ვინ არიან კომუნიკაციის კომისიის წევრები? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვინ არიან კომუნიკაციის კომისიის წევრები?

18 ოქტომბერი, 2024

კანონმდებლობის თანახმად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი, ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის ფუნქციაც ამ სფეროში მომხმარებლის უფლებების დაცვა და პოლიტიკური გავლენებისგან და სიმპატიებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი არბიტრის როლის შესრულებაა. თუმცა, უკვე წლებია, რაც კომუნიკაციების კომისიისა და მისი წევრების საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს ხელისუფლებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისაკენ არის მიმართული.  

ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა წინასაარჩევნო პერიოდში. 27 აგვისტოს, საქართველოში ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებითვის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და მაუწყებლებს ტელეეთერით უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება გაუჩნდათ. ორთვიანი პერიოდის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ უკვე არაერთი საჩივარი დააკმაყოფილა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს არაეთიკური საარჩევნო რეკლამების გაშვებაზე უარისთვის სამართალდარღვევის სადავო ოქმები შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა „მედიაომბუდსმენმაც“ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ კომისია სასამართლოსთან ერთად გახდა „თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები“. „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ამსახველი ფოტოების გამოყენება დაგმო ევროპარლამენტმაც 9 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში.

მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს უკვე მიადგა.  

მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების კომისია კოლეგიალური ორგანოა, ის ერთგული კომისრებით არის დაკომპლექტებული და გადაწყვეტილებებიც, როგორც წესი, ერთსულოვნად მიიღება. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ ვინ არიან და რა ვიცით კომუნიკაციების კომისიის წევრების შესახებ, რომელთაც  ხელისუფლება ხშირად კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად იყენებს.

  • კახი ბექაური - კომისიის თავმჯდომარე  

კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან თავმჯდომარეობს. 2023 წელს გამართულ კონკურსში, სადაც იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, ბექაური ამ თანამდებობაზე მესამე ვადით აირჩიეს. მანამდე, 2014-2017 წლებში, ის კომისიის წევრი იყო. ბექაური კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დიპლომს ფლობს და, ამდენად, თანამდებობის დაკავებისთვის კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ჯერ კიდევ 2017 წელს, თავჯდომარის პოსტზე მისი პირველი ვადით არჩევისას წერდა. 

ბექაური კომუნიკაციების კომისიის წევრად არჩევამდე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია „მე-9 არხის“ დირექტორი იყო. ამავე არხზე პოლიტიკური ტოკ-შოუ მიჰყავდა კახი ბექაურის მეუღლეს, ეკატერინე ბერიძესაც. ბერიძე კომუნიკაციების კომისიის მედიაკადემიის მიერ ორგანიზებულ პროექტებშიც იყო ჩართული. მანამდე, ბექაური, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ტელევიზიაში წამყვან თანამდებობებზე საქმიანობდა, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელში.  

ბექაურის კომუნიკაციის კომისიის წევრობისა და თავმჯდომარეობის პერიოდში, კომისია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობის, კრიტიკული ტელეკომპანიების წინააღმდეგ მიღებული სადავო გადაწყვეტილებებისა და მათთვის სოლიდური ფინანსური ჯარიმების დაკისრების გამო. მაგალითად, 2021, 2022 წლებში, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკმპანია „მთავარი არხი“ რეკორდული - 100 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხებით დააჯარიმა. ბექაური აქტიურად ლობირებდა მედიაბაზრის კიდევ უფრო მეტად რეგულირების ინიციატივებსაც. მაგალითად, ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა ბექაურის ინიციატივა, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველის დანიშვნას გულისხმობდა. ბექაურის თავმჯდომარეობის პერიოდში, კომუნიკაციების კომისიას „არაკომპეტენტურობასა“ და „სიყალბეს“ ედავებოდნენ საქართველოში მოქმედი სატელეკომუნიკაციო ოპერატორებიც. 

გასული წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლება, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლობის შესახებ” კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილებები, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად, ითვალისწინებს სიძულვილის ენისა და უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადატანას. 

ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა საქართველოში. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2014 წლიდან დღემდე, მას შრომის ანაზღაურების სახით ასობით ათასი ლარი აქვს მიღებული. მაგალითად, მხოლოდ 2023 წელს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯომარის წლიურმა თანამდებობრივმა სარგომ 202 632 ლარი შეადგინა.

