ENG

შესაძლო ზეწოლის ფაქტი რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებზე

06 ივლისი, 2017

მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელი კამილა მამედოვა ხელისუფლებასა და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მხრიდან რადიოში გასული კრიტიკული მასალების გამო ზეწოლაზე საუბრობს. მამედოვას თქმით, მას და მის ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ პირად საუბრებში, სატელეფონო ზარებით და სოციალური მედიის გზავნილებით. ასევე, ფეისბუქში შეიქმნა ყალბი პროფილი, რომელიც კამილა მამედოვოს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა. 1 ივლისს კამილა მამედოვამ პოლიციას აღნიშნული ფაქტების გამოძიების მიზნით მიმართა. პოლიციიდან პასუხი ამ დრომდე არ ყოფილა.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი და საჯაროდ გაავრცელონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წამომადგენლებს კი მოვუწოდებთ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟურნალისტებთან ურთიერთობას, გაიაზრონ მათი როლი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა.

„საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველო“ სხვადასხვა დროს წერდა წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონულ მედიაზე ზეწოლის ფაქტების გახშირების ტენდენციაზე. მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ გადამწვეტად მნიშვნელოვანია ყველა მსგავს შემთხვევაზე სამართალდამცავების მხრიდან დროული და ადეკვატური რეაგირება, რათა წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.