ხელისუფლების “პიარისათვის” საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საკვლევი პერიოდის განმავლობაში 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა. კვლევა ეყრდნობა 121 საჯარო უწყებიდან გამოგზავნილ ინფორმაციას.
ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ მათი საქმიანობისა თუ მიღწევების შესახებ მოსახლეობა სათანადოდ არ არის ინფორმირებული. მთავარ მიზეზად კი არასათანადო “პიარი” სახელდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ რა თანხას ხარჯავდა ხელისუფლება 2012-2017 წლებში ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებზე, რომელთა მთავარ ფუნქციას, სწორედ ხელისუფლების საქმიანობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და მასმედიასთან ურთიერთობა წარმოადგენს.
გამოთხოვილი ინფორმაცია
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 133 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რათა დაედგინა 2012-2017 წლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ბიუჯეტიდან მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის შესახებ მონაცემები.
სამწუხაროდ, 12-მა უწყებამ, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ეს ფაქტი გავლენას ახდენს კვლევის შედეგებზეც, რადგან ასეთ სტრუქტურებში პიარის კუთხით დახარჯული თანხა, სავარუდოდ, მაღალია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც აქტიურად ეწევა ხელისუფლების საქმიანობის რეკლამირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და უცხოურენოვან საინფორმაციო ვებგვერდ agenda.ge-საც მართავს. ჩვენს ეჭვს ადასტურებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 76 ადამიანი მუშაობდა (საშტატო/შტატგარეშე), დასაქმებულთა რაოდენობა იურიდიულ დეპარტამენტში მომუშავე ადამიანების ოდენობასაც 55%-ით აღემატება (იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა 34 ადამიანია) და მთავრობის აპარატში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში სიდიდით მეორე ადგილზეა. წინამდებარე კვლევაში არ შედის ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების და მმართველი პარტიის მიერ შესყიდული ლობისტური მომსახურება საზღვარგარეთ.
პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება
ჩვენ მიერ შესწავლილი მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა (საშტატო/შტატგარეშე) მზარდია, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდილია მათი ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხაც. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მონაცემები დათვლილია მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით, პრესამსახურის თანამრომლების ანაზღაურება 2012 წლის ჯამურ დანახარჯს მაინც ბევრად აჭარბებს.
2013-2017 წლებში, პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათი სახელფასო ანაზღაურების მხრივ შემდეგი სამინისტროები ლიდერობს: შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები.
პიარის მიმართულებით დასაქმებულთა ანაზღაურებაში, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა.
აღსანიშნავია რომ, კვლევის ყველა კომპონენტში შესამჩნევი ზრდა 2016 წელს აღინიშნება, რაც შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებით იყოს გამოწვეული, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გაიმართა და “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. ამ წელს პრესსამსახურის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი, 690 იყო, ხოლო მათ ხელფასებში დახარჯულმა თანხამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა.
წინამდებარე კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ 2012 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საჯარო უწყებებში მკვეთრად გაზრდილია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი ანაზღაურების ხარჯები. ფაქტია, რომ მოქმედი ხელისუფლება ათობით მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის, რომელთა უმთავრესი ფუნქციაა მოსახლეობამდე მიიტანონ ხელისუფლების საქმიანობა და მისი შედეგები. შესაბამისად, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი საქმიანობის სათანადოდ წარმოჩენას, მთავარი მიზეზი შესაძლოა არაკომპეტენტურობა იყოს, რაც ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც მიანიშნებს.
ავტორები: მარიამ გოგიაშვილი, სალომე ცეცხლაძე
კვლევის ხელმძღვანელი და თანაავტორი: მამუკა ანდღულაძე