თორნიკე რიჟვაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომელშიც ჩანდა, რომ მას და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს სხვა 5 თანამდებობის პირს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეგნებულად არ ვპასუხობთ პოლიტიკური ტიპის თავდასხმას და შეურაცხყოფას, რადგან ეს მაღალჩინოსნების ჩვეული მანკიერი პრაქტიკაა და, უპირველესად, ამ პოლიტიკოსების მხრიდან განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე მიუთითებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე დღემდე ფლობს 25% შპს „აჭარა ბერრის ლიმითედში”, რომელიც მას საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა. მინდობის ხელშეკრულება არ არის ასახული საჯარო რეესტრის მონაცემებში.
თორნიკე რიჟვაძეს არც თავის ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებია, რომ აღნიშნული წილი სამართავად მან სხვა პირს გადასცა. 2018 და 2019 წლების ქონებრივ დეკლარაციებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ არის ამ წილის მფლობელი, თუმცა კანონი მას ავალდებულებდა ამ წილის მინდობით გადაცემას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თორნიკე რიჟვაძის განცხადება არ არის სიმართლე და მისი მიზანია, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.
მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და შეასრულონ „საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის” ყველა მოთხოვნა, რათა ჯეროვნად შეავსონ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს, რომ გულდასმით შეისწავლოს თორნიკე რიჟვაძის და კვლევაში მოხსენიებულ თანამდებობის სხვა პირებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზები და შესწავლის შედეგები გაასაჯაროვოს.
