განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (12:00-16:00)
ჩვენი დაკვირვებით ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მიერ დაიწერა 9 საჩივარი. 12:00 საათის შემდეგ სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
-
ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე მოხდა ფიზიკური დაპირისპერება. ცნობისათვის ეს ის უბანია, რომელიც 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყო უბანზე მიტანილი;
-
ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე 12:00 საათზე არ დაითვალეს გაცემული ბიულეტენების რაოდენობა და არ შეავსეს სადემონსტრაციო ოქმი;
-
ლაგოდეხის 26.15 ოლქის მე-4 უბანზე აღმოჩნდა დუშეთის ოლქის მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტების გარკვეული რაოდენობა, რომელთა მეშვეობითაც რამდენიმე ამომრჩეველმა მისცა ხმა;
-
საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე, 39-ე, 44-ე და 48-ე უბნებზე კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცედურული შეფერხებებით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციითა და ქართული ენის არცოდნით, რაც დაძაბულობას ზრდის უბნებზე;
-
ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ძალის გამოყენებით წაართვა ბიულეტენი, შემოხაზა სასურველი ნომერი და ცდილობდა ყუთში ჩაგდებას, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა;
-
ქარელის 40.33 ოლქის 36-ე უბნის, ასევე, ბათუმის 69.79 ოლქის მე-8 უბანზე ამომრჩეველმა ერთზე მეტი კონვერტით მისცა ხმა;
-
ქარელის 40.33 ოლქის 23-ე უბანზე კომისიამ ერთ ამომრჩეველს მარკირების გარეშე მიაცემინა ხმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს 20:30-ზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 9 ოქტომბერს 12:00-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც.