ვახო სანაიას მიმართ განხორციელებული ძალადობა საშიშ პრეცენდენტს ქმნის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვახო სანაიას მიმართ განხორციელებული ძალადობა საშიშ პრეცენდენტს ქმნის

25 თებერვალი, 2021

 

კატეგორიულად ვგმობთ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას  ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული საქმე და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.  

ვახო სანაიას განცხადებით, უცნობი პირები თავს დაესხნენ  და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის ნათესავს. „პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ“, - ამბობს სანაია. ინციდენტის  დროს ჟურნალისტს თან ახლდა მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია თავდასხმაში მონაწილე სამივე პირი. 

აღნიშნული ფაქტი არის ხელისუფლების იმ აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი, რომელიც მიმართულია კრიტიკული მედიის, ჟურნალისტების თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. შედეგად, წახალისება ხდება მსგავსი სახის ძალადობისა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. 

ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც პირველ რიგში კრიტიკული აზრის გამოხატვას და თავისუფლად გავრცელებას გულისხმობს. მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, გაიაზრონ მათი როლი ამ პროცესში, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ, საჯაროდ დაგმონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფორმის ძალადობა და უზრუნველყონ მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.