სასამართლო სისტემის მდგომარეობა 2016-2020 წლები
წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მათი სისტემურად გაანალიზებისა და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა. შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებულმა რეფორმებმა არ მოიცვა ის ფუნდამენტური საკითხები, რაც საბოლოოდ, უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა სასამართლო სისტემის სრულყოფილად და საფუძვლიანად რეფორმირების პოლიტიკური ნება. შესაბამისად, სასამართლო სისტემა კვლავ არ არის გათავისუფლებული არაჯანსაღი გავლენებისგან.
ძირითადი მიგნებები:
- სასამართლო სისტემაზე წლების მანძილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე. 2016 წლიდან პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების რეფორმის ორი ტალღა განახორციელა, თუმცა ხელისუფლების მიდგომა ძირითადად ფრაგმენტული და არათანმიმდევრული იყო. გარკვეულ შემთხვევებში რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო ჯგუფის ინტერესების გაძლიერებას ემსახურებოდა. საბოლოოდ, სასამართლოს ადმინისტრირება დღესდღეობით სრულად გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელშია, მოსამართლეთა ამ ჯგუფს დღეს ე.წ. „კლანის“ სახელით მოიხსენიებენ.
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ ხელისუფლების მიზანი უზენაესი სასამართლოს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება არ ყოფილა. არჩეულ მოსამართლეთა უმრავლესობა სასამართლოში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ან ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად აღიქმება. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანომდებლობის მიღება, რამაც საპარლამენტო უმრავლესობას შერჩევის პროცესის შედეგად წინასწარ დაგეგმილი შედეგის დაყენების შესაძლებლობა გაუადვილა. საბოლოო ჯამში კი, უზენაესი სასამართლო ძირითადად არა კონკურსში მონაწილე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებით, არამედ ხელისუფლების მიერ წინასწარ ლობირებული კადრებით დაკომპლექტდა.
- კლანური მმართველობის გავლენა გაცდა საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებს და საკონსტიტუციო სასამართლოშიც გადაინაცვლა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობა სწორედ მას შემდგომ გაჩნდა, რაც მისი ახალი წევრებით დაკომპლექტების პროცესი დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობისა და სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ერთგული კადრებით დაკომპლექტებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და შეამცირა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა.
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საერთო სასამართლოების სისტემაში გარკვეული მიმართულებებით პოზიტიური ცვლილებებიც განხორციელდა:
- 2016-2020 წლებში მართმსაჯულების რეფორმის „ორი ტალღა“ და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის, დაინერგა საქმეთა ელექტრონული წესით განაწილება, დაიხვეწა მოსამართლეთა დისციპლინურილინური პასუხისმგებლობისა და სამართალწარმოების ნორმები;
- მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის გასაზრდელად. დადგინდა საბჭოს სხდომის ოქმების საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება. ასევე, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წარდგენილი დასკვნების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციისა და საბჭოს მიერ დისციპლინური დევნის დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საბჭოს ვებგვერდზე განთავსების ვალდებულება. ამასთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალა დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები.
ანგარიში მოიცავს 2016 - 2020 წლების პერიოდს და შესაბამისად, თითქმის მთლიანად ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს შორის დროის მონაკვეთს. ანგარიში აერთიანებს იმ ძირითად მიგნებებს, რაც ამ ხნის მანძილზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა” და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და შეფასებებმა გამოავლინა. მათ შორისაა: სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული ნორმატიული ბაზის შეფასება, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ფაქტების ანალიზი.
2016-2020 წლების მნიშვნელოვანი მოვლენები
მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და პოლიტიკური ხელისუფლების „თანამშრომლობა“
წინამდებარე თავში განხილულია ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც 2016-2020 წლებში სასამართლო სისტემას უკავშირდებოდა. ამ ფაქტების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი ხელისუფლების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერით სარგებლობს. სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფთან ხელისუფლების დაახლოება სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის დასაწყისად შეიძლება შეფასდეს 2016 წელს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება. ივანიშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძის[1] მიმართ აშკარა მხარდაჭერა გამოხატა, უწოდა რა მას წინა ხელისუფლების „სისტემის მსხვერპლი”.
სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის კავშირი კიდევ უფრო გამყარდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. 2016 წლის ნოემბერში ყველაზე გავლენიანი მოსამართლის და ყოფილი პროკურორის მიხეილ ჩინჩალაძის ნათესავი და ახლო მეგობარი ვანო ზარდიაშვილი „ქართული ოცნების” სიით დეპუტატი ხდება და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. ამის შემდეგ, ის აქტიურად ლობირებდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებმაც კლანის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
2016 წლის დეკემბერში პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტი. პარლამენტში კანონპროექტების ტექსტი მოულოდნელად და საჯარო განხილვის გარეშე რამდენჯერმე შეიცვალა. თითქმის ყველა ცვლილება მხოლოდ გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა. მათ შორის, საბოლოოდ აღარ იქნა გათვალისწინებული ისეთი დებულებები, რომელთაც ვენეციის კომისია დადებითად აფასებდა (მაგ.: სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის წესის შემოღებაზე უარი ითქვა და მათი დანიშვნის უფლება კვლავ იუსტიციის საბჭოს შეუნარჩუნდა).
