დევნილთა საცხოვრებელი პირობები სამეგრელოს კომპაქტური განსახლების ობიექტებში
1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაწილი კომპაქტური განსახლების ობიექტებში (ე.წ. კოლექტიურ ცენტრებში) იქნა ჩასახლებული. სახელმწიფოსა და რიგი საერთაშორისო დონორების დაფინანსებით კომპაქტური განსახლების არაერთ ობიექტს ჩაუტარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მიუხედავად ამისა, კოლექტიური ცენტრების მნიშვნელოვან ნაწილში აუცილებელი მინიმალური პირობები დღემდე არ არის შექმნილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაინტერესდა, თუ რა პირობებში უწევთ იძულებით გადაადგილებულ პირებს კომპაქტური განსახლების ობიექტებში ცხოვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტებში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტების იმ ნაწილში არსებული მდგომარეობა, რომელთა რეაბილიტაცია დღემდე არ ჩატარებულა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ამ საკითხზე შემდეგი ინფორმაცია მოიძია:
ზუგდიდი - ე.წ. “ფაიფურის დასახლება”
ძირითადი პრობლემები:
-
ავარიული შენობა
-
ამორტიზებული კედლები, იატაკი და სახურავი
-
დაზიანებული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა
-
ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფიზიკური გარემო
-
სახელმწიფო სერვისებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა
-
უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი
ზუგდიდში, ე.წ. “ფაიფურის დასახლებაში” იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური განსახლების რამდენიმე ობიექტია, სადაც დევნილებთან ერთად რამდენიმე ათეული უსახლკარო ადგილობრივი ცხოვრობს.
დასახლებაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ე.წ. კარავის კოლექტიურ ცენტრშია, რომელიც ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის შენობაშია განთავსებული. ცენტრში ამჟამად 14 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან 7 იძულებით გადაადგილებულია. შენობას რაიმე სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებია, მაცხოვრებელთა უმრავლესობა კი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და მათი ძირითადი შემოსავლის წყარო დევნილთა ან სოციალური დახმარებაა.
შენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ამორტიზებულია სახურავი, წვიმასას წყალი ოთახებში ჩადის. ოთახები თხელი ფიცრით არის გადატიხრული, დაზიანებულია ფანჯრები და იატაკი, არ ფუნქციონირებს კანალიზაცია. ყველა ოჯახი საერთო საპირფარეშოსა და აბაზანას იყენებს. ცენტრს წყალი გრაფიკით, მხოლოდ დილის საათებში მიეწოდება. წყალი ხშირ შემთხვევაში მღვრიეა და სასმელად უვარგისი.
შენობის პირველ სართულზე წვიმის დროს რამდენიმე ოთახი იტბორება. სართულებს შორის გადახურვისათვის გამოყენებული კედელბლოკი პერიოდულად იშლება. რიგ ადგილებში გარე კედლებიც ხისგან არის გაკეთებული. დანესტიანებული ოთახების გათბობას ზამთარში ფაქტობრივად ვერ ხერხდება.
იძულებით გადაადგილებულ პირთა 8 ოჯახი მიმდებარე ორ სართულიან შენობაში ცხოვრობს. მაცხოვრებელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. შენობა 2 წლის წინ გადახურეს, თუმცა აქ არსებული რთული საცხოვრებელი პირობების გამო, რამდენიმე ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ცენტრის მცხოვრებლებს არ აქვთ მიწა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, არც სტაბილური შემოსავალი, გარდა დევნილთა და სოციალური დახმარებისა. სარგებლობენ საერთო სველი წერტილით, რომელიც შენობის მომიჯნავე ეზოშია განთავსებული. მცხოვრებთა განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს საჯარო უწყებებს ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით დღემდე არ გადადგმულა.
შენობას წყალი გრაფიკით დილას და საღამოს, მთლიანობაში 4 საათის განმავლობაში მიეწოდება, თუმცა წყალი დაბინძურებულია, რის გამოც ონკანზე აყენებენ კუსტარულ ფილტრებს, სასმელად კი მხოლოდ გადადუღებულ წყალს იყენებენ.
მწყობრიდან არის გამოსული ეზოში არსებული საკანალიზაციო სისტემა, რაც ანტისანიტარიის მნიშვნელოვანი წყაროა.
იდენტური მდგომარეობაა მიმდებარედ, ყოფილი სტამბის შენობაში განთავსებულ კოლექტიურ ცენტრში, სადაც დევნილთა 30-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან 8 სოციალურად დაუცველია.
