სახელმწიფო შესყიდვების ანგარიში: როგორ ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს
2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესწავლამ გამარტივებული შესყიდვების წილის ზრდის ტენდენცია და კორუფციის მაღალ რისკებთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევები გამოავლინა, რაც ახლადდაფუძნებულ კომპანიებთან და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნეს ორგანიზაციებთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმებას უკავშირდება. ასეთი ფაქტებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რათა კორუფციის პრევენცია მოხდეს.
საანგარიშო პერიოდში შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა:
გამარტივებული შესყიდვები
2.5 წლის განმავლობაში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 2.86 მლრდ ლარი შეადგინა. 2015 წელს გამარტივებული შესყიდვები მთლიანი შესყიდვების 33.7% იყო, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 37%-ს მიაღწია;
ახალდაფუძნებულ კომპანიებთან 95 მლნ ლარის ღირებულების 25 625 ხელშეკრულება დაიდო, მათ შორის, ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ხელშეკრულების ღირებულება მილიონ ლარს აღემატება;
345 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო ისეთ გარემოებებში, როდესაც ხელშეკრულების გაფორმება წინ უსწრებდა კომპანიის რეგისტრაციას ან კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო დაფუძნებული; (მაგალითად, ასპინძის მუნიციპალიტეტმა 115 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა შპს „ქილდა 2015”-თან, როცა კომპანია მხოლოდ 12 დღის დაფუძნებული იყო.)
150-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა 140-მდე პირმა (ყოფილი ან მოქმედი მეწილე ან დირექტორი) მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” 6 მლნ ლარამდე თანხა შესწირა. მათი კომპანიების მიერ მიღებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 75 მლნ ლარი შეადგინა;
გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მსხვილი კონტრაქტები „გარდაბნის თბოსადგური 2”-მა (მთლიანობაში დაახლოებით 376 მლნ ლარი), „ჯორჯიან ტრანზიტმა” (245 მლნ ლარი) და თბილისის მერიამ (145 მლნ ლარი) დადეს;
10 ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის მიერ დადებული ხელშეკრულებების ჯამურმა ოდენობამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი კი China Tianchen Engineering Corpoeration იყო, რომელსაც „გარდაბნის თბოსადგურ 2“-თან 376 მლნ ლარის ღირებულების მხოლოდ 1 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული;
10 ყველაზე მსხვილი შესყიდვის კატეგორიის ღირებულებამ 1.77 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი ოდენობის თანხა სამშენებლო სამუშაოებზე მოდის;
შემსყიდველებმა 93.6 მლნ ლარის ღირებულების 6 772 გამარტივებული ხელშეკრულება დადეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან;
43 სახელმწიფო საწარმოსთან გამარტივებული გზით 57 მლნ ლარის ღირებულების 3 949 ხელშეკრულება დაიდო;
სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში რეგისტრირებულ 2 400-ზე მეტ ორგანიზაციას არცერთი ხელშეკრულება არ გაუფორმებია ტენდერის გზით და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით სარგებლობდნენ.
შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით ჩანს, რომ 50-ზე მეტ შემსყიდველს თითქოს გამარტივებული შესყიდვებით საერთოდ არ უსარგებლია, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია და გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაციის შეგნებულ დაფარვას აქვს ადგილი. მათ მიერ განხორციელებული შესყიდვებიდან ტენდერები იძებნება, გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებები კი პორტალზე არ არის ხელმისაწვდომი, რაც პრობლემას წარმოადგენს.
ტენდერები
ტენდერის გზით 6.1 მლრდ ლარის ღირებულების 66 639 ხელშეკრულება დაიდო;
ამ პერიოდში ყველაზე მსხვილმა 31-მა კომპანიამ 1.36 მლრდ ლარის ღირებულების 1 629 ხელშეკრულება გააფორმა;
ყველაზე მეტი ღირებულების კონტრაქტები „ბლექს სი გრუპმა“ მიიღო - დაახლოებით 89 მლნ ლარის ღირებულების 19 ხელშეკრულება. მეორე ადგილს „საბა კონსტრაქშენი“ იკავებს 83 მლნ ლარის ღირებულების 20 ხელშეკრულებით.
1 849 ახალ დაფუძნებულ კომპანიასთან 200.3 მლნ ლარის ღირებულების 6 946 ხელშეკრულება დაიდო (ტენდერების გზით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობის 10%). მაგალითად, რუსთავის მუნიციპალიტეტის 735 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ შპს „ათონი”, რომელიც ტენდერის გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ დაფუძნდა.
