ENG

მოსახლეობა მედიისგან სოციალური პრობლემების გაშუქებას ელის

01 ივლისი, 2015

 

უახლესი გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობა ჟურნალისტების უმნიშვნელოვანეს როლს სოციალური პრობლემების გაშუქებაში ხედავს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2015 წლის 28 აპრილი-6 მაისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 3.7%-ია.

სოციალური პრობლემების გაშუქება ჟურნალისტების მთავარ დანიშნულებად 2013 წელთან შედარებით 11%-ით მეტ რესპონდენტს მიაჩნია (67%). მოსახლეობის მხრიდან სოციალური საკითხების გაშუქებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მინიჭება, შეიძლება ლარის კურსის მკვეთრი ცვლილებით და ამ პროცესის პარალელურად ეკონომიკური საკითხების აქტუალურობით აიხსნას.

2013 წელს ჩვენ მიერ CRRC-ისთვის დაკვეთილ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, 7%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების წილიც, ვინც თვლის, რომ ჟურნალისტები მოსახლეობას ინფორმაციას მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ უნდა აწვდიდნენ.

თუმცა იმ ადამიანების რიცხვი (16%), რომლებიც ჟურნალისტების მოვალეობად მთავრობის კრიტიკას თვლიან, თითქმის არ შეცვლილა. კვლავ ძალიან დაბალია და 3%-ს არ ცდება გამოკითხულთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ ჟურნალისტები ხელისუფლების ინტერესს უნდა ემსახურებოდნენ.

თუ საზოგადოების სოციალური პრობლემებით დაინტერესება აშკარაა, კვლევა აჩვენებს, რომ 10%-ით შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების მიერ გარიყული ან უგულვებელყოფილი ადამიანების პრობლემების გაშუქება. 2013 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, შემცირებულია მათი რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ჟურნალისტები სოციალურ უთანასწორობას უნდა აშუქებდნენ.

2013 წელთან შედარებით უფრო მეტი ადამიანი თვლის, რომ პოლიტიკა გავლენას ახდენს მედიის საქმიანობაზე. გამოკითხულთა 51% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიტიკა განსაზღვრავს იმას, თუ რა და როგორ შუქდება დღეს მედიაში. პარალელურად, შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ პოლიტიკოსებს თამაშის წესებს მედია კარნახობს. ასეთი ტენდენციის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ 2013 და 2014 წლები საქართველოში საარჩევნო წლები იყო და პოლიტიკური თემების გაშუქება მედიაში ყველაზე დიდ დროს და ადგილს იკავებდა.

მედიის კვლევებმა აჩვენა, რომ საარჩევნო საკითხების გაშუქებისას, პოლიტიკური ბალანსის დარღვევის შიშით, ხშირად ჟურნალისტები სხვადასხვა თემის სიღრმისეულ გაშუქებას თავს არიდებდნენ და საკითხების შესახებ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების წარმოჩენით შემოიფარგლებოდნენ. ამ ტენდენციას შეიძლება დავუკავშიროთ იმ რესპონდენტთა წილის გაზრდა 8%-ით (24%-დან 32%-მდე), რომლებიც თვლიან, რომ ჟურნალისტები ახალ ამბებს ზედაპირულად აშუქებენ.

2013 წელთან შედარებით 8%-ით (43%-დან 51%-მდე) გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებიც თვლიან, რომ ჟურნალისტები მედიის მფლობელების ინტერესებს ემსახურებიან. ეს ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კონტექსტში, როცა 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების მედია მონიტორინგს განსაკუთრებული დარღვევები მედიის მხრიდან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ არ დაუფიქსირებია. არ დაფიქსირებულა არც მედიის მფლობელების მხრიდან ჟურნალისტებზე საარჩევნო საკითხების გაშუქებისას ზეწოლის ფაქტები. თუმცა თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ მედიის მფლობელების გადაწყვეტილებით საკადრო ცვლილებები მოხდა ტელეკომპანია „იმედისა“ და „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურებში. ჟურნალისტებსა და მედიის მფლობელებს შორის დაპირისპირება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანია „მაესტროში“ მომხდარი საკადრო ცვლილებების გამო. 2014 წლის ზაფხულიდან ტელეკომპანია ერთმანეთის მიყოლებით დატოვა რამდენიმე წამყვანმა ჟურნალისტმა, რასაც 2014 წლის ოქტომბერში ტელეკომპანიიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო ჟიჟილაშვილის გათავისუფლება და საინფორმაციო სამსახურის ოცამდე თანამშრომლის წამოსვლაც მოჰყვა. ჟურნალისტებმა „მაესტროს“ დატოვების გადაწყვეტილება არხის მფლობელების მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობით ახსნეს.

პარალელურად რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, გაზრდილია ჟურნალისტების მიმართ მოსახლეობის პოზიტიური განწყობებიც: 2013 წელთან შედარებით 37%-დან 41%-მდე გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ქართველი ჟურნალისტების პროფესიული მომზადების დონე მაღალია. უფრო მნიშვნელოვნად, 11%-ით (23%-დან 34%-მდე) კი მათი რიცხვი გაიზარდა, ვინც თვლის, რომ ჟურნალისტები მოსახლეობის, რესპონდენტთა მსგავსი ადამიანების ინტერესებს გამოხატავენ. 

ინტერნეტი და ტელევიზია

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 4%-ით გაიზარდა ინტერნეტის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი, დღემდე მოსახლეობის 46% ინტერნეტს არასდროს იყენებს.

საქართველოში ინტერნეტი მის მომხმარებლებს ყველაზე ხშირად სოციალური ქსელებისთვის (75%) და ინფორმაციის მოძიებისთვის (41%) სჭირდებათ. თუმცა სატელევიზიო სიგნალს ინტერნეტის საშუალებით მხოლოდ 4% იღებს.

სატელევიზიო სიგნალის მისაღებად 38%-ს აქვს სატელიტური თეფში, ხოლო მოსახლეობის 25% საკაბელო მაუწყებლობით სარგებლობს. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევები აჩვენებს, ტელევიზია დღემდე რჩება ინფორმაციის მთავარ წყაროდ მოსახლეობის უმრავლესობისთვის (87%).

გამოკითხულთა 32% სატელევიზიო სიგნალს ანტენით იღებს. მოსახლეობის ამ ნაწილს პირველ რიგში შეეხება ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 90% ინფორმირებულია ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ, მათი 49% ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“