ბიუროკრატიული შეცდომა და ჩამორთმეული მიწები გონიოში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ბიუროკრატიული შეცდომა და ჩამორთმეული მიწები გონიოში

01 მარტი, 2011

2010 წლის 9 ნოემბერის გადაწყვეტილებით გონიოში მცხოვრებ 221 მოქალაქეს ერთდოულად გაუუქმდა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მოწმობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიწების ჩამორთმევის მიზეზად მათი საკურორტო ზონაში მოქცევა დაასახელა. კომისია გადაწყვეტილებაში მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებს და აღნიშნავს, რომ ამ კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთების განკარგვა/გასხვისება უნდა მომხდარიყო საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული სტრატეგიული გეგმის მიხედვით. თუმცა იქაური საკურორტო ზონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ გონიოში არავის სმენია. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეს მიწები მოსახლეობას საკუთრებაში თავად დაუმტკიცა. მაშინ ბატონმა ლევან ვარშალომიძემ მოსახლეობას მოწმობები ტელეკამერების წინ საზეიმო ვითარებაში გადასცა. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის №655 ბრძანებულების თანახმად გონიო მართლაც შესულია საკურორტო ადგილების ნუსხაში. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა - ნუთუ არ იცოდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომ აღნიშნული მიწები საკურორტო ზონაში იყო მოქცეული და კანონის თანახმად გონიოს მოსახლეობაზე მათი გასხვისება არ შეიძლებოდა სივრცითი-დაგეგმვის პირობებისა და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის გაუთვალისწინებლად? ამასთანავე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მიწების გასხვისების მომენტში კომისიამ არ გაითვალისწინა ამ ტერიტორიაზე მოქმედი კიდევ ერთი შეზღუდვა. კერძოდ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების 2006 წლის 17 ივლისის ერთობლივი ბრძანებით, გონიოს ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონად გამოცხადდა. კანონის თანახმად, ამ ზონაში მოქცეული მიწების გასხვისება აკრძალული იყო. საკუთრების აღიარების კომისიის დაუდევრობამ უარყოფითი შედეგები უკვე გამოიღო. მოქალაქე ენვერ ირემაძემ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების შემდეგ, საკუთარი ბინა გაყიდა იმ იმედით, რომ დაკანონებულ ტერიტორიაზე სახლს ააშენებდა და ტურისტებს უმასპინძლებდა. ზოგიერთმა მოქალაქემ მიწის ნაკვეთი გაასხვისა, ხოლო კეთილსინდისიერმა შემძენებმა სახლები ააშენეს, რომლებიც საბოლოოდ არქიტექტურის სამსახურის მოთხოვნით დემონტაჟს დაექვემდებარა. თუმცა ამ შემთხვევაში აქრქიტექტურის სამსახურმა სხვა მიზეზი გამოიყენა. კერძოდ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, სადაც გარკვეული ტიპის მშენებლობების წარმოება იკრძალება და ზოგადად საკმაოდ მკაცრი სტანდარტები მოქმედებს. ამ დროისათვის უცნობია იმ მოქალაქეების ქონების ბედი, რომლებიც კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსით სარგებლობენ და/ან უკვე აშენებული აქვთ სახლები. ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს დაზარალებულთა რაიმე სახის კომპენსაციაზე. სამწუხარო ფაქტია, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას გაშვებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 1 თვიანი ვადა. ეს, თავის მხრივ, უსახსრობით ან კანონის უცოდინრობით არის გამოწვეული. თუმცა, აღსანიშნავი და სამაგალითოა ის ფაქტი, რომ გონიოს მოსახლეობა ხმამაღლა საუბრობს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებაზე. სხვა შემთხვევებში, როგორც წესი, მოსახლეობას უფრო მკაცრად დასჯის ეშინია და კანონიერი ბრძოლის გარეშე თმობს საკუთარ ქონებას. გონიოს მოსახლეობას იურიდიულ და სხვა სახის დახმარებას გაუწევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული საკუთრების უფლებათა დაცვის კოალიციაში გაერთიანებული კიდევ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია.

Author: ეკატერინე ბოკუჩავა