ENG

შესაძლო კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამა „ობიექტივის” ეთერში

15 აგვისტო, 2017

15 ივნისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2” დამრღვევად იმის გამო ცნო, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში მის ეთერში პოლიტიკური რეკლამა გაუშვა. საქმე პრეცედენტული იყო და ამ გადაწყვეტილებით მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება აეკრძალათ.

მიუხედავად ამისა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში აქტიურად გადის სხვადასხვა ვიდეორგოლი (მაგალითად, ეს: ჩამოტვირთვის ბმული https://goo.gl/Snk9hb), რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საუბრობენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, კონსტიტუციის ფორმირების საკუთარ ხედვაზე, ხელისუფლების შეცდომებზე და მაყურებლებს პარტიის მიერ დაგეგმილ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით, ასევე, უნდა დაინტერესდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ტელეკომპანია „ობიექტივზე” „პატრიოტთა ალიანსის” ვიდეორგოლების განთავსება 1 აგვისტოდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მათზე არ არის მითითებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საჭირო ატრიბუტები (ფასიანი/უფასო პოლიტიკური რეკლამა და საარჩევნო სუბიექტი), ვიდეორგოლები თავისი შინაარსით წალსახად წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას. აქედან გამომდინარე, სახეზე გვაქვს მაუწყებლის ეთერში არასაარჩევნო პერიოდში განთავსებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 15 ივნისის ზემოთ აღნიშნული  გადაწყვეტილების თანახმად, აკრძალულია. ეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2”-ის მიერ სასამართლოში არის გასაჩივრებული.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლები წარმოადგენს ტელეკომპანია „ობიექტივის” მიერ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას, რომელიც კანონთან შეუსაბამოა.

მივმართავთ:

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები;

  • ტელეკომპანია „ობიექტივსა” და პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” - შეწყვიტონ ზემოთ აღნიშნული ვიდეორგოლების განთავსება ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე.