საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მუშაობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მუშაობის შეფასება

14 დეკემბერი, 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ კვლევა მოიცავს მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის პირობებში  მიმდინარე პროცესების შესწავლას და არსებული პრობლემების დადგენას.

ნათია კაპანაძის სახელთან, რომელიც გასული წლის დეკემბერში აირჩიეს აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორად, ასოცირდება მაუწყებელში გარკვეული რეფორმების ინიცირება, კერძოდ, შემუშავდა ორგანიზაციის განვითარებისთვის საჭირო მთელი რიგი დოკუმენტაცია, განახლდა ძველი და დაიწყო ახალი გადაცემები, უფრო გამჭვირვალე გახდა თანამშრომელთა დასაქმების პროცესი. ორგანიზაცია არის გახსნილი მოქალაქეებისა და დაინტერესებული პირებისთვის, თუმცა აჭარის ტელევიზია და რადიო კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

კვლევის ფარგლებში აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შემდგომი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა:

  • აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება გამოწვევაა. ახალი სტრუქტურის, სტრატეგიის დოკუმენტისა და ტექნიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების პროცესი გაჭიანურდა.

  • ახალი სტრუქტურის დამტკიცებამდე ვერ ხერხდება თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების შემუშავება, შესაბამისად კონტრაქტების გადახედვა და სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა.

  • ბადეში განთავსდა ახალი გადაცემები - სტუდია „რეკის“ გამოძიებები, „კონტექსტი“, „ანარეკლები“, თუმცა ტელევიზიის რეიტინგი კვლავ დაბალია.

  • ორგანიზაციაში თანამშრომლების მოტივაციის ნაკლებობა მთავარ გამოწვევად რჩება. პრობლემაა თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვიანობაც.

  • შესყიდვებისას არის შემთხვევები, როცა შესყიდვის კატეგორია და მიწოდებული მომსახურება შეუსაბამოა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებების ცვლილება დაუსაბუთებლად ხორციელდება, არ არის მოთხოვნილი პრეტენდენტის გამოცდილება;

  • აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობა არის მუშაობისთვის შეუსაბამო და არ არის უსაფრთხო. პრობლემას ქმნის ის, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რაც სარემონტო სამუშაოებისგან ზღუდავს. ამასთან, მაუწყებლის მიერ 2014 წლამდე შეძენილი ნებისმიერი ქონება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე ირიცხება, შესაბამისად, მაუწყებელი მოკლებულია შესაძლებლობას, განკარგოს ის.

  • მრჩეველთა საბჭოს მიერ პრიორიტეტები საკმაოდ ფართოდაა ფორმულირებული და შესრულების კრიტერიუმებიც არ არის ცხადად გაწერილი.

  • აჭარის უმაღლესი საბჭო არ ასრულებს კანონის მოთხოვნას აირჩიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი.

 

print