ENG

საქართველოს ტელემაუწყებლობის ანალიზი

09 აგვისტო, 2012

წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო სექტორი პოლიტიკის მძლავრ გავლენას განიცდის 

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

თბილისი, 10 აგვისტო, 2012 წელი - როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, ორივე ცდილობს საკუთარი გავლენის ქვეშ ჰყავდეს რამდენიმე სატელევიზიო სადგური, ისევე როგორც საკვანძო საშუამავლო კომპანიები, რომელთა მეშვეობით მაუწყებლები აუდიტორიას უკავშირდებიან, წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავის ახალ კვლევაში.

გადმოწერეთ პრესრელიზი

გადმოწერეთ კვლევის ანგარიში

Must Carry/Must Offer -ის რეგულაციების წინასაარჩევნო პერიოდში დროებითი ამოქმედება მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგია, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს  ჰქონდეს წვდომა იმ ტელესადგურებთან, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ. სატელიტური პროვაიდერები უკვე სარგებლობენ  Must Offer -ის რეგულაციით და ახლა აჩვენებენ არხებს, რომლებსაც ადრე ვერ აჩვენებდნენ, რადგან თავად სადგურები არ აძლევდნენ ამის უფლებას. ამ ახალი წესების ძალაში შესვლამდე, შეზღუდული ტექნიკური წვდომა აუდიტორიასთან იყო  უდიდესი გამოწვევა იმ ტელეარხებისთვის, რომელთაც არ აქვთ ეროვნული სიხშირული ლიცენზიები.

„პოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებებმა საკუთარი  დღის წესრიგში უმთავრეს პრიორიტეტად  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თემა უნდა დააყენონ, რადგან 2015 წელს პროცესი უნდა დასრულდეს და შესაბამისად, არც თუ ისე დიდი დრო რჩება“- აღნიშნავს მათიას ჰუტერი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი.

ბოლო თვეებში ტელევიზიის სექტორში სტრატეგიული პოზიციის მქონე რამდენიმე კომპანია, მათ შორის ისინიც, ვინც ტელეარხებსა და მათ აუდიტორიას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს, დიდ სირთულეებს გადააწყდა: ჟურნალისტური გამოძიების წამყვანი სტუდია „მონიტორის“ ოფისი გაძარცვეს, წაიღეს აპარატურა; ვიდეოაპარატურისა და მომსახურების კომპანია „ვიდეოსკოპი“, რომლის კლიენტთა შორის არის “TV9” და „ქართული ოცნება“, საგადასახადო აუდიტის შედეგად დააჯარიმეს;  „მაესტროს“ და მომსახურების პროვაიდერი კომპანია „Global TV”–ის ათიათასობით სატელიტური ანტენა დააყადაღეს, აბრალებდნენ რა ამომრჩეველთა მოსყიდვას; „Global TV”–მ და „TV9“–მ განაცხადეს, რომ მათ მიერ იმპორტირებული ტექნიკური აღჭურვილობა დაზიანებულ იქნა საბაჟოზე ყოფნისას; ტრანსლაციის ინფრასტრუქტურის და მომსახურების პროვაიდერ კომპანია „სტერეო+“–ს, რომლის კლიენტთა შორის არის „TV9”, სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერეს. „9-ე არხის“ რეპორტიორების წინააღმდეგ დევნა-შევიწროვება განხორციელდა ანტიოპოზიციონერი აქტივისტების მიერ, მათ წინააღმდეგ აგრეთვე განხორციელდა შანტაჟის მცდელობა, ჟურნალისტებსი მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული პირების მიერ.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს ავალდებულებს გახსნას ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ტელევიზიათა მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობა. სატელევიზიო სადგურების ფინანსები ასევე უფრო გამჭვირვალე გახდა. 2012 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში „ტელეიმედის“ და „რუსთავი2“ -ის შემოსავლებმა იკლო 2011 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.  უფრო მცირე სადგურებმა „მაესტრომ“, „კავკასიამ“ და „25 არხმა“ მიიღეს მნიშვნელოვნად მეტი შემოსავალი რეკლამებიდან, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თუმცა ძირითადად პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე. 

რეკომენდაციები

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა უზრუნველყონ, რომ მედიასაშუალებებთან, ასევე იმ კომპანიებთან დაკავშირებული გამოძიება, რომლებიც მედიასაშუალებებსა და მედიის მომხმარებლებს შორის შუამავლის როლს ასრულებენ, სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართება. მედიასაშუალებებისა და მედიის მომხმარებელთა მიმართ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს პროპორციული და სიფრთხილით გადადგმული, რათა არ შეილახოს მედიის თავისუფლება და მოქალაქეთა უფლება, მიიღონ ინფორმაცია. მედიის სექტორის კომპანიები პასუხს უნდა აგებდნენ თავიანთ ქმედებებზე და არ უნდა დადგნენ კანონზე მაღლა. მათ წინააღმდეგ გატარებული ნებისმიერი ქმედება შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულად იქნას აღქმული. ხელისუფლებას შეუძლია ამ მოსაზრებებზე რეაგირება გამოძიებისთვის ყველა გამოსადეგი მტკიცებულების წარდგენით და გამოძიების პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვის უზრუნველყოფით.

  • ჟურნალისტებსა და მედიის მუშაკებზე ნებისმიერი სახის თავდასხმა, საბოტაჟი ან მათი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლის ინციდენტები ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და შესაბამისი მომდევნო ქმედებები გაატაროს.