ამასთან, კახი ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საჯარო მოხელეა. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი ქონება საგრძნობლად იზრდებოდა და მილიონობით ლარს გაუტოლდა. იგი არაერთ კომპანიაში ბიზნესწილებისა და აქციების მფლობელია. მათ შორისაა სუპერმარკეტების ქსელი „ორი ნაბიჯი“. მხოლოდ აქედან ბექაურმა გასულ წელს 18 მლნ ლარის დივიდენდი მიიღო. საგულისმოა, რომ იგი წლების განმავლობაში განაგრძობს კანონის დარღვევას, რამდენადაც მართავს მის საკუთრებაში არსებულ აქტივებს, რაც მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ქონება არაერთხელ გამხდარა მედიის ინტერესის საგანი. მაგალითად, 2020 წელს, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც კახი ბექაურის „მზარდ ქონებას შეეხებოდა“, ნათქვამი იყო, რომ ბექაურმა კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში 1 მ2 მიწის ფართში (ჯამში 50 000 მ2) 10 თეთრი გადაიხადა. კახი ბექაური ასევე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 2024 წელს „მდიდარი ჩინოვნიკების“ შესახებ მომზადებულ სიუჟეტშიც მოხვდა. კომისიის თავმჯდომარის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მოთხოვნების შესაძლო დარღვევის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში ანტიკორუფციულ ბიუროს კომპანია „მაგთიკომმაც“ მიმართა. კახი ბექაური ქონების არასრულად დეკლარირებისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევებშიც მოხვდა.

  • ვახტანგ აბაშიძე - კომისიის წევრი

პროფესიით ჟურნალისტი, ვახტანგ აბაშიძე 2017 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია. მანამდე, 2014-2017 წლებში, ის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იყო. ვახტანგ აბაშიძე კომუნიკაციების კომისიას 2000-2004 წლებშიც თავმჯდომარეობდა. წარსულში მას სახელმწიფო სტრუქტურაში, კერძო სექტორსა და მედიასფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე საქმიანობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 1995-2000 წლებში, ვახტანგ აბაშიძე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ აბაშიძე 50%-იან წილს ფლობს შპს „ოპტიმა მენეჯმენტში“, 34%-იან წილს შპს „ჩვენ და შვილებში”, 30%-ს შპს „დეგაპრინტ+-ში“, 10%-ს კი - შპს „ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრში“. კახი ბექაურის მსგავსად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ წარსულში ხარვეზები აღმოაჩინა ვახტანგ აბაშიძის ქონებრივ დეკლარაციაშიც. მაგალითად, 2017 წელს მას დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული 34%-იანი წილის მფლობელობა ერთ-ერთ კომპანიაში. ასევე, არ ჰქონდა ასახული ინფორმაცია ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ აბაშიძის ძმა - ზურაბ აბაშიძე, 2000-2004 წლებში საქართველოს ელჩი იყო რუსეთში. 2012 წელს, იგი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში საქართველოს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. აბაშიძე პირდაპირ პრემიერმინისტრის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. მას ეს თანამდებობა 2024 წლის მარტამდე ეკავა. ამის შემდეგ, იგი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა.

  • ნათია კუკულაძე - კომისიის წევრი 

ნათია კუკულაძე 2021 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია. მანამდე, 2019-2021 წლებში, იგი კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი იყო. კუკულაძეს სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 2012-2019 წლებში, ნათია კუკულაძე საჯარო სექტორიში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა. მათ შორის, 2014-2016 წლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინაციის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების გამო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში ნათია კუკულაძეც მოხვდა. კერძოდ, 2022-2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებში ნათია კუკულაძემ არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. მოგვიანებით, კუკულაძემ განმარტა, რომ ეს „ტექნიკური გაუგებრობა“ იყო, რომელიც აღმოიფხვრა.

  • ეკატერინე იმედაძე - კომისიის წევრი 

ეკატერინე იმედაძე კომუნიკაციების კომისიის წევრად 2021 წელს აირჩიეს. მანამდე, 2019-2021 წლებში, იგი კომუნიკაციების კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი იყო. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი კომპანია „ვიონი საქართველოში“ („ბილაინი“) სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მანამდე იგი სხვადასხვა კერძო კომპანიაში ფინანსების მიმართლებით მსახურობდა. ეკატერინე იმედაძე ფიზიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხებს ფლობს თბილისის სახელმწიფო და ბრედფორდის უნივერსიტეტებიდან.

  • ივანე მახარაძე - კომისიის წევრი

Europa-Institut-ის ევროპის სამართლისა და მედიასამართლის მაგისტრი, ივანე მახარაძე კომინიკაციების კომისიის წევრი 2021 წლიდან არის. მანამდე, 2013-2021 წლებში იგი კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების დეპარტამენტის/მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი იყო. კიდევ უფრო ადრე, 2007-2013 წლებში, ივანე მახარაძე კომინიკაციების კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტისა და მთავრი სპეციალისტის პოზიციებზე მუშაობდა. 

საგულისხმოა, რომ კომისიის წევრად არჩევამდე, ივანე მახარაძის დეპარტამენტი, სხვა კომისრებთან ერთად აქტიურად მხარს უჭერდა კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებულ მთელ რიგ სადავო წინადადებებს თუ კანონმდებლობის განმარტებებს, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის ენის რეგულაციას თუ კრიტიკული მაუწყებლების ეთერში გასული მასალის გამო მათ წინააღმდეგ უხამსობის საფუძვლით სადავო საქმეების დაწყებას.

print