შენობის სახურავი მოშლილია, წვიმის დროს წყალი ადვილად აღწევს ოთახებში. კედლები თხელი ფიცრით არის გადატიხრული და თითოეულ ოჯახს საშუალოდ 20-25 კვადრატული მეტრი ფართი აქვს დაკავებული. ყველა ოთახში შესაცვლელია ფანჯრები. ეზოს ცენტრში მობინადრეთა ნაწილს აქვს სამეურნეო მიწა, თუმცა მათი განცხადებით მიწა ქვა-ღორღიანია და შესაბამისად დაბალია მოსავლიანობის დონე. სტამბის შენობაში ჩასახლებული დევნილები ეზოში განთავსებული საერთო აბაზანითა და საპირფარეშოთი სარგებლობენ. წყალი გრაფიკით, დილის საათებში მიეწოდებათ.
ზუგდიდი - ე.წ. “ვექტორის” დასახლება
ძირითადი პრობლემები:
-
ავარიული შენობა
-
ამორტიზებული კედლები, იატაკი და სახურავი
-
დაზიანებული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა
-
საცხოვრებელი ფართების სიმცირე
-
უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი
“ვექტორის დასახლება” ზუგდიდიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საბჭოთა პერიოდში აქ სამხედრო ბაზის განთავსება იყო დაგეგმილი. 90-იანი წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების შემდგომ დაცარიელებული შენობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დაიკავეს. დასახლებაში 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
ყველა საცხოვრებელ კორპუსში იდენტური პრობლემებია. დაზიანებულია სახურავი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. წყალი მხოლოდ რამდენიმე ათეულ ოჯახს მიეწოდება, რადგან წყლით ხუთსართულიანი შენობის მხოლოდ პირველი სამი სართული მარაგდება. დასახლებაში მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა. ფართის სიმცირის გამო ოჯახების ნაწილს სამზარეულო და საპირფარეშო დერეფნებში აქვს მოწყობილი.
მაცხოვრებელთა უმრავლესობა უმუშევარია, მათი ძირითადი შემოსავალი დევნილთა და სოციალური დახმარებაა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მხოლოდ 15-მდე ოჯახს აქვს.
რამდენიმე კორპუსის სახურავი 2006 წელს შეკეთდა ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვებისა” და ეროვნული ფონდი “ერანის” მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით. თუმცა, მაცხოვრებელთა განცხადებით, სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და წვიმის დროს წყალი ადვილად აღწევს ოთახებში; შედეგად მაღალია ნესტის დონე.
დასახლების მიმდებარე 4 ჰექტარზე მდებარეობს ღია ტიპის შენობა, სადაც მომრავლებულია მღრღნელები და ქვეწარმავლები, რაც საფრთხეს უქმნის კოლექტიური ცენტრის მაცხოვრებლებს.
„ვექტორის“ დასახლების მაცხოვრებლები ალტერნატიული ფართის გამოყოფას მოითხოვენ.
წალენჯიხა, ე.წ. “ზღვაიას” დასახლება
ძირითადი პრობლემები:
-
ავარიული შენობა
-
ამორტიზებული კედლები, იატაკი და სახურავი
-
წყალმომარაგების გაუმართავი სისტემა
-
უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი
ზღვაიას დასახლება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საბჭოთა პერიოდში ზღვაია ჩაის ფაბრიკის მუშათა დასახლება იყო. დღეს იქ ადგილობრივებთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა 38 ოჯახი ცხოვრობს.
დასახლებაში იძულებით გადაადგილებული პირები 16 ორ სართულიან სახლში არიან ჩასახლებული, რომელთა ნაწილი ამორტიზებულია და საჭიროებს გარემონტებას. 2013 წელს “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრებით რამდენიმე სახლის სახურავი განახლდა, თუმცა 3 სახლის ხელახალ გადახურვაზე უარი ითქვა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მომენტისათვის თითოეულ მათგანში ერთი ოჯახი მაინც ცხოვრობდა.
მოუწესრიგებელია წყალმომარაგების სისტემა. 2012 წელს მოეწყო ჭაბურღილი, თუმცა წყალი დღემდე არც ერთ კორპუსს არ მიეწოდება. დაზიანებულია წყალსაქაჩი დანადგარი, შედეგად სასმელ წყალში ზეთია გარეული. დასახლებაში დაზიანებულია შიდა გზებიც.
დაბალია დასაქმების დონე. რამდენიმე მაცხოვრებელი სეზონურად თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობს.
წალენჯიხა - ფოცხო-ეწერი
ძირითადი პრობლემები:
-
საარსებო წყაროების სიმწირე
-
ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფიზიკური გარემო
-
სახელმწიფო სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა
-
გათბობა
-
უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი
ფოცხო-ეწერის დასახლება საბჭოთა პერიოდში ენგურჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთათვის აშენდა. კაშხალი დასახლებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს.
ფოცხო-ეწერში ამჟამად, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილი 74 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 2010 წლის აგვისტოში თბილისიდან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობებიდან გამოსახლებული დევნილები. 2010 წელს ფოცხო-ეწერში თბილისიდან 18 ოჯახი გადმოსახლდა, თუმცა დღეს მათგან მხოლოდ 4 ოჯახია აქ დარჩენილი.
