომელიც ტენდერს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არებობის შემთხვევაში), რითაც დასტურდება, რომ ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა;
4 შეწყდა - სტატუსი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ტენდერს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა ხელშეკრულების დადების შემდეგ;
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“