ENG

GNCC დასაქმების ბუნდოვანი პოლიტიკის პერსპექტივით

10 ივლისი, 2017

30  ივნისს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი “ეროვნული მარეგულირებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) დასაქმების პოლიტიკას ბუნდოვანს და გაუმჭვირვალეს ხდის.

ცვლილებების მიხედვით, კომისიაზე აღარ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ზოგიერთი ნაწილი. კერძოდ, მარეგულირებელი ორგანო თვითონ განსაზღვრავს:

  • აპარატის სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და აპარატში დასაქმებულთა გასამრჯელოს;

  • აპარატში პირის დასაქმებისათვის ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

  • ორგანოს აპარატში პირთა შერჩევას, დანიშვნას, დაწინაურებას, გადაყვანასა და გათავისუფლებას;

  • ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებას; ასევე, კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, საკონკურსო კომისიის ფორმირებისა და საქმიანობის წესს;

  • მარეგულირებელი ორგანოს მიერ აპარატში დასაქმებულის დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესს;

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელზე აღარ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ კანონით” დადგენილი ხელფასების მარჟა და თვითონ დაადგენს აპარატის თანამშრომლების ხელფასს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ემხრობა საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის კონკურენტული ანაზღაურების არსებობას. თუმცა,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ წარმოუდგენია საკმარისი დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს კომისიაში დასაქმებულ ადამიანებზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ანაზღაურების ნაწილში. აუცილებელია განიმარტოს რა განსაკუთებული მოვალეობები აკისრიათ კომისიის აპარატის თანამშრომლებს, ან რატომ არის კომისიის აპარატის თანამშრომლებისთვის ინტერესთა კონფლიქტის ისეთი რისკი, რაც არ იქნებოდა რელევანტური სხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულთათვის.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში კანონპროექტის მომზადების მთავარ არგუმენტად წარმოდგენილია მსჯელობა, თითქოს მარეგულირებელ ორგანოზე  “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” გავრცელებით “შეიზღუდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა მისი აპარატის ფორმირების ნაწილში”, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოვა როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ისე ასოცირების ხელშეკრულებასა და ევრო დირექტივებთან.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმების პროცედურების ერთიანი, გამჭვირვალე სტანდარტის შექმნა. რამდენადაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ გულისხმობს არც ერთი ორგანოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას, ან მათზე სამთავრობო ორგანოების გავლენების გაძლიერებას, არამედ განსაზღვრავს კონკურსების ჩატარების ზოგად წესებს და ხელს უწყობს პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, საჯარო სამსახურში გამოცდილებისა და ინსტიტუციური მეხსიერების დაგროვებას. ხოლო კონკურსებს დამოუკიდებლად ატარებს მარეგულირებელი კომისია, შესაბამისად არგუმენტაცია, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების საფუძვლად იყო წარმოდგენილი ბუნდოვანია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება შეეხო მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის აპარატის თანამშრომლებს, რადგან უშუალოდ კომისიის წევრებზე, ანუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე მარეგულირებელ ორგანოში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ისედაც არ ვრცელდება.

საგულისხმოა, რომ გაცილებით ბუნდოვანი იყო კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა ეროვნული მარეგულირებელის აპარატის თანამშრომლების დასაქმებისას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მხოლოდ სამი მუხლის გავრცელებას. ეს მუხლები ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ვალდებულებას მოიცავდა. ამით ეროვნული მარეგულირებელი კომისია ფაქტობრივად მთლიანად გადიოდა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან”. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ჯერ კიდევ ინიციატივის საპარლამენტო განხილვის პერიოდში გაუგზავნა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს შენიშვნები და მოსაზრებები აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ის შენიშვნები, რომელიც საპროცედურო კომიტეტის შენიშვნებს დაემთხვა, პარლამენტმა გაითვალისწინა, ხოლო დანარჩენი კი - არა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაქმების გაუმჭვირვალე პოლიტიკის, რეორგანიზაციის გაწელილი პროცესის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტების ფონზე, რომლებზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც წერდა, მიგვაჩნია, რომ ამ ცვლილებებით გაიზრდება კომისიაში დასაქმების ბუნდოვანი პრაქტიკის დანერგვის ალბათობა, საფრთხე შეექმნება მარეგულირებელში დასაქმების პროცესის საჯაროობას და გაიზრდება ნეპოტიზმის რისკი.

საბოლოო ჯამში, კანონში შეტანილი ცვლილებები არასწორ პრეცედენტს ამკვიდრებს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის მოქმედების სფეროდან მარეგულირებლის აპარატის ამ არგუმენტაციით გასვლამ, შესაძლოა წააქეზოს სხვა საჯარო უწყებები, რომ იგივე ინიციატივით მიმართონ პარლამენტს, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპს. საჯარო სამსახურის პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და არ ეფუძნებოდეს ცალკეული ორგანიზაციების ინიციატივებს.