კორპუსების დიდი ნაწილი რეაბილიტირებულია. ძირითადი პრობლემა დასაქმების დაბალი დონეა. მოსახლეობას არ აქვს სახნავ-სათესი მიწა სოფლის მეურნეობისათვის, მაცხოვრებელთა გადმოცემით, დასახლება კლდოვან ქანებზეა აშენებული, მიწა ქვა-ღორღიანია და დანესტიანებული, შებამისად შეუძლებელია მისი დამუშავება .
2007 წლამდე ფოცხო-ეწერის მაცხოვრებლები ელექტროენერგიას უფასოდ ღებულობდნენ, რადგან დასახლება ენგურ-ჰესის ე.წ. წითელ ზონაში მდებარეობს. თუმცა, 2007 წლიდან ეს შეღავათი ყველა ოჯახს გაუუქმდა. მოსახლეობა შეღავათის აღდგენასა და ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას მოითხოვს.
დასახლების მაცხოვრებლებისათვის არ არის გამოყოფილი ტყეკაფები, დახმარების სახით მიღებული შეშა არ არის საკმარისი ზამთრის პერიოდში გასათბობად.
ფოცხო-ეწერი გარე სამყაროს ერთი ავტობუსით უკავშირდება, რომელიც წალეჯიხა-ზუგდიდის მიმართულებით კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის, მგზავრობის ღირებულობა 2,5 ლარს შეადგეს. მოსახლეობა დამატებითი რეისების დანიშვნას მოითხოვს.
მაღალმთიან დასახლებაში ქარი თითქმის ყოველდღეა; ენგურ-ჰესის კაშხალთან სიახლოვის გამო მაღალია ნესტისა და ტენიანობის დონე, რის გამოც ხშირია სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებათა შემთხვევები.
სენაკი - მენჯი, სანატორიუმი კოლხიდა
ძირითადი პრობლემები:
-
ავარიული შენობა
-
დაზიანებული კედლები, იატაკი, სახურავი
-
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა
-
დაიზიანებული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა
-
ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფიზიკური გარემო
-
დასუფთავება
-
გათბობა
-
უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი
იძულებით გადაადგილებულ პირთა 51 ოჯახი სენაკში, სოფელ მენჯის ყოფილ საკურორტო ზონაში მდებარე სანატირიუმ კოლხიდაში ცხოვრობს.
8 სართულიანი შენობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. სრულადაა მოშლილი სახურავი, რის გამოც შენობის მერვე სართულზე ცხოვრება შეუძლებელია. დაზიანებულია სართულებს შორის გადახურვისათვის გამოყენებული რკინა-ბეტონის ფილები; წვიმის დროს წყალი მეოთხე სართულამდე ჩადის.
2015 წელს სასმელი წყალი მიყვანილ იქნა შენობამდე, თუმცა უშუალოდ კორპუსში წყალმომარაგების სისტემა არ დამონტაჟებულა, შედეგად მაცხოვრებლები წყალს ხელით ეზიდებიან.
დაზიანებულია სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, ხშირ შემთხვევაში წყალი კორპუსის ეზოში ან მის სარდაფში გროვდება, რაც თავის მხრივ ანტისანიტარიის კერას წარმოადგენს. შენობის მიმდებარედ არ დგას სანაგვე ურნები. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მოსახლეობა აგროვებს ე.წ. ბუნკერში, რომელიც ასევე დაზიანებულია, არ აქვს კარები და არ ხდება მისი დეზინფექცია. დევნილთა თქმით, ბუნკერში დაგროვილი ნარჩენები დასუფთავების სამსახურს მხოლოდ თვეში ერთხელ გააქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სენაკის გაზიფიცირება თითქმის დასრულებულია, აღნიშნულ კორპუსამდე გაზი დღემდე არ არის მოყვანილი, ზამთარში მაცხოვრებლები გასათბობად შეშას იყენებენ.
2009 წელს შენობის მე-2, მე-4 და მე-6 სართულებზე მოეწყო საერთო აბაზანები, თუმცა გაუმართავი წყალმომარაგების სისტემის გამო დღეს ისინი გამოყენებისათვის უვარგისია.
