თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასება

20 აგვისტო, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეაფასა თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საქმიანობა.

ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს და მოიცავს 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთს.

ძირითადი მიგნებები

თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის კვლევის პროცესში გამოვლენილი ტენდენციები:

კონტროლის ფუნქციის განხორციელება

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა და კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა;
  • მერიის თანამდებობის პირები 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით არ წარმდგარან.

სამართლებრივი აქტების მიღების პროცესი

  • 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის პერიოდში გაიმართა საკრებულოს 51 სხდომა და 25 რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს არცერთი სხდომა არ ჩაშლილა;
  • ამავე პერიოდში საკრებულოს არ დაუმტკიცებია არცერთი ხელშეკრულება, რომელთა ღირებულება აღემატება ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს;
  • კვორუმის არარსებობის გამო არცერთი კომისიის სხდომა არ ჩაშლილა;
  • კახეთის მხარის რვა მუნიციპალიტეტს შორის თელავის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი ყველაზე აქტიურია, მუდმივად ახლდება და ანონსდება ღონისძიებები;
  • საკრებულოს სხდომების ვიდეო-ჩანაწერები რეგულარულად იტვირთება მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე და საჯაროდ ხელმისაწვდომია;
  • მერიის თანამდებობის პირები 2017 წლის მოწვევის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით არ წარმდგარან;
  • საკრებულოს თელავის მუნიციპალურ ორგანოებში აუდიტის ჩასატარებლად დამოუკიდებელი აუდიტორი არ მოუწვევია;
  • სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ საკრებულოს წარუდგინა 12 სამართლებრივი აქტის პროექტი, ხოლო სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიამ - 3 სამართლებრივი აქტის პროექტი.

ანგარიშვალდებულება

  • საკრებულოს წევრებმა საკრებულოს სხდომები ჯამში 167-ჯერ გააცდინეს. ყველაზე მეტი გაცდენა უფიქსირდებათ: ლევან ოთიურიძეს - 25; ლევან მრელაშვილს - 13; ალექსანდრე კუპატაძეს - 11;
  • 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საკრებულომ გახარჯა 70,467.54 ლარის ღირებულების საწვავი;
  • საკრებულოს დამოუკიდებელი აუდიტორი არ მოუწვევია;
  • საკრებულოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების მოსამზადებლად, არ შეუქმნია სათათბირო ორგანოები და არ განუსაზღვრავს მათი საქმიანობის წესი;
  • საკრებულოს ფრაქციების თანამდებობის პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურებამ 2018 წელს - 177,208.64 ლარი, ხოლო 2019 წელს 188,553.4 ლარი შეადგინა.
print