ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განვითარება საქართველოში: შემდგომი ნაბიჯები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განვითარება საქართველოში: შემდგომი ნაბიჯები

14 მარტი, 2011

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭომ 5 იანვარს საქართველო უფლებამოსილი გახადა კორპორაციისგან მიეღო მეორე ხუთწლიანი კომპაქტი. პირველი კომპაქტი, რომლის ღირებულებაც 395.3 მილიონ ა.შ.შ დოლარს შეადგენს 2011 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. საქართველო არის იმ ორი ქვეყნიდან ერთ–ერთი, რომელსაც მეორე კომპაქტი მიენიჭა (მეორე ქვეყანა არის განა). ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს განცხადებით, მათი ეს გადაწყვეტილება ემყარება საქართველოს მიერ პირველი კომპაქტის (2006–2011) წარმატებით დასრულებასა და ქვეყნის უწყვეტ პროგრესს ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირების საკითხებში. 25 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სატელევიზიო გამოსვლაში გაახმოვანა კონკრეტული გეგმები ახალ კომპაქტთან დაკავშირებით, რომელშიც შედის ხულო–ახალციხის გზის დაგება. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ- მინისტრის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ ახალი კომპაქტის ერთ–ერთი პრიორიტეტი ბათუმში უნივერსიტეტის აშენება იქნება. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს პროექტები საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრაზეც განიხილა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ მეორე კომპაქტის განვითარებაზე დასტური უკვე მიღებულია, კომპაქტის რეალურ გაფორმებამდე ჯერ კიდევ ბევრი ეტაპია გასავლელი. შემდგომი 6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ საგულდაგულო ანალიზი უნდა ჩაატაროს ძირითად სექტორებში არსებული პრობლემების დასადგენად; მოიძოს ამ პრობლემების მოგვარების შესაძლო გზები და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შეიმუშავოს შესაბამისი პროექტის წინადადება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისათვის წარსადგენად. აღნიშნულ პროცესს სათავეში უდგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტი, რომელმაც ახლახანს კორპორაციის მოთხოვნებსა და კოალიციის „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის“ წერილზე დაყრდნობით წამოიწყო საკონსულტაციო პროცესი. ამ კონსულტაციების პირველი ეტაპი 28 თებერვალს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტმა სამოქალაქო საზოგადოების 11 დაინტერესებულ წარმომადგენელს უმასპინძლა. ამ შეხვედრის მიზანი იყო კომპაქტის განვითარების პროცესის შესახებ ძირეული ინფორმაციის გაზიარება. აღნიშნული კომპაქტი მხოლოდ ახლა შევიდა განვითარებისა და პირველადი ანალიზის საწყის ფაზაში, რომელიც გულისხმობს დაბრკოლებათა ანალიზის ჩატარებას. ეს ანალიზი დაგვეხმარება იმის გარკვევაში რა უშლის ხელს საოჯახო მეურნეობებს მოახდინონ ინვესტირება ისე, რომ გაზარდონ საკუთარი შემოსავალი. გარდა ამისა, მთავრობის გუნდმა უნდა მოახდინოს ძირითადი სექტორისა და ბენეფიციარების ანალიზი და გამოავლინოს ის საინვესტიციო სექტორები, რომლებიც ყველაზე მაღალ მოგებას იძლევიან. პრემიერ–მინისტრის კაბინეტი ამ ანალიზის პირველ მონახაზს დაინტერესებულ მხარეებს რამდენიმე თვეში წარუდგენს. კომპაქტის საწყისი ეტაპის მეორე ძირითადი კომპონენტი საკონსულტაციო პროცესის დაწყებაა. სწორედ ამას ემსახურებოდა თებერვლის შეხვედრაც. როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე აცხადებს, განხილვების მორიგი რაუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მარტის ბოლოს გაიმართება. საკონსულტაციო პროცესი სხვა ღონისძიებებსაც მოიცავს. მაგალითად, კომპაქტის განვითარების პირველ ეტაპზე მთავრობის გუნდი უნდა შეხვდეს შესაბამის ექსპერტებს/ეკონომისტებს, როგორც მთავრობის შიგნით, ასევე მის გარეთ. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წესების თანახმად, „ამ კონსულტაციების შედეგად დაგროვებული ინფორმაცია პირდაპირ ხელს შეუწყობს მთავრობის ძირითადი გუნდის პრიორიტეტების შემუშავებას პრობლემური სექტორების გამოვლენასა ან/და ამ სექტორებში ინტერვენციისათვის.“ შემდეგი ეტაპი მოიცავს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული პროექტის იდეების ფორმულირებასა და პრიორიტეტების მოკლე ჩამონათვალს. ამას მოჰყვება დეტალური გამოკვლევები, თუ რამდენად განხორციელებადი და მიზანშეწონილია აღნიშნული პროექტი. როგორც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს პროცესი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება. ქვეყნის მიერ მეორე კომპაქტის დაგეგმვასა და განვითარებაში მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით,2011 წლის დეკემბერში კორპორაციის საბჭო მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსთან კომპაქტის გაფორმების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას წამოიწყოს კონსულტაციები დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განვითარების პროცესში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ კუთხით ბევრი რამის სწავლა შეიძლება პირველი კომპაქტიდან, რომელიც ასევე მოიცავდა გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის კონკრეტულ დებულებებს.

Author: ლაშა გოგიძე