„ქართული ოცნების“ მიერ აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობის ქრონოლოგია
მმართველი პარტიის მხრიდან აჭარის ტელევიზიაზე ზეგავლენის მოპოვების აქტიური მცდელობა 2019 წლის აპრილში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის, დაუსაბუთელი იმპიჩმენტით დაიწყო. თავად იმპიჩმენტი იმ ფონზე განხორციელდა, როდესაც კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, მაუწყებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, პოლარიზებულ მედიაგარემოში დაბალანსებულობითა და მიუკერძოებლობით გამოირჩეოდა. ამის შემდეგ კი ხელისუფლების მხრიდან მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა აჭარის ტელევიზიაზე ზეგავლენის საბოლოოდ მოსაპოვებლად.
01.11.2018 - აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად „ქართულის ოცნების“ კვოტით გიგა ჩხარტიშვილი აირჩია.
11.04.2019 - საბჭოს წევრებმა გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტი მოითხოვეს. ძირითადი მიზეზი პრიორიტეტების შეუსრულებლობა, რეიტინგის ვარდნა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა იყო. ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს. განცხადებები გაავრცელეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც.
19.04.2019 - მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მისი პირველი მოადგილე ნათია ზოიძე გახდა.
25.04.2019 - მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე პირველი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში, ამჟამინდელი დირექტორი, გიორგი კოხრეიძეც, მონაწილეობდა. თუმცა, კონკურსი ჩაიშალა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ კოხრეიძეს საბჭოს ძველი შემადგენლობიდან არც ერთმა წევრმა ხმა არ მისცა.
30.04.2019 - ნათია კაპანაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, სასამართლო სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა. გარდა ამისა, კაპანაძე დირექტორის შესარჩევი კონკურსის და ასევე, სასამართლო დავის დასრულებამდე მრჩეველთა საბჭოს მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების აქტის შეჩერებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
03.06.2019 - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ზოიძემ, რომელიც დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მას შემოუთვალეს, დირექტორობის კონკურსში მონაწილეობა არ მიეღო. „უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების თანამზრახველობა, რადგან ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა“, - განაცხადა ნათია ზოიძემ.
03.06.2019 - მრჩეველთა საბჭომ ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი მეორედ გამოაცხადა. ამ კონკურსში გიორგი კოხრეიძე კვლავ მონაწილეობდა - მას ამჯერადაც არც ერთი ხმა არ მიუღია. დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს.
15.07.2019 - მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ ახალი კონკურსი კვლავ გამოაცხადა. გიორგი კოხრეიძე კონკურსში მესამედაც მონაწილეობდა და მოულოდნელად 2 ხმა მიიღო. იმისათვის, რომ კონკურსანტი დირექტორად აერჩით, საჭირო იყო მრჩეველთა საბჭოს მინიმუმ 3 წევრის თანხმობა. გაიმართა მეორე ტური, თუმცა, ხმები გაიყო და კონკურსი კიდევ ერთხელ ჩაიშალა.
17.07.2019 - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება ღიად გამოთქვა. ამის შემდეგ კი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიც გააქტიურდნენ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტელევიზიის წამყვანს „დაოკებისკენ“ მოუწოდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს აკრედიტაციის შეჩერებით დაემუქრა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტი ოპოზიციური პარტიის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
25.08.2019 - დირექტორობის შესარჩევი კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა.
