წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორი წალენჯიხაში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორი წალენჯიხაში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

01 ოქტომბერი, 2019

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგს. კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის გამო ამჯერად ჩვენი ყურადღება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტენდერებმა მიიპყრო, სადაც ტენდერებს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს.

თემურ ღვინჯილია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია. იგი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლის ივლისიდან იკავებს, მას ბოლო რამდენიმე, მათ შორის 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაუწერია, რომ შპს „შე-ლის” 30% და შპს „წალენჯიხის საგზაოს” 20% წილის მფლობელია, რითაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და  კორუფციის შესახებ კანონის” მოთხოვნებს არღვევს: თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ.[1]

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თემურ ღვინჯილიამ საკუთარ წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები დეკლარაციაში სწორედ იმიტომ არ ასახა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში საკუთარი ბიზნესპარტნიორის ბაგრატ ღვინჯილიას მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულიყო - ისინი შპს “წალენჯიხის საგზაოში” პარტნიორები არიან.

ბაგრატ ღვინჯილია 2011 წლიდან შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” დირექტორია, რომლის 100% წილის მფლობელი ოდიკ ღვინჯილიაა, თავად შპს კი სწორედ 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, მათ შორის იმარჯვებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც.

შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველომ” 2011 წლიდან სულ 117-ჯერ მიიღო  სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, რომელთაგან 49 მოიგო. ამ კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება 12,498,966 ლარს შეადგენს, აქედან კი თითქმის ნახევარი (49,27%) მოდის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტენდერებზე. შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველომ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 16 ტენდერი მოიგო 2011 წლიდან, საერთო ღირებულებით 6,159,039 ლარი, ხოლო ამ თანხის 82%-ზე მეტი (5,106,732 ლარი) სწორედ საკრებულოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილიას არჩევის შემდგომ პერიოდში მოგებულ 12 ტენდერზე მოდის.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 16 მოგებული ტენდერიდან “წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” 3-ის გარდა სხვა არც ერთ შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია.

რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს „წალენჯიხის საგზაო სამმართველოს“ 8 ასეთი ხელშეკრულება აქვს დადებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან, ამათგან მხოლოდ ერთხელ თემურ ღვინჯილიას საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომლის ღირებულებამაც 14,000 ლარი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” ტენდერებში გამარჯვება აჩენს ეჭვს, რომ, შესაძლოა, ისინი კონკრეტული მიმწოდებლისთვის სასურველ პირობებზე იყო მორგებული. შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს  “წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ისინი შპს-სთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული.

 


[1] მე-14 მუხლი, პუნქტი მე-10