ENG

მუნიციპალური SMS-ები მმართველი პარტიის სამსახურში

22 სექტემბერი, 2016

ბოლო პერიოდში საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (sms) და ელექტრონული ფოსტის სერვისით, აქტიურად უგზავნიან ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე მოქალაქეებს მსგავსი შეტყობინებები მიუვიდათ ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისის, ხაშურის, წყალტუბოს,  მარტვილის, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ქედის, ფოთის, სენაკის ახალციხის მცხოვრებლებს. ამასთან, ქალაქ ზუგდიდის მერიამ გამოსცა სპეციალური გაზეთი „მერია News”, რომლის მიზანია, ამომრჩევლებს თვითმმართველობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოების (განახლებული მინისტადიონების მშენებლობაზე, ნიჭიერ სტუდენტთა დაფინანსებაზე, კომუნალური მოსაკრებლების განაწილებასა და სხვა მომსახურების დანერგვაზე) დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. გაზეთის გამოსაცემად ქალაქ ზუგდიდის მერიამ 27.06.2016 წელს ტენდერი გამოაცხადა, ხელშეკრულება გამომცემლობა „კოლორთან” გაფორმდა, რომლის ღირებულება იყო 8 886 ლარი.

მისასალმებელია, რომ მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალება აირჩიეს, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი გააქტიურება რამდენიმე მიმართულებით კითხვებს აჩენს.

განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი, შეიძლება აღქმული იქნას, როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა; მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს, მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მსგავსი სერვისის გამოყენება მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს დაიწყეს.

კითხვის ნიშნებს იწვევს თავად ამ შეტყობინების მიმღებთა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობაც: მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს:

  • მუნიციპალიტეტებს - არ გამოიყენონ მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების პირადი მონაცემები იმგვარად, რომ ამან შეიძლება გააჩინოს ეჭვები საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პერსონალური მონაცემების დაუცველობასთან დაკავშირებით;

  • პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, გამოიკვლიოს, როგორ მოიპოვეს მუნიციპალიტეტებმა, მოქალაქეთა სახელზე რეგისტრირებული სატელეფონო ნომრები

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“