საზოგადოებრივი მოძრაობების შემოწირულება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საზოგადოებრივი მოძრაობების შემოწირულება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ

14 ნოემბერი, 2018

 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე სავარაუდოდ არაფორმალური საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლებმაც სხვადასხვა საჯარო პოლიტიკური ღონისძიება გამართეს. მათ შორისაა „მე ვიცავ თავისუფლებას“, „არა მიშას, არა ნაცებს“, „არა ნაციზმს“ და სხვა. ამ ორგანიზაციების ღონისძიებები მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ ჯგუფების ქმედებები აშკარად შეიცავს ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო და მეორის საწინააღმდეგო აგიტაციას და ამისთვის სავარაუდოდ იხარჯება გარკვეული თანხები. ეს ქმედებები კი შესაძლოა წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებულ შემოწირულებას, რომელთა იდენტიფიცირებასა და აღრიცხვაზე ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გაწიოს. ეს შემთხვევები უფრო დეტალურად ქვემოთ არის მიმოხილული.

საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მოსახლეობასთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს, რომლის მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აგიტაცია და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაა. ორგანიზაცია ასევე ხსნის ოფისებს რეგიონებში. იგივე მოძრაობამ 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირსა და რუსთაველის თეატრში მოაწყო სააგიტაციო შეხვედრა.

ქუთაისში ორი ოფისი გახსნა საზოგადოებრივმა  მოძრაობამ „არა მიშას, არა ნაცებს“. კიდევ ერთ მოძრაობას „არა ნაციზმს“ დაგეგმილი აქვს არჩევნების დღეს იმ ამომრჩევლის თბილისიდან რეგიონში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ვინც ამას თავად ვერ ახერხებს, ამ მოძრაობის წარმომადგენლის განცხადებით, მიზანი ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების ხელშეშლაა. ამ მოძრაობას თბილისში რუსთაველის გამზირზე გახსნილი აქვს ოფისი.

ჩამოთვლილი საზოგადოებრივი მოძრაობების აქტივობებიდან ცხადია, რომ ისინი საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს და ამისთვის მატერიალურ სახსრებსაც ხარჯავენ, რაც ქართული კანონმდებლობით საარჩევნო შემოწირულებას წარმოადგენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს კანონის შესაბამისად დეკლარირებული, არ უნდა აჭარბებდეს დაწესებულ ზღვრებს, შემომწირველი არ უნდა იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ) ან უცხო ქვეყნის მოქალაქე და ა.შ.

მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ზემოაღნიშნული ორგანიზაციების აქტივობები და შემოწირულებების გაღების დადასტურების შემთხვევაში, მასზე გაავრცელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები.

print