კორუფციის რისკები შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კვლევას.
2016 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, განსხვავებით, საერთაშორისო, საუკეთესო მოდელებისგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ნაკლოვანია სახელმწიფო საწარმოებში კორუფციული რისკების, ნეპოტიზმის პრევენციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.
კერძოდ, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებად შეიძლება მივიჩნიოთ მათ საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა, მაღალ და საშუალო დონეებზე მმართველების დანიშვნისა და გათავისუფლების ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე პროცესი. ასევე პრობლემურია მოქმედი ხელისუფლების ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასაქმების პრაქტიკა. საერთო ჯამში, მართვის არაეფექტიანი სისტემა და კორუფციის პრევენციის სუსტი შიდა და გარე მექანიზმები მაღალ კორუფციულ რისკებს წარმოშობს სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის პროცესში.
ამ მხრივ გამონაკლისი არაა არც 100% სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.” ამ კომპანიის მიმართ ინტერესს ამწვავებს ის გარემოებაც, რომ მასთან ბოლო პერიოდში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კორუფციული დანაშაულია დაკავშირებული, რომელიც კომპანიის კუთვნილი 2 მლნ ლარზე მეტი თანხის მითვისებას ეხებოდა.