  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, დაინტერესებულმა მხარეებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ სათანადო მეთვალყურეობა უნდა გაუწიონ აუცილებელი და სავალდებულო წესების(Must Carry/Must offer) შემუშავებას წინასაარჩევნო პერიოდში. ამ წესების მოქმედების პერიოდში მათი ეფექტი უნდა შეფასდეს, რის შემდეგაც პოლიტიკის შემქმნელებმა და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სერიოზულად უნდა იფიქრონ ამ წესების სამუდამოდ  დამკვიდრებაზე, რაც შექმნის წინაპირობას, რომ მათი მოქმედება არჩევნების დღის შემდეგაც გაგრძელდეს.

  • საკაბელო ოპერატორებმა საკუთარი ნებით უნდა განაგრძონ იმ არხების თავიანთ პაკეტებში შეტანა, რომელთაც წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლის სტატუსი ექნება მინიჭებული იმის შემდეგაც, რაც არჩევნების წინა დღეს დროებითი წესის მოქმედება შეწყდება, და თავი შეიკავონ თვითცენზურისგან, ანუ მთავრობის მიმართ კრიტიკული არხების არ-ჩვენებისგან. კრიტიკული არხების ამოღებამ საკაბელო პაკეტებიდან არჩევნების დღეს შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რადგან მომხმარებლებმა შეიძლება იგრძნონ, რომ ინფორმაციას მოსწყვიტეს.

  • მომხმარებლებმა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა უნდა დააინტერესონ საკაბელო ოპერატორები, რათა ისინი უფრო მგრძნობიარე და მოქნილი გახდნენ მომხმარებელთა მოთხოვნებისადმი. ეს კი მომსახურების პროვაიდერებს სტიმულს მისცემს, კლიენტებს კვლავაც პლურალისტული პაკეტები შესთავაზონ, სავალდებულო წესის ვადის გასვლის შემდეგაც კი.

  • ახალმა პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს წინადადება აჭარის ტელევიზიისთვის სტატუსის შეცვლის შესახებ და შესაძლებლობისამებრ შეუერთოს არხი საზოგადოებრივ მაუწყებელს. აჭარის ტელევიზიის მიერ გამოყენებული სიხშირეები უნდა გაუნაწილდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და/ან კონკურენტული პროცედურის გავლით გადაეცეს დაინტერესებულ კერძო ტელეარხებს.

  • ლიცენზიის მფლობელთა მესაკუთრეებისა და მათი ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა იფიქროს მარტივად გამოყენებადი მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რომლიდანაც იგი თავის ვებგვერდზე რეგულარულად და პროაქტიულად გამოაქვეყნებს ფინანსურ მონაცემებს (ამჟამად გაიცემა თხოვნისამებრ) და ინფორმაციას მფლობელთა შესახებ დოკუმენტები კი არის ხელმისაწვდომი მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.

  • ტელეარხებმა და მათმა ხელმძღვანელობამ, პროდიუსერებმა, რეპორტიორებმა და მედიის მუშაკებმა მიზნად უნდა დაისახონ თავიანთი აუდიტორიისთვის მიმდინარე მოვლენების სამართლიანი, პროფესიონალური და მიუკერძოებელი გაშუქება არჩევნების წინა პერიოდში და თვითრეგულირების მექანიზმების, მაგალითად ეთიკის კოდექსის და მაუწყებელთა ქცევის ნორმების შესაბამისად მოქმედება.

  • ტელეარხებმა უნდა იფიქრონ თავიანთ ვებგვერდებზე ფინანსური მონაცემების გამოქვეყნებაზე, რაშიც თავიანთ წვლილს მფლობელებიც შეიტანენ. თუ ფინანსური შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის მოიწვიონ დამოუკიდებელი აუდიტორი. მედიასაშუალებებმა ფინანსური გამჭვირვალობა უნდა გამოიყენონ აუდიტორიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ნდობის მოსაპოვებლად.

  • საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაატაროს ღონისძიებები, რათა გაამყაროს თავისი იმიჯი და იგი აღიქვან, როგორც ჭეშმარიტად პოლიტიკურად დამოუკიდებელი საინფორმაციო ორგანიზაცია, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება და არა მთავრობას. ამისათვის, მაუწყებელმა უნდა დაუთმოს ადგილი საგამოძიებო რეპორტაჟებს. ასევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აჩვენოს, რომ ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე, რომლებიც დაზარალდნენ კერძო სექტორთან ურთიერთობისას. გარდა ამისა, მაუწყებელმა უნდა გადადგას რეალისტური ნაბიჯები ტექნიკური წვდომის გაზრდისკენ და ტექნიკური პლატფორმების ფართო სპექტრის საშუალებით რაც შეიძლება ბევრ ქართველამდე მივიდეს; ამავდროულად, იმუშაოს იმაზე, რომ აუდიტორიის წინაშე უფრო მეტად პასუხისმგებელი და ეფექტური გახდეს.

სრულად ანგარიში წაიკითხეთ შემდეგ მისამართზე: http://transparency.ge/telemautsqeblobis-analizi

 

ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

მამუკა ანდღულაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (ქართულ ვერსიასთან  დაკავშირებით)

მობილური: 574 402 470

Email: mamuka@transparency.ge

მათიას ჰუტერი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, უფროსი ანალიტიკოსი (ინგლისურ ვერსიასთან დაკავშირებით)

მობილური: 557 364 023

Email: mathias@transparency.ge

--- პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს. 

 

Media