ENG

2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასება

31 ოქტომბერი, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 197 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 28 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს. 

მთლიანობაში არჩევნების დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა, საარჩევნო უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დროულად გაიხსნა და დაიხურა.  კენჭისყრისა და შედეგების შეჯამების პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა. ჩვენმა დამკვირვებლებმა მთელი დღის განმავლობაში 70-მდე მეტნაკლებად სერიოზული ძირითადად პროცედურული დარღვევა აღმოაჩინეს. ჩვენ მიერ დაიწერა 11 საჩივარი. აღნიშნულ დარღვევებს ამომრჩევლის ნების ფორმირებასა და არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნებოდა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ სამივე დონეზე ძირითადად დამაკმაყოფილებლად იმუშავა. ცესკო მთლიანობაში დროულად უზრუნველყოფს კენჭისყრი სშედეგების შეჯამებას და გამოქვეყნებას. ეს უწყებ აპერიოდულად ატარებდა ბრიფინგებს ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით.

 

რეკომენდაციები

მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიებზე, რომლებიც ყველა არჩევნებზე გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციით;
  • საარჩევნო კომისიების ფორმირების წესის ცვლილება. მნიშნვლევანია საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს;
  • ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციას ნაკლები ხარვეზით წარმართოს პროცესი, ასევე გაამარტივებს ხმის დათვლის პროცედურას;
  • აუცილებელია ყველა დაფიქსირებულ დარღვევაზე დროული რეაგირება მოხდეს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, როგორც მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომებზე, ასევე უფრო სერიოზულდ დარღვევებზე,  რომელზეც საუბარი იყო როგორც არჩევნების დღის ისე წინასაარჩევნო პერიოდში;
  • მნიშნვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ხმები პროპორციულად აისახოს მათ მანდატებზე.

 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დაკვირვება შესაძლებელი გახდა შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით: Polish Aid, SolidarityFund PL, Open Society Georgian Foundation.

​​

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“