სახელმწიფოს მხრიდან სპორტული ფედერაციების დაფინანსების პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს: ჭიდაობის ფედერაციის მაგალითი
2019 წლის 11 იანვარს „სპორტის სასახლეში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაზარალებულმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა, უშუალოდ ინციდენტის გარდა ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემების არსებობაზე ისაუბრა. 25 იანვარს დათუნაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა პრესკონფერენციაზე ფედერაციაში პროტექციონიზმზე, ფინანსურ დარღვევებზე და მრავალათასიან პრემიებზე განაცხადეს. მათ მიერ გასაჯაროებული ინფორმაციიდან იკვეთება კორუფციის და თანხების არამიზნობრივი განკარგვის ნიშნები, რითაც, გარდა პროკურატურისა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც უნდა დაინტერესდეს.
დათუნაშვილის მონათხრობით და წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ირკვევა, რომ:
2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის იანვარში ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსმა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა 26 974 - 26 974 ლარის, ხოლო პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ 40 000 ლარის ოდენობის პრემიები მიიღეს1 ეს ოდენობები მრავალგზის აღემატება სხვაზე გაცემულ პრემიებს, რაც კორუფციის კუთხით ეჭვებს აჩენს.
ფედერაციამ 4 წლის განმავლობაში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” დეპუტატის და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის დის სასტუმროს, გაწეული მომსახურებისთვის 1 600 000 ლარი გადაურიცხა.
დათუნაშვილის თქმით, მოჭიდავეები სპორტული მიღწევების შედეგად მიღებულ ჯილდოს პირველ და მეორე მწვრთნელებს უყოფენ, ხოლო ვინ უნდა იყოს მეორე მწვრთნელად მითითებული, ამას ფედერაციის პრეზიდენტი გეგეშიძე წყვეტს.
ფედერაციის პრეზიდენტის შეუზღუდავი ძალაუფლება
თამაზ (გეგა) გეგეშიძის მოსვლის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი გახდა. ფედერაციის ყრილობებს შორის, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება, ფედერაციის პრეზიდიუმი ერთადერთი ორგანოა, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღუდავს და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებაც შეუძლია. 2017 წელს შეიცვალა წესდება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი თავად ნიშნავს ფედერაციის პრეზიდიუმის წევრების ⅔-ს (მანამდე პრეზიდიუმის მთლიან შემადგენლობას ფედერაციის ყრილობა ნიშნავდა), ხოლო პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას, ასევე, ხმათა ⅔ სჭირდება (მანამდე უბრალო უმრავლესობაც საკამარისი იყო), რაც პრეზიდიუმს ფედერაციის პრეზიდენტზე სრულიად დაქვემდებარებულ ორგანოდ აქცევს და ამით ფედერაციის მმართველობითი სისტემის დემოკრატიულობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.
საბიუჯეტო დაფინანსება
ჩვენთვის მოწერილი წერილის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია ფედერაციაში გაცემული პრემიების თაობაზე, რადგან სპორტის განვითარების ხელშეწყობის საბიუჯეტო პროგრამით ფედერაციის თანამშრომლების მხოლოდ ხელფასის ანაზღაურებაა გათვალისწინებული. თუმცა, სამინისტრო უშვებს, რომ ფედერაცია „შესაძლებელია“ თანამშრომლებს ახალისებდეს იმ ფულადი პრიზების ფარგლებში, რომელიც უშუალოდ ფედერაციისთვის არის გაცემული და მისი განკარგვის შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს. ასევე, სამინისტრო იმასაც უშვებს, რომ ფედერაციას გააჩნდეს სხვა სახსრები (სპონსორი ან გრანტის სახით), მაგრამ ამის შესახებაც არ აქვს ინფორმაცია.
ჭიდაობის ფედერაციის დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაა (იხ. დიაგრამა N1). 2
ამ საბიუჯეტო პროგრამის უშუალო მიზანი არის არა ა(ა)იპ „ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის“ დაფინანსება, არამედ ჭიდაობის განვითარების ხელშეწყობა. ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას განკარგავს სამინისტრო, რომელიც ამ მიზნის შესრულებას ფედერაციის დაფინანსებაში ხედავს და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას თანხას ყოველ წელს ურიცხავს.
ა(ა)იპ „ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია“ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი იურიდიული პირია, თუმცა სამინისტრო ვალდებულია საბიუჯეტო თანხები განსაკარგად გადასცეს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც მაღალ სტადარტებს და შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ფედერაციაში არსებული მმართველობის სტანდარტები დეტალურ კვლევას საჭიროებს, თუმცა სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტებში3 არსებული შეფასებებითაც იკვეთება იქ არსებული პრობლემები და კარგი მმართველობის დადგენილი სტანდარტების უგულვებელყოფა.