24.09.3019 - კონკურსის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, სასამართლოს სადაო განჩინების საფუძველზე, მრჩეველთა საბჭომ დირექტორობის კონკურსი შეაჩერა. სასამართლოში სარჩელი გიორგი კოხრეიძემ შეიტანა, სადაც დაობდა, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორობის მესამე კონკურსში გაიმარჯვა და ტელევიზიის დირექტორი თვითონ უნდა ყოფილიყო. ამ საქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კი აჭარის მრჩეველთა საბჭოს მიერ მეოთხედ გამოცხადებული კონკურსის შეჩერება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
კოხრეიძის მტკიცებით, დირექტორობის შესარჩევ კონკურსს მრჩეველთა საბჭოს 3 წევრი ესწრებოდა, აქედან 2-მა ხმა კოხრეიძეს მისცა, შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით დირექტორი თვითონ გახდა. რეალურად კი გასაუბრებაში მეოთხე წევრიც მონაწილეობდა. მან უბრალოდ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
27.09.2019 - აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე და ჟურნალისტების ნაწილი არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ. მათ გამოთქვეს შიში, რომ ხელისუფლებამ სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენა. კერძოდ, მმართველ პარტიას სურდა დირექტორობის კონკურსის შეჩერებით დრო მოეგო, რათა ძველ მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილების ვადა გასვლოდა და დირექტორი ხელისუფლებისადმი ლოიალური კადრებით დაკომპლექტებულ ახალ შემადგენლობას აერჩია.
30.09.3019 - აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილმა სპეციალური განცხადება გააკეთა სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილების საფრთხის გამო: „გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს“.
25.10.2019 - აჭარის უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია. საბოლოო ჯამში, მრჩეველთა საბჭოში მოქმედი ოთხი წევრიდან სამი „ქართული ოცნების“ კვოტითაა არჩეული.
მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატების შერჩევის, დასახელების და ზოგადად, კვოტირების პრინციპის განმარტებასთან დაკავშირებული საკითხები მკვეთრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი კანდიდატი ბოიკოტის ნიშნად არ დაასახელა და ამ კვოტაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდა.
18.11.2019 - სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეჩერდა. შესაბამისად, კონკურსი განახლდა.
20.11.2019 - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კოხრეიძის საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში იყო, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მესამე კონკურსში გაიმარჯვა, მან აჭარის ტელევიზიის დირექტორობისთვის გამოცხადებულ მეოთხე კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა.
22.11.2019 - გიორგი კოხრეიძემ პირველ ტურში - 2, ხოლო მეორე ტურში 3 ხმა დააგროვა და საბოლოო ჯამში, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გახდა.
22.11.2019 - დირექტორად არჩევის პირველივე დღეს გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს კრიტიკული ტონი დაუწუნა და განაცხადა, რომ „სტუმარი არ უნდა გააღიზიანო, უნდა გააკრიტიკო როგორც ძმა და შვილი“. მისივე თქმით, აჭარის ტელევიზიაში საჯარო მოხელეების არმისვლის მიზეზი თავად ტელევიზიაა.
22.11.2019 - გიორგი კოხრეიძემ ღიად, სატელევიზიო ეთერში ნათია ზოიძის დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციიდან წასვლის აუცილებლობის მინიშნება გააკეთა. ამას, საპასუხოდ, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ნაწილის განცხადება მოჰყვა, სადაც მათ ზოიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო ახალი დირექტორის დანიშვნა, არხის სარედაქციო პოლიტიკის პრო-სახელისუფლებოდ შეცვლის მცდელობად შეაფასეს.
25.11.2019 - აჭარის ტელევიზიის კონსულტანტებმა მარინა ვაშაყმაძემ და ზვიად ქორიძემ ახალი დირექტორის არჩევის გამო პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვეს. ორივე მათგანი მაუწყებელში ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის დროს დასაქმდა.
30.11.2019 - ნათია ზოიძის თქმით, ახალადდანიშნული დირექტორი სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა, თუ სარედაქციო პოლიტიკას არ ჩამოშორდებოდა.
02.12.2019 - ნათია ზოიძის მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრისთვის საარქივო მასალის უსასყიდლო გადაცემის შესაძლო ფაქტის შესახებ შიდა მოკვლევა დაიწყო.