ხობი, ე.წ. კოლხიდის დასახლება
ძირითადი პრობლემები:
-
ავარიული შენობა
-
დაზიანებული კედლები, იატაკი, სახურავი
-
ცხოვრება სიღარიბის ზღვარს მიღმა
-
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა
-
საექიმო ამბულატორიის უქონლობა
-
დაიზიანებული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა
-
დასუფთავება
-
გათბობა
-
უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი
იძულებით გადაადგილებულ პირთა 40-მდე ოჯახი ცხოვრობს ხობში, კოლხიდის ყოფილი ჩაის მეურნეობის დასახლებაში. იქ მდებარე რვავე ორსართულიანი კორპუსი ავარიულია; დაზიანებულია როგორც კედლები, იატაკი, ასევე სახურავი. წვიმის დროს წყალი ადვილად აღწევს ოთახებში. არ ფუქციონირებს სანიაღვრე და საკანალიზაციო, ასევე წყალმომარაგების სისტემა, წყალი 1.5 კილომეტრში მდებარე არტეზიული ჭიდან მოაქვთ. დასახლებაში არ ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია, მაცხოვრებლები პირველად სამედიცინო დახმარებას ხობში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში ღებულობენ.
დასახლებაში სულ ორი, მცირე ზომის სანაგვე ურნაა განთავსებული, დაგროვილი ნარჩენები ხობის დასუფთავების სამსახურს მხოლოდ თვეში ერთხელ გააქვს.
20-ზე მეტ ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. თუმცა დასახლებაში მაცხოვრებელთა უმეტესობა სოციალურად დაუცველია, იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა და მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური ან/და დევნილთა დახმარებაა.
დასახლების მაცხოვრებლები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ, ვინაიდან, მათი ინფორმაციით, არსებული შენობები რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
2013-2015 წლებში განხორცილებული იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროექტები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა 444 ჩასახლებაა რეგისტრირებული, სადაც 8 730 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული რაოდენობიდან საცხოვრებელი ფართი 1 906 ოჯახს აქვს დაკანონებული. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ცხრილში:
მუნიციპალიტეტი |
ჩასახლების ობიექტების რაოდენობა |
ობიექტებში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა |
აბაშა |
24 |
138 |
ზუგდიდი |
207 |
4 273 |
მარტვილი |
14 |
74 |
სენაკი |
55 |
1 331 |
ფოთი |
21 |
1 585 |
ჩხოროწყუ |
40 |
169 |
წალენჯიხა |
35 |
504 |
ხობი |
48 |
353 |
2013 წლიდან 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, დევნილთა განსახლების ობიექტების სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 2 425 569,41 ლარი იქნა დახარჯული, კერძოდ:
-
ზუგდიდში, ბერანძის ქ.N5-ში მდებარე ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობის ბინებად (74 ბინა) რეაბილიტაცია - 1 230 495.95 ლარი
-
ფოთში, ფიროსმანის ქ.N7-ში მდებარე შენობის ბინებად რეაბილიტაცია (9 ბინა) 159 877 ლარი
-
ხობში, სოფელ ხეთაში მდებარე ყოფილი პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია (კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა (სეპტიკი) მოწყობა) 111 124,31 ლარი
-
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქ. N7-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე თოთხმეტი შეწყვეტილი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები (ერთი 144 ბინიანი კორპუსი), ხოლო უახლოეს ხანებში იგეგმება საცხორვებელი კომპლექსის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება (ორი შეწყვილებული 288 ბინიანი კორპუსი). პირველი ეტაპის ღირებულება შეადგეს 6 775 000 ლარს, საიდანაც უკვე დახარჯულია 925 376.4 ლარი.
-
ასევე ზუგდიდში უკვე აშენდა 8 კორპუსი, 256 ბინით, მშენებლობა დააფინანსა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW), პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა .
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოსაზრება იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ წლების მანძილზე მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტების რეაბილიტაციისათვის, ამ სფეროში არსებული პრობლემები მათი მასშტაბებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი რჩება. ხშირ შემთხვევაში სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, რეაბილიტირებული კოლექტიური ცენტრების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ განახლებას საჭიროებს. მათი რეაბილიტაციისას შესრულებული სამუშოების ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება .
იძულებით გადააგილებულ პირთა მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, რთულად მიმდინარეობს მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. კომპაქტური განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია.
საქართველოს მთავრობამ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პარალელურად აქტიურად უნდა იზრუნოს იმ აქტივობების განხორციელებაზე, რაც გათვალისწინებულია “იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიაში”. სტრატეგიის უმთავრესი მიზანი დევნილების საკვებით, ჯანდაცვით და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფაა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციასთან ერთად ასევე უნდა შეიქმნას პირობები, რათა მათ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა აუცილებელ საარსებო წყაროებზე. აუცილებელია პროქტების განხორციელება მიზნობრივი და სხვადასხვა საჭიროების მქონე მცირე სამიზნე ჯგუფებისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ კოლექტიური განსახლების ყველა ობიექტში დევნილები უზრუნველყოს აუცილებელი საარსებო წყაროებით, საჭირო სოციალური თუ სამედიცინო ინფრასტრუქტურით (სკოლა, დასაქმება, სამედიცინო დახმარება, ტრანსპორტი), რომლის ხელმისაწვდომობა ამჟამად არაერთ კოლექტიური განსახლების ობიექტში არის შეზღუდული