განახლებადი ბლოგი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
01:00 - ზუგდიდის 66.67 საარჩევნო ოლქში სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე შეიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც დაამტვრია საარჩევნო ყუთები და დაარბია უბანი. ასევე ქუთაისის 49.59 ოლქის 90-ე უბნის მიმდებარედ მოხდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი.
მარნეულში, კიზილაჯლოს 48-ე უბანზე სიტუაცია დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულია სპეცნაზი და პოლიცია. ჩვენი დამკვირვებელი ადგილზე იმყოფება და არკვევს დეტალებს.
16:20 - მარნეულში, 35.22-ე ოლქის 72-ე უბანზე მოქალაქეს ხმა ვადაგასული პასპორტით მიაცემინეს. ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველი ახალი პასპორტით დაბრუნდა და ამ პასპორტის მონაცემები გაატარეს.
100 წლის ქალბატონი ზუგდიდში ხმის მისაცემად უბანს ეწვია :)
15:30 - ქარელის 40.33 ოლქის 23-ე უბანზე კომისიამ ერთ ამომრჩეველს მარკირების გარეშე მიაცემინა ხმა.
ლაგოდეხის 26.15 ოლქის მე-4 უბანზე აღმოჩნდა დუშეთის ოლქის მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტების გარკვეული რაოდენობა, რომელთა მეშვეობითაც რამდენიმე ამომრჩეველმა მისცა ხმა;
წალენჯიხაში ბებია მეორედ მიბრუნდა არჩევნებზე პირადობის მოწმობის სახლში დარჩენის გამო.
14:30 - ზუგდიდში, 65.67-ე ოლქის მე-18 უბანზე იყო ჩხუბი, რის გამოც საარჩევნო პროცესი დროებით შეჩერდა. ამ დროისთვის პროცესი განახლებულია.
11:35 - მარნეულში, 35.22-ე ოლქის 72-ე უბანზე ხმის მიცემა ვადაგასული პირადობის მოწმობით შეძლეს, რისთვისაც რეგისტრატორს ყურადღება არ მიუქცევია.
10:05 - ახალქალაქში, 46.41-ე ოლქის მე-2 უბანზე მრავალჯერ დაფიქსირდა კაბინაში ერთზე მეტი ადამიანის ყოფნის ფაქტი. იგივე უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხმის მისაცემად მისულ ქალბატონს ძალის გამოყენებით წაართვა ბიულეტენი, შემოხაზა და ცდილობდა ყუთში ჩაგდებას, რაც საბოლოოდ ვერ მოახერხა.
ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეგისტრატორს ყვავილები მიართვა :)
09:10 - ზუგდიდში, ნაძალადევში (17.18.40 და 17.09.30), ბათუმში (68.79.04), ჩხოროწყუში (67.69.27), ფოთში (61.70.11და 61.70.24), შიბლიანში (23.11.36), ბაკურციხეში (24.12.30) და მცხეთაში ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ იღებენ გადასატანი ყუთის გამყოლის წილისყრაში მონაწილეობას.
ცხოველები აქტიურობენ უბნებზე :)
08:46 - ზუგდიდში, მე-18 უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ადგილზე არ იყო მიტანილი ჟურნალები და სხვა ინვენტარი.
ამ ბლოგის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გააშუქებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვან მოვლენებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ twitter-ზე (@TIGeorgiaGeo,@TIGeorgiaEng), #GVote, #არჩევნები, #GVote2016