ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატების ქონება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ბათუმის მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების, ასევე პარტიული სიების პირველი ნომრებისა და “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების ქონებასა და ბიზნესინტერესებზე ცნობებს.
ინფორმაცია საჯარო რეესტრის მონაცემებს, ასევე ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ეყრდნობა.
ბათუმის მერობის კანდიდატად 9 პირი დარეგისტრირდა - მათ შორის არც ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის;
ბათუმის მერობის კანდიდატებს შორის მხოლოდ 1 ქალია - ნათია ბუაძე საარჩევნო ბლოკიდან “სახალხო - ხალხის ერთსულოვნება”;
სამ საარჩევნო სუბიექტს ჰყავს სიის პირველ ნომრად წარდგენილი ქალი კანდიდატები - “რესპუბლიკურმა პარტიამ” ლარისა ანდღულაძე წარადგინა, ნათია ბუაძე ბლოკიდან “სახალხო-ხალის ერთსულოვნება” მერობის კანდიდატთან ერთად პარტიული სიის სათავეშიც არის და “პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ” სიის პირველ ნომრად ნინო ეფაძე წარადგინა;
“ქართული ოცნების” მიერ მერობის კანდიდატებად დასახელებული პირებიდან წარდგენამდე 1 მინისტრი იყო, 1 - მინისტრის მოადგილე, 1 - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, 1 - პოლიციის უფროსი, 2 კი სახელმწიფო უწყებაში იყო დასაქმებული;
“ქართული ოცნების” მიერ 6 მუნიციპალიტეტში დასახელებული მერობის კანდიდატებიდან 4-ს ბიზნესინტერესები აქვს; მათ შორის ფრიდონ ფუტკარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის ბიზნესინტერესები;
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებიდან ორს - ჯუმბერ ვარდმანიძეს და ფრიდონ ფუტკარაძეს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული (ვარდმანიძემ მეუღლის საკუთრებაში ქონება არ ასახა, ფუტკარაძემ კი მეუღლის წილი კომპანიაში);
სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს 3 კანდიდატი ოპოზიციური პარტიებიდან (ამირან მამულაძე “პატრიოტთა ალიანსიდან”, მირდატ ქამადაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და ომარ ფარტენაძე “დემოკრატიული მოძრაობიდან”).
ბათუმის მერობის კანდიდატებიდან და პარტიული სიის პირველი ნომრებიდან 4-ს (მირდატ ქამადაძე - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ომარ ფარტენაძე - “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა”, რაულ თავართქილაძე და პეტრე ზამბახიძე - “ევროპული საქართველო”) სხვადასხვა დროს პოლიტიკური პარტიის სახელზე შემოწირულობა აქვს განხორციელებული, მათ შორის რაულ თავართქილაძეს და პეტრე ზამბახიძეს - “ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე მაშინ, როცა ორივე აღნიშნულ პარტიაში ირიცხებოდა.
ბათუმის მერობის კანდიდატები და სიის პირველი ნომრები
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”
ლაშა კომახიძე - ბათუმის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
1998-2000 წლებში „საქართველოს საზღვაო ბანკში“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტად, საინვესტიციო განყოფილების უფროსად მუშაობდა, 2001-2003 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ასლან აბაშიძის თანაშემწედ, ეკონომიკური საბჭოს მდივნად, შემდეგ კი ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინის უფროსად მსახურობდა. 2004-2008 წლებში კერძო ბიზნესორგანიზაციებში მენეჯერის პოზიციაზე (შპს „გორგია“, შპს „დეკო“) გადაინაცვლა. 2008-2016 წლებში აჭარაში გაეროს განვითარების პროგრამაში სხვადასხვა პროექტის მენეჯერი იყო, მათ შორის ENPARD-ს ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (2013 – 2016 წწ.). 2016 წლიდან, ვიდრე მერობის კანდიდატად დასახელდებოდა, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ქონება და ბიზნესინტერესები:
2016 წლის 16 სექტემბერს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლაშა კომახიძე ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე 86-ში, 70.27 კვ. მ. საცხოვრებელ ფართს (საკადასტრო კოდი 05.03.04.006.01.501) და ამავე მისამართზე 73.70 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს (ს/კ 05.23.04.039.01.052ა) ფლობს.