03.12.2019 - გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდმა განცხადება გაავრცელა. ისინი დირექტორის კრიტიკას გამოეხმაურნენ, რომელმაც „ჰეშთეგი“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ჟურნალისტებმა დირექტორს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში დასდეს ბრალი და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
04.12.2019 - აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილმა აქცია გამართა ტრასპარანტებით: „დაგვთვალე“, „ნუ ჩაერევი“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“. მათ გიორგი კოხრეიძეს მიმართეს, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია.
5.12.2019 - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებსა და დირექტორს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ თანამშრომლებსა და დირექტორს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ასევე, აღნიშნა, რომ მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების წესი შესაცვლელია.
23.12.2019 - პოლიციამ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე, გამოკითხა. საქმე მის მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივარს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ახალი დირექტორი - გიორგი კოხრეიძე, მას სატელეფონო საუბრის გასაჯაროებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სარედაქციო პოლიტიკას არ ჩამოშორდებოდა. ამასთან, ტელევიზიის დირექტორმა ზოიძე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.
23.12.2019 - პოლიციის სამმართველოდან დაბრუნებულ ნათია ზოიძეს დირექტორმა ახალი ბრძანება დაახვედრა, რომლის მიხედვითაც, მისი შრომითი ხელშეკრულება შეიცვალა და სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება, პროგრამული პრიორიტეტების შესრულების უზრუნველყოფა და სამსახურებრივი საქმიანობის კონტროლის ფუნქცია ჩამოერთვა. შედეგად, მას მხოლოდ „პერიოდული ანალიზი და ანგარიშების შედგენა/წარდგენის“ ვალდებულება დარჩა.
01.01.2020 - ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს, ნათია შავაძეს, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
08.01.2020 - აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ნათია ზოიძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება შეწყვიტა.
28.01.2020 - აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა საკუთარი უფლებების დასაცავად ალტერნატიული პროფკავშირი დააარსა.
2.02.2020 - ნათია ზოიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეცვლამ მიაღებინა. „ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ“ - დაწერა სოციალურ ქსელში ზოიძემ.
05.02.2020 - ნათია ზოიძის ტელევიზიიდან წასვლა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.
14.02.2020 - დაიწყო დისციპლინური წარმოება საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგ. საკითხი ეხებოდა მაუწყებლის ეთერში 1 წლის წინ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით გაკეთებულ გადაცემას.
16-17.02.2020 - საქართველოს რამდენიმე ქალაქში, კერძოდ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გიორგი კოხრეიძის მხრიდან არასასურველი კადრების დევნასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე გაამახვილეს ყურადღება.
17.02.2020 - „აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“ - 8 პოლიტიკურმა პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებასა“ და ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს დააკისრეს.
19.02.2020 - საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც შეშფოთება გამოთქვა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. მან ასევე, მოუწოდა მრჩეველთა საბჭოს, კრიტიკულად განეხილა მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული საშტატო განრიგი.
21.02.2020 - დახურულ კონკურსზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. ის სხვადასხვა ტელევიზიებში პროდიუსერად და ჟურნალისტად მუშაობდა. ბოლოს სააგენტო „პრაიმტაიმის“ დირექტორი იყო.
22.02.2020 - სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის მიუხედავად, რომ კრიტიკულად განეხილათ აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული საშტატო ცვლილებები, მრჩეველთა საბჭომ მაინც დაუჭირა მხარი მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებულ საშტატო განრიგს. ახალი ცვლილებებით, მაუწყებლის სამსახურების უფროსების მოადგილეების პოზიცია გაუქმდა. მათ შორის, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძისაც, რომელიც ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა.
24.02.2020 - ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს, რომელიც ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას რედაქტორობდა, ნინო ხაჟომია ჩაანაცვლებდა. ხაჟომია წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ზე“ გადაცემა „60 წუთში“ მუშაობდა, შემდეგ „რეალ ტვ“-ში, 2018 წლიდან კი აწ უკვე დახურულ ტელეკომპანია „იბერიაში“ დილის გადაცემის წამყვანი იყო.
