აჭარის მთავრობა პროაქტიულ საჯარო ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აჭარის მთავრობა პროაქტიულ საჯარო ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს

21 სექტემბერი, 2018

 

აჭარის მთავრობა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს, კერძოდ, აჭარის მთავრობის აპარატს, 4 სამინისტროს და ამდენივე საქვეუწყებო დაწესებულებას პროაქტიული ინფორმაცია სრულად არ აქვთ გამოქვეყნებული.

აჭარის მთავრობის 2013 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით, უწყებებს 35 სახის დოკუმენტის პროაქტიულად გამოქვეყნება დაევალათ. ჩვენი კვლევის მიზანი იყო, დაგვედგინა, რამდენად შეესაბამება მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს უწყებების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია როგორც რაოდენობრივად, ისე შინაარსობრივად (კერძოდ, იყო თუ არა ინფორმაცია რელევანტური, განახლებადი, ხელმისაწვდომი, სრულყოფილი და დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი).

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ 2018 წლის აგვისტოში ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციები, სამინისტროებთან შედარებით, ნაკლებ საჯარო ინფორმაციას აქვეყნებენ პროაქტიულად.

 ჩვენი კვლევით, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აქვს, მას აჭარის მთავრობის 2013 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრული  საჯარო ინფორმაციის მხოლოდ მეხუთედი აქვს სრულად გამოქვეყნებული. კვლევის პერიოდში საუკეთესო შედეგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჰქონდა.

აჭარის მთავრობამ ზემოაღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ აამოქმედა მთავრობის ერთიანი ვებპორტალი www.adjara.gov.ge, რომლითაც ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალება აქვს, გაეცნოს ადმინისტრაციული ორგანოების სტრუქტურას, შესყიდვების გეგმას, ელექტრონული სახით გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე დაუკავშირდეს საჯარო დაწესებულებას ტელეფონით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დადგენილ სტანდარტს ადმინისტრაციული ორგანოები სრულყოფილად არ ასრულებენ.

დეტალური მონაცემები აჭარის მთავრობაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შესახებ:

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალის შექმნა ცალსახად პროგრესული ნაბიჯი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების, ასევე სერვისის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, რაც განსაზღვრულია კიდეც აჭარის მთავრობის დადგენილებით.