მერობის კანდიდატს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ კომპანია Plastic Card Distribution-ში (ს/კ 245437013) 30%-იანი წილის მართვის უფლება პარტნიორისათვის აქვს გადაცემული ისევე, როგორც კომპანია K & K-ს (ს/კ 245562822) შემთხვევაში (ლაშა კომახიძე კომპანიის 50%-იან წილს ფლობს).
არც ერთ ამ კომპანიას ლაშა კომახიძის სოფლის მეურნეობის მინისტრობამდე და შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.
სულიკო თებიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
“ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველი ნომერი 2012 წლიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2008-2011 წლებში ბათუმის მე-18-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, დირექტორობამდე - პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
ქონება:
2017 წლის 24 იანვარს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ სულიკო თებიძე ბათუმში სამ ბინას (6300 აშშ დოლარად; 18000 ლარად და 49240 აშშ დოლარად შეიძინა) ფლობს (საკადასტრო კოდები: 05.22.36.011.01.582; 05.28.01.048.01.013ა; 05.28.01.011.01.013). საჯარო რეესტრის მონაცემებით, სულიკოს თებიძისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არცერთი კომპანია რეგისტრირებული არ არის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
ლევან ანთაძე - ბათუმის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ლევან ანთაძე 2008-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო. მინისტრობამდე მერის მოადგილე და “ბათუმის წყლის” დირექტორის პოზიციებზე მუშაობდა. 2012 წლის შემდეგ კი ჯერ სადაზღვევო სექტორში, შემდეგ კი ჰოსპიტალური ქსელის “მედალფას” აჭარა-გურიის რეგიონული დირექტორი იყო.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ანთაძე ფლობს ორ ბინას ბათუმში ფარნავაზ მეფისა (ს/კ 05.21.22.005.01.501) და ლუკა ასათიანის (ს/კ 05.08.04.018.01.079) ქუჩებზე.
ლევან ანთაძეს და არც მის მეუღლესკომპანიებში აქტივები არ აქვს.
მირდატ ქამადაძე - საარჩევნო სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
2004 - 2007 წლებში იყო აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიული სამსახურის უფროსი. 2007-2012 წლებში კი იურიდიული კომპანია შპს "ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯიას" იურისტი. 2012 - 2015 წლებში იურიდიული კომპანია შპს "იურიდიული ოფისის" დამფუძნებელი და ამავე კომპანიის იურისტი იყო. 2015 წლიდან დღემდე არის იურიდიული კომპანია შ.პ.ს GLG-ის (ს/კ 402011648 ) დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი.
2016 წლის 8 სექტემბერს, ქამადაძემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 5 ათასი ლარი შესწირა.
საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”
პეტრე ზამბახიძე - ბათუმის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
2016 წელს პეტრე ზამბახიძე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით მეოთხედ გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. საბჭოში პირველ არჩევამდე ზამბახიძე აჭარის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, უფრო ადრე კი სხვადასხვა საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა.
2013-2016 წლებში პეტრე ზამბახიძემ ჯამში 2600 ლარი გადარიცხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანგარშიზე.
ქონება:
2017 წლის 16 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზამბახიძე ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მემკვიდრეობით მიღებულ ბინას ფლობს. მერობის კანდიდატი არც ერთი კომპანიის მეწილე არ არის.
რაულ თავართქილაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
რაულ თავართქილაძე, “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის პეტრე ზამბახიძის მსგავსად, წლების განმავლობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. სხვადასხვა დროს იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შემდეგ ხელმძღვანელობს “ევროპული საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციას.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, რაულ თავართქილაძე კურორტ ბეშუმში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა (ს/კ 23.14.35.232) და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს (ს/კ 23.06.37.355) ფლობს.
2014 წელს 1 200 ლარის ღირებულების არაფულადი შემოწირულობა განახორციელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ.