მაია მერკვილაძე სანაცვლოდ შეთავაზებულ თოქშოუს პროდიუსერობას და რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორობას დათანხმდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობა დაასახელა.
24.02.2020 - მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილმა, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესების გამო, კოლექტიური გაფიცვისთვის დაიწყეს მზადება.
25.02.2020 - ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ. „აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის“ - დაწერა მან წერილში, რომელიც დირექტორს გაუგზავნა.
28.02.2020 - ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს შორენა ღლონტი. მისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ მოკვლევის დასრულების შემდეგ ის ვეღარ დარჩება ამ პოზიციაზე და სხვა თანამდებობაზე გადაინიშნება.
28.02.2020 - დანიშვნიდან 4 დღეში, მთავარი საინფორმაციო გამოშვების უფროსმა, ნინო ხაჟომიამ, პირადი განცხადების საფუძველზე, დაკავებული პოზიცია დატოვა, თუმცა, ტელევიზიაში მუშაობა გააგრძელა.
28.02.2020 - ჟურნალისტების ნაწილმა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ბოლოს, პირდაპირ ეთერში, ერთწუთიანი დუმილით ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ პროტესტი გამოხატა.
„ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ღია მცდელობა, ღია შტურმი მიმდინარეობს, ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით, აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან, ამ ყველაფერში კი, რა თქმა უნდა, ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი, „ქართული ოცნების“ კვოტით დაკომპლექტებული“ - განაცხადა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.
4.03.2020 - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე წარადგინა, რომელიც მანამდე საინფორმაციო გამოშვების შაბათ-კვირის წამყვანი იყო და არ ჰქონია მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება. სოციალური ქსელში მისი ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებები იძებნება.
5.03.2020 - ევროპის საბჭოს მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის ონლაინ პლატფორმაზე სპეციალური შეტყობინება გამოქვეყნდა, სათაურით - „აჭარის ტელევიზიაში რამდენიმე ჟურნალისტი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს“. აღნიშნული შეტყობინება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართვის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Sans Frontières – RSF) გამოაქვეყნა.
6.03.2020 - გიორგი კოხრეიძემ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანი - თეონა ბაკურიძე, ეთერიდან მოხსნა და უფლებამოსილება დროებით შეუჩერა. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძეს, არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება, „ახდენდა ზეწოლას ფსიქოლოგიურად და აიძულებდა აბაზაძეს, განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია“.
მოგვიანებით მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნაზიბროლა ქობულაძე გახდა, რომელიც ტელევიზიაში აჭარის საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გადავიდა, მანამდე კი ტვ 25-ზე მუშაობდა.
10.03.2020 - მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰარლემ დეზირმა, განაცხადა, რომ შეშფოთებულია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე ამბებით და „სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის ჩარევის შესახებ ცნობებით“.
13.03.2020 - თეონა ბაკურიძე, დირექტორის ბრძანებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. „თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას“ - მითითებულია ბრძანებაში.
17.03.2020 - 33-მა ორგანიზაციამ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისთვის მიმართა.
23.03.2020 - დირექტორის ბრძანებით, მაუწყებლის კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. თეონა ხარაბაძე ამბობს, რომ კოხრეიძის გადაწყვეტილების მიზანი საინფორმაციო სამსახურიდან მისი ჩამოშორება იყო.
25.03.2020 - ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისა და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ჟურნალისტებმა დაანონსებული გაფიცვა შეაჩერეს.
15.04.2020 - მენეჯმენტმა საინფორმაციო სამსახურის ახალი დებულება მიიღო, რომლის მიხედვით ონლაინ სამსახურს, რომელსაც სოფო ჟღენტი ხელმძღვანელობდა, ახალი ამბების შექმნის ფუნქცია ჩამოაშორა და ეს მიმართულება ნინო ხაჟომიას ხელმძღვანელობის ქვეშ გადაიტანა. ჟღენტმა აღნიშნა, რომ ცვლილება კონკრეტული ადამიანების „მოშორებას“ ისახავდა მიზნად.
