ვთხოვთ მედია ორგანიზაციებს საარჩევნოდ უკანონო სქემების გამოყენების შესახებ მათ ხელთ არსებული მასალები მოგვაწოდონ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვთხოვთ მედია ორგანიზაციებს საარჩევნოდ უკანონო სქემების გამოყენების შესახებ მათ ხელთ არსებული მასალები მოგვაწოდონ

10 ნოემბერი, 2021

ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ არაერთი რეპორტაჟი გავრცელდა, რომელიც  ეყრდნობოდა სავარაუდოდ მამხილებლების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან” გამოტანილ დოკუმენტებს. ჟურნალისტური გამოძიებებიდან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენებით ცდილობს მისი მხარდამჭერების რიგების გაზრდას და პოლიტიკური ოპონენტების დასჯას.

რეპორტაჟებში მოთხრობილია საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით შრომითი ურთიერთობების დასრულების ან გაგრძელების, ასევე, საარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ კონკრეტული პირებისთვის პირობითი მსჯავრის მოხსნის, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისა და სხვა სარგებლის მიცემის სავარაუდო ფაქტების შესახებ. გასაჯაროებული დოკუმენტების საფუძველზე, რეპორტაჟებში მოყვანილია სარწმუნო ფაქტები, მათ შორის კონკრეტული პირების მონაცემები და მათი მოსყიდვისა და მათზე ზეწოლის გარემოებები, რომელთაც თავად ეს ადამიანები ადასტურებენ.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტურ გამოძიებებში მოთხრობილი და მტკიცებულებებით გამყარებული შემთხვევები უკიდურესად შემაშფოთებელია, ვინაიდან ისინი ამხელენ პოლიტიკური და საარჩევნო კორუფციის ყოვლისმომცველ სისტემას, რომელშიც მმართველ პარტიასთან ერთად ჩართულია არაერთი სახელმწიფო უწყება.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რეპორტაჟებში მოყვანილი სავარაუდო შემთხვევების შესასწავლად. ასევე, ვთხოვთ ყველა მედიასაშუალებას, რომელთაც ზემოთ აღწერილი ფაქტების შემცველი დოკუმენტები აქვთ, მოგვაწოდონ აღნიშნული მასალები, რათა შესაძლებელი იყოს მათი სრულყოფილად გაანალიზება.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”

print