„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა -
თავისუფალი საქართველო”
ომარ ფარტენაძე - მერობის კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ომარ ფარტენაძე ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრია. თვითმმართველობის ორგანოში “ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის” პროპორციული სიით არჩევამდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, მანამდე კი ამავე უნივერსიტეტში სხვდასხვა ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამდებობას იკავებდა.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ომარ ფარტენაძე ბათუმში, მთისძირის ქუჩაზე ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს (ს/კ 05.26.23.004), სხვენს მემედ აბაშიძის ქუჩაზე (ს/კ 05.22.19.004.01.513) და მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ფართს კლდიაშვილის ქუჩაზე (ს/კ 05.22.16.015.01.01.025).
2014 წელს მან “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” 275 ლარი შესწირა.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
თენგიზ თავდგირიძე - მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
2012 წლის აგვისტო-დეკემბერში ხელმძღვანელობდა ბათუმის მუნიციპალურ არასამეწარმეო იურიდიული პირს - ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს.
თენგიზ თავდგირიძე „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზს“ ხელმძღვანელობს. არის შპს “განძის” (ს/კ 448394568) დირექტორი და 50%-იანი მეწილე - რეესტრის მონაცემებით, კომპანიის საქმიანობის კონკრეტული სფერო განსაზღვრული არ არის; ასევე მოსახლეობის ინტერესთა დამცველი კავშირი „ბარცხანელისა” და ქართულ-აფხაზური მეგობრობის საზოგადოება “ძმობის” გამგეობების თავმჯდომარეა.
არჩილ მამულაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
ქონება და ბიზნესინტერესები:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, პროფესიით იურისტი და ეკონომისტი 2010 წელს რეგისტრირებული კომპანია “ოზანის” (ს/კ 445388296) დირექტორია, კომპანიის ორივე მეწილე თურქეთის მოქალაქეა. 2010 წელს თურქეთის მოქალაქეების მონაწილეობით დარეგისტრირდა სხვა კომპანიაც - შპს ეფ ბი ემი (ს/კ 445383709), რომლის 5%-ს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი არჩილ მამულაძე ფლობს.
რეესტრის მონაცემებით, მამულაძე ბათუმში, თამარის დასახლებაში 52 კვ. მ ბინას (ს/კ 05.10.28.004.01.503) ფლობს.
„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია ”
ჯელალ ქიქავა - მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ლეიბორისტების პარტიული სიის პირველი ნომერი შპს “ჯელო-ტრანსის” (ს/კ 445467423) დირექტორი და 100%-იანი მეწილეა. კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.
ქიქავა ხელვაჩაურში, ორთაბათუმში ფლობს არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს (ს/კ 22.22.07.005), ბინას ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 10 ნომერში (ს/კ 05.21.03.010.01.021).
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში
ჯუმბერ ვარდმანიძე - ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობამდე ბათუმის საზღვაო აკადემიაში ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა, ასწავლიდა ისტორიას სხვადასხვა უნივერსიტეტში.
ქონება:
2017 წლის 28 სექტემბერს წარდგენილი დეკლარაციით, ფლობს ორ-ორ მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს მახინჯაურში. 2015 წელს კი ბათუმში, ჭავჭავაძის #6-ში 121 კვ. მ. კომერციული ფართი საჩუქრად გადასცეს.
ჯუმბერ ვარდმანიძეს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მისი მეუღლის ია ზეიშვილის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაბა მახინჯაურში (ს/კ 05.34.22.297).
ჯუმბერ ვარდმანიძეს და ოჯახის წევრებს კომერციულ ორგანიზაციებში ინტერესები არ აქვთ.
მირიან ქათამაძე - ქობულეთის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
2006-2014 წლებში “ბათუმის საზღვაო ნავსადგურში” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემდეგ კი მმართველი დირექტორი გახდა; ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას. ქობულეთის მერობის კანდიდატობამდე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო.