16.04.2020 - ვახო ხუზმიაშვილი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა. კონკურსში მხოლოდ ის მონაწილეობდა.
21.04.2020 - დირექტორმა საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა თურმანიძე, „ფეისბუკის“ სტატუსის გამო, ეთერიდან დროებით მოხსნა. ბრძანების მიხედვით, სტატუსები „მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ“ იყო მიმართული. მოგვიანებით, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მას ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეეზღუდა, თუმცა სანაცვლოდ ანალიტიკურ გადაცემაში პროდიუსერობა ან რადიოში მუშაობის შეთავაზება მიიღო, რასაც დათანხმდა.
27.04.2020 - სახალხო დამცველმა შეისწავლა შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძის და თეონა ბაკურიძის შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის საქმეები და დაასკვნა, რომ ამ პირთა დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება/გადაყვანა საქართველოს შრომის კოდექსისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა. შესაბამისად, მიმართა დირექტორს, ბათილად ეცნო მათი გათავისუფლების/გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანებები და უზრუნველყო შრომითი უფლებების აღდგენა.
3.05.2020 - აჭარის ტელევიზიას მხარდაჭერა გამოუცხადა 20-მდე მაუწყებელმა, რომლებმაც 1 წუთის განმავლობაში მაუწყებლობა შეაჩერა წარწერით - „სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“, ხოლო 13 მაისს 35-მდე რადიო და ონლაინ მედიასაშუალებამ იმავე წარწერით შეცვალა სოციალურ ქსელებში მთავარი ფოტო, 21 მაისს კი ამ განგრძობად აქციაში ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის სხვა გულშემატკივრები ჩაერთვნენ. აქციას არ შეერთებიან ტელეკომპანია „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაესტრო“. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მხოლოდ ონლაინ მედიის სოლიდარობის აქციას შეუერთდა.
11.05.2020 - დირექტორმა სამსახურიდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე - მალხაზ რეხვიაშვილი, გაათავისუფლა. როგორც თავად აღნიშნა, მისი გათავისუფლების მიზეზი სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსები იყო, რაც მენეჯმენტმა ტელევიზიის დისკრედიტაციად შეაფასა და ვინაიდან რეხვიშვილმა მათი შინაარსი არ უარყო, სამსახურიდან გაუშვეს.
14.05.2020 - საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოეხმაურა მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას და მმართველ პარტიას ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეჩერებისკენ მოუწოდა .
29.05.2020 - აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ, ტელევიზიის შენობასთან კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო.
3.06.2020 - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე, დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს, თუმცა, ამისთვის ორი წევრის მოთხოვნაა საჭირო. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ შერჩეულმა მრჩეველთა საბჭოს მეორე წევრმა - თამარ წილოსანმა, განაცხადა, რომ 8 ივნისს თვითონაც შეიტანდა მსგავსს მოთხოვნას, თუმცა, პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.
მრჩეველთა საბჭოში სულ 5 წევრია. აქედან 2 - ოპოზიციის, 3 კი „ქართული ოცნების“ ფრაქციების კვოტითაა შერჩეული.
10.06.2020 - ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლების სახელით გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა და ახალი ამბების ჟურნალისტები თავისუფალ გარემოში მუშაობენ.
განცხადების გავრცელების შემდეგ, ახალი ამბების რამდენიმე ჟურნალისტი ამ განცხადებას გაემიჯნა და თქვეს, რომ მის შესახებ გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს.
10.06.2020 - აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა მალხაზ რეხვიაშვილმა სასამართლოს მიმართა. ის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ ეს მეათე სარჩელია. ჟურნალისტების დევნისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო ჟურნალისტების ნაწილმა გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ პროკურატურასაც მიმართა.
12.06.2020 - მე-15 დღეს ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა. მისი მოთხოვნა არ შესრულებულა.