80-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა (მოქმედი ან ყოფილი მეწილე ან დირექტორი) 90-მდე პირმა მმართველ პარტიას დაახლოებით 3.6 მლნ ლარი შესწირა. მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 360 მლნ ლარზე მეტი ღირებულების დაახლოებით 1 600 სატენდერო ხელშკრულება მიიღეს;
82 უცხოურ კომპანიასთან ტენდერების გზით სულ 247.4 მლნ ლარის ღირებულების 175 ხელშეკრულება გაფორმდა (ტენდერების ჯამური ღირებულების 4%);
ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ტენდერები თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიებზე მოდის, რიგით მეორე კი აზერბაიჯანია. უცხოური კომპანიებისგან შესყიდვის ყველაზე მსხვილი კატეგორია ფარმაცევტული პროდუქტებია.
ტენდერებში კონკურენცია დაახლოებით 10%-ით გაიზარდა - 2015 წელს ტენდერში მონაწილეთა საშუალო მაჩვენებელი 2.03-ს შეადგენდა, 2017 წლის 6 თვის მდგომარეობით ის 2.22-მდეა გაზრდილი. თუმცა, დაბალი კონკურენცია კვლავ პრობლემად რჩება - მაგალითად, თიანეთის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ყველა ტენდერს, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ტენდერების 66%-ს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა;
გამოცხადებული ტენდერების 71%-ში ხელშეკრულება დაიდო, 29 %-ის შემთხვევაში კი ტენდერი არ შედგა;
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ის შემსყიდველები (მაგალითად ახალგორის მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრის მიერ გამოცხადებული 25-ვე ტენდერი წარუმატებლად დასრულდა), რომელთა მიერ გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის მაჩვენებელი ძალიან მაღალია და 60%-დან 100%-ს შორის მერყეობს.
66 მლნ ლარის ღირებულების 1 136 ხელშეკრულება არ შესრულდა (მთლიანი ტენდერების 1%)
22-მა მსხვილმა შემსყიდველმა (50 მლნ ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის განმახორციელებელი), საერთო ჯამში, დაახლოებით 3.1 მილიარდი ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა;
15 ყველაზე მსხვილი შესყიდვის კატეგორიამ 4.67 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლებზეც 29 334 ხელშეკრულება გაფორმდა. აქაც ყველაზე მეტი თანხა სამშენებლო სამუშაოებზე მოდის.
რეკომენდაციები
სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში ბევრი პროგრესული ცვლილება შევიდა (მათ შორის გამარტივებული შესყიდვების წინასწარ შეთანხმების საჭიროება შესყიდვების სააგენტოსთან, ასევე ახალი ტიპის ორეტაპიანი ტენდერების შემოღება), თუმცა გასათვალისწინებელი რჩება რიგი რეკომენდაციები, მათ შორის გამარტივებული შესყიდვის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის, კანონმდებლობაში ფორს-მაჟორის ცნების შემოტანა და სანქციების შემოღება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც შემსყიდველი პოსტფაქტუმ ვერ ასაბუთებს გადაუდებელ აუცილებლობას;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა შეისწავლოს ის შემსყიდველები, რომლებიც ჩაშლილი ტენდერების მაღალი წილით გამოირჩევნიან, დაადგინოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები (რაც შეიძლება იყოს არასწორი დაგეგმვა, მიმწოდებლების სიმცირე და ა.შ.) და გადადგას საპასუხო ნაბიჯები;
სააგენტომ, ასევე, უნდა შეისწავლოს დაბალკონკურენტული ტენდერები, დაადგინოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები (რაც შეიძლება იყოს კონკრეტულ რეგიონში მიმწოდებელთა სიმცირე, არასწორი დაგეგმვა, ტენდერის პირობების კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგება თუ სხვა) და მიიღოს შესაბამისი ზომები;
სააგენტო უნდა დაინტერესდეს იმ საჯარო უწყებებით, რომლებსაც ტენდერით არცერთხელ არ უსარგებლიათ ან გამარტივებული შესყიდვების განსაკუთრებით მაღალიწილით გამოირჩევიან;
სააგენტომ უნდა უზრუნველყოს გამარტივებულ შესყიდვებზე ინფორმაციის სრულად და დროულად ხელმისაწვდომობა ელექტრონულ პორტალზე, რაც ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს, მათ შორის ძალოვანი უწყებების კუთხითაც.