განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-12:00) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-12:00)

08 ოქტომბერი, 2016

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ, ჩვენი დაკვირვებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა.

ამ დროისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენ მიერ დაიწერა 5 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

  • ზუგდიდის ორივე ოლქში
  • ნაძალადევში (17.18-ის ოლქის მე-40 და 17.09 30-ე)
  • ბათუმში (68.79-ის მე-4 უბანზე)
  • ჩხოროწყუში (67.69-ის 27-ე უბანზე)
  • საგარეჯოში (23.11-ის 36-ე უბანი)
  • გურჯაანში (24.12-ის 30-ე უბანი)
  • ახალციხეში (44.37-ის 35-ე უბანი).
● ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანი 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყო უბანზე მიტანილი;
● რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ერთი პარტიის ორი წარმომადგენლის ერთდროული ყოფნა. (ბოლნისში, ახალქალაქში და ახალციხეში)
● ოთხ უბანზე (ბათუმი 69.73 ოლქის მე-8 უბანი, კრწანისი 07.04 ოლქის მე-18 უბანზე, ქუთაისი 49.48 ოლქის 55-ე უბანზე, გორი 41.32 ოლქის 22-ე უბანზე) ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი თავდაპირველად არ შეუშვეს, თუმცა ზემდგომი საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა.
● ხონის 54.55. საარჩევნო ოლქის 28-ე უბანზე ბეჭდების ნომრები არ დაემთხვა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ნომრებს;
● ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე რამდენჯერმე დაფიქსირდა კაბინაში ერთზე მეტი ადამიანის ყოფნა. ასევე, კომისიის თავმჯდომარე ქართული ენის არცოდნის გამო ვერ აფორმებდა საჩივარს. მასიურად ვხვდებით იგივე პრობლემებს ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბევრ უბანზე.
● რუსთავის 30.20. ოლქის 30-ე და მარნეულის 35.22. ოლქის 72-ე უბნებზე რამდენიმე დამკვირვებელს კომისიამ ვადაგასული პირადობის მოწმობის მეშვეობით მიაცემინეს ხმა.
● შიდა ქართლში კომისიის წევრი შეჰყვა ამომრჩეველს კაბინაში და დაეხმარა ხმის მიცემაში (ქარელი 40.33 ოლქის მე-13 უბანი)
 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს კიდევ ორ პრესკონფერენციას გამართავს 16:30-ზე და 20:30-ზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 9 ოქტომბერს 12:00-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც. 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“