კარგი მმართველობის პრობლემა და კორუფციის რისკები
კორუფციასთან ბრძოლა სპორტული ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კარგი მმართველობის სტანდარტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა შემუშავებული, გამოყოფენ გამჭვირვალობის, დემოკრატიის, შიდა ანგარიშვალდებულების/კონტროლის და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.4
ასეთი სტანდარტები ქართული კანონმდებლობითაც დადგენილია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით,5 ორგანიზაციის აღიარებისა და დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია კარგი მმართველობა, რომელიც მათ შორის მოიცავს შიდა მენეჯმენტის ხარისხის დონეს, ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ეფექტიან მუშაობას, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარმოებას და ა.შ.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმებით 2016 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ხოლო 2018 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა „სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების საფუძველზე, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით მიღებული ქულები და მათი პროცენტული გადანაწილება“, სადაც რეალურად წარმოდგენლილია ფედერაციების რეიტინგები და მათი დაფინანსება. კვლევისთვის საინტერესოა კარგი მმართველობის კომპონენტი (იხილეთ ცხრილი N1):
* 2017 წელს ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობა არ შეფასებულა
2018 წელს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია კარგი მმართველობის კომპონენტის მიხედვით, იმ 33 ფედერაციას შორის, რომლებმაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო, 25-ე ადგილზე იყო (იხილეთ ცხრილი N2), ხოლო იმ 10 ფედერაციას შორის ვინც 1 მლნ ან მეტი დაფინანსება მიიღო — ბოლო ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მმართველობის კომპონენტი უარესდებოდა, ფედერაციის დაფინანსება მაინც გაიზარდა, უფრო მეტიც, 2018 წელს დაგეგმილი 4 500 000 ლარი დაფინანსება დაკორექტირდა და 5 600 000 ლარი შეადგინა.
* 2017 წლის დაფინანსება შეადგენდა 4 321 000 ლარს, არსებითი მატება გამოწვეულია 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობისთვის გათვალისწინებული თანხების მობილიზების გამო.
რეკომენდაციები
ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმის თქმა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ჭიდაობის განვითარების პროგრამის მიზნებისთვის ა(ა)იპ „ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის“ დაფინანსება შეიცავს ამ სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის მაღალ რისკებს, ხოლო წარსული ტრანზაქციები შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა გადახედოს ა(ა)იპ „ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას და ჭიდაობის განვითარების უზრუნველსაყოფად უფრო ეფექტიანი გზები მოიძიოს;
სავალდებულო უნდა გახდეს სამინისტროს მხრიდან სპორტული ფედერაციების საქმიანობის ყოველწლიური შეფასება. შეფასების დოკუმენტმა და მიღებულმა ქულებმა უნდა განსაზღვროს მიიღებს თუ არა ესა თუ ის ფედერაცია სახელმწიფო დაფინანსებას.
____________________________
1ასევე, ლიბერალის მიერ ფედერაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად 2017 წელს ტექნიკურმა მენეჯერმა თავისუფალ ჭიდაობაში ჯამში 40 000 ლარზე მეტი პრემია მიიღო.
2 2019 წლიდან პროგრამას ახალი დასახელება აქვს: „მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია“. მხარჯავი დაწესებულება: 2016-2017 წლებში — სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; 2018 — საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 2019 — განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
3 იგულისხმება „სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების საფუძველზე, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით მიღებული ქულები და მათი პროცენტული გადანაწილების“დოკუმენტები, რომლებიც ქვემოთ უფრო დეტალურადაა განხილული.
4 Geeraert, A. (2018). National Sports Governance Observer. Indicators and instructions for assessing good governance in national sports federations. Aarhus: Play the Game / Danish Institute for Sports Studies.
5 „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება.
6 ამ გრაფაში მითითებული პროცენტული წილი იმ ფედერაციების ჯამური დაფინანსებიდან, რომლებმაც ბიუჯეტიდან 100 ათასი ან მეტი დაფინანსება მიიღეს. გათვალისწინებული არ არის ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსება, რადგან 2018 წელს საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძლობისთვის მიღებული 25 მილიონი არ იძლეოდა კორექტული შედარების საშუალებას.
7 წლის განმავლობაში გაიზარდა 3 987 700 ლარამდე.
8 წლის განმავლობაში გაიზარდა 5 600 000 ლარამდე.