ქონება და ბიზნესინტერესები:
2017 წლის 27 თებერვალს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ფლობს ბინას ბათუმში, ლუკა ასათიანის #51-ში (ს/კ 05.28.04.014.01.055), რომელიც 2011 წელს 42000 აშშ დოლარად შეიძინა. ქონებრივი დეკლარაციის წარდგენიდან თითქმის ერთ თვეში, ქათამაძის მეუღლემ ამავე მისამართზე 137 კვ.მ. ბინა შეიძინა (ს/კ 05.28.04.014.01.514). ეს შენაძენი მირიან ქათამაძემ 2018 წლის ქონებრივ დეკლარაციაში უნდა ასახოს.
ამავე დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მირიან ქათამაძემ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მგელაძე, ფალავანდიშვილი, ქათამაძე და პარტნიორების” (ს/კ 245564214) 25%-იანი წილის ფლობიდან 2016 წელს 40 000 ლარი მიიღო (ამჟამად წილის მართვის უფლება ქათამაძის საქმიან პარტნიორს - კახა ფალავანდიშვილს აქვს გადაცემული). 2017 წლის 6 იანვრამდე აღნიშნულ საზოგადოებას მირიან ქათამაძე დირექტორობდა. ამავე დღეს მირიან ქათამაძემ კიდევ ერთი კომპანიის დირექტორობა დათმო - შპს “რელაებლ ლეგალ კონსალტინგის” (ს/კ 445477608) დირექტორი და 100%-იანი მეწილე მისი ძმა მირზა ქათამაძე გახდა.
ლევან გორგილაძე - ქედის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ლევან გორგილაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ექიმთერაპევტად, ბათუმის სამედიცინო-კრიმინალისტიკური ლაბორატორიის გამგედ. 2012-2016 წლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ამჟამად ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორია.
ქონება და ბიზნესინტერესები:
ლევან გორგილაძე ამ დრომდე არის შპს ლევგორის (ს/კ 445398891) 100%-იანი მეწილე. 2012 წელს რეგისტრირებული კომპანიის საქმიანობის სფერო სამედიცინო მომსახურების გაწევა და საზოგადოებრივი კვების ორგანიზებაა. სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია.
ლევან გორგილაძე ფლობს 92 კვ.მ საცხოვრებელ ბინას ბათუმში, გორგასლის #159ბ-ში (ს/კ 05.23.23.033.01.526), ასევე 70 კვ.მ ბინას ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #9-ში (ს/კ 05.24.08.004.01.037) და 120 კვ.მ ბინას ფარნავაზ მეფის #43-ში (ს/კ 05.02.36.001.01.005).
შუახევის მერობის კანდიდატი - ფრიდონ ფუტკარაძე
სამუშაო გამოცდილება:
2004-2005 წლებში მუშაობდა გამომძიებლად შუახევში, შემდეგ შსს-ს აჭარის სამმართველოს უფროს გამომძიებლად, ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2012-2014 წლებში იყო შსს-ს შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი, კანდიდატად დასახელებამდე კი შსს-ის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსი.
ქონება და ბიზნესინტერესები:
2017 წლის 23 ივნისს წარდგენილ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ფრიდონ ფუტკარაძემ 1990 წელს მემკვიდრეობით მიიღო ბინა, სახლი და მიწის ნაკვეთი შუახევში.
ფრიდონ ფუტკარაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე ნესტან ფუტკარაძე ფლობს 50%-იან წილს 2009 წელს რეგისტრირებულ კომპანია “ეკოტური GE”-ში (ს/კ 248435475). შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.
გოჩა მელაძე - ხულოს მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
2006-2007 წლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იურისტად მუშაობდა, 2008-2009 წლებში კი აჭარის გარემოს სამმართველოს იურიდიულ განყოფილებაში, 2009-2011 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს იურისტი იყო. 2011-2017 წლებში “ბათუმის პორტში” ჯერ ოფიცერი, შემდეგ ცვლის უფროსი, საბაჟო-გამშვები პუნქტ “სარფის” ცვლის უფროსი. 2017 წლის დასაწყისიდან ხულოს მერობის კანდიდატად დასახელებამდე იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს “გოდერძი რიზორტის” დირექტორის მოადგილე.