გარდა ამისა, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ათწლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, კანონპროექტში დასკვნით ეტაპზე, პროცედურული ხარვეზებით შეტანილ იქნა შესწორება, რომლითაც განისაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების გამოსაცდელი პერიოდის გარეშე, უვადოდ გამწესების შესაძლებლობა. ამ ცვლილებამ გააჩინა ეჭვი, რომ ის კონკრეტულად მიხეილ ჩინჩალაძეს მოარგეს.
2017 წლის ივნისში პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 4 ახალი არამოსამართლე წევრი აირჩია. არჩეული წევრების უმეტესობა მოსამართლე წევრებს ყველა გადაწყვეტილებაში დღემდე უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.
ხელისუფლებას არაერთი აშკარა მხარდაჭერა გამოუხატავს სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ, თუმცა მათ შორის უნდა აღინიშნოს 2019 წლის თებერვალში, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება, უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით[2], სადაც მკაფიოდ იკითხებოდა სასამართლოში არსებული კლანის მხარდაჭერა. პოლიტსაბჭომ ყველა, ვინც განსხვავებულ და კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებდა, პოლიტიკური ინტერესების ქონასა და სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის” მიერ „ორკესტრირებულ შეტევაში” დაადანაშაულა.
ამას, მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადება: „TV პირველის” ეთერში ოდიოზური მოსამართლეების შესახებ „შეიცვალა [სასამართლო] სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცეებს.”
მართლმსაჯულების რეფორმა
პარტია „ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სასამართლო რეფორმის „ოთხი ტალღა“ განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმებს გარკვეული ნაწილი დადებით ინიციატივებს ითვალისწინებდა, ხელისუფლების მიდგომა ძირითადად ფრაგმენტული და არათანმიმდევრული იყო. გარკვეულ შემთხვევებში რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის ინტერესების გაძლიერებას ემსახურებოდა. სასამართლო სისტემაზე წლების მანძილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე.[3] დღესდღეობით კი სასამართლოს ადმინისტრირება სრულად გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელშია, მოსამართლეთა ამ ჯგუფს დღეს ე.წ. კლანის სახელით მოიხსენიებენ.[4]
მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღა“
2014 წელს იუსტიციის მინისტრმა მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის” საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარმოადგინა, რომლის ცალკეული დებულებებიც (მაგ. უფრო ნათელი საფუძვლები მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და მივლინებისათვის) ვენეციის კომისიის დასკვნაში პოზიტიურად შეფასდა.
2014 წელს დაწყებული სასამართლო რეფორმა კანონად მხოლოდ 2017 წლის თებერვალში იქცა. დროის ამ შუალედში კანონპროექტში დროდადრო ცვლილებები შედიოდა. ცვლილებების მიზეზები საზოგადოებისთვის ბუნდოვანი იყო. ამ პროცესებს წინ უძღოდა დახურული შეხვედრები სასამართლოსა და ხელისუფლების (მათ შორის, პრემიერ მინისტრი და იუსტიციის მინისტრი) წარმომადგენლებს შორის. „მესამე ტალღის” საკანონმდებლო რეფორმის განხორციელების პროცესში გამოიკვეთა ხელისუფლების მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის (საბჭოს მოსამართლე წევრები და მათდამი ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები) პოლიტიკური მხარდაჭერა, რის შედეგადაც საკანონმდებლო პაკეტიდან თავდაპირველად გათვალისწინებული არაერთი დადებითი ინიციატივა გაქრა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმა გაჭიანურდა.[5]
2016 წლის დეკემბერში პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტი. პარლამენტში კანონპროექტების ტექსტი მოულოდნელად და საჯარო განხილვის გარეშე რამდენჯერმე შეიცვალა. მათ შორის, საბოლოო რედაქციით აღარ იქნა გათვალისწინებული ცვლილებები, რომელთაც ვენეციის კომისია დადებითად აფასებდა (მაგ.: სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესის შემოღება). პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დააადო და იგი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა, თუმცა პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის შენიშვნები და „მესამე ტალღის” ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა.[6]
რეფორმის მესამე ტალღის შედეგად ძალაში შევიდა შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები:[7]
|
მართლმსაჯულების რეფორმის „მეოთხე ტალღა“
2018 წლის იანვარში პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მორიგი ცვლილებების განხილვა დაიწყო. „მეოთხე ტალღის“ რეფორმაზე მუშაობის პროცესი იზოლირებულად, პროფესიული ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა, რაც უარყოფითად შეაფასა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. მოგვიანებით, 2018 წლის დეკემბრის მოვლენების[8] შემდგომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მეოთხე ტალღის” სამუშაო ჯგუფის არსებულ ფორმატში შესვლაზე უარი განაცხადეს