ENG

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილისთვის შეთავაზებული სამუშაო გრაფიკის ცვლილება ბუნდოვანია

04 სექტემბერი, 2018

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და კითხვებს ბადებს პროცესის გაუმჭვირვალობისა და ცალკეული თანამშრომლების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის გამო.

ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა  თანამშრომლების ნაწილს სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება წარუდგინა. აღნიშნული ინიციატივის საფუძველზე, მაუწყებლის კონკრეტული თანამშრომლები საათობრივი ანაზღაურების სისტემაზე გადავლენ. მენეჯმენტის განცხადებით, თუკი თანამშრომლები ამ შეთავაზებას 4 სექტემბრამდე არ დათანხმდებიან, მათ  ორთვიანი  ანაზღაურების კომპენსაციის მიღების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინამდებარე ცვლილებების შესახებ საჯარო განცხადება მოგვიანებით , მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა მენეჯმენტის სადავო ინიციატივის შესახებ. აღნიშნულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მაუწყებელში დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს, ამ ადამიანებს კი სამსახურში “უაღრესად დაბალი” გამოცხადება აქვთ, ხოლო ნაწილი ფაქტობრივად არ დადიოდა სამსახურში. თუმცა, მენეჯმენტი თანამშრომლებისათვის გაკეთებულ შეთავაზებებში  ზემოთ აღნიშნულ საფუძვლებზე საერთოდ არ საუბრობს.  

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წლებია უშედეგოდ აანონსებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ატესტაციის თუ შეფასების პროცესს. დღემდე არ არის შექმნილი თანამშრომლების შეფასების გამჭვირვალე სისტემა; არ არის დათვლილი რა რაოდენობის თანამშრომელი სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს; და არ არსებობს საშტატო განრიგი. ამის პარალელურად კი, ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში უკონკუროსოდ დასაქმდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიების, GDS-ისა და “მეცხრე არხის” ათობით ყოფილი თანამშრომელი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მხარს უჭერს რეფორმების აუცილებლობას საზოგადოებრივ მაუწყებელში, თუმცა პროცესი  ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, ყველა დასაქმებულის კვალიფიკაცია შეფასდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და გამოირიცხოს სუბიექტური მოსაზრებებით ცალკეული ადამიანების გამოყოფა და მათი დისკრიმინაცია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ ყველა ლეგიტიმურ კითხვას, რათა არ დარჩეს ეჭვები მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლთა ნაწილის მიმართ უსამართლო მოპყრობასთან დაკავშირებით.

ასევე, მოვუწოდებთ სამეურვეო საბჭოს და საქართველოს პარლამენტს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასწრაფოდ დაინტერესდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზად არის შესაბამისი იურიდული დახმარება გაუწიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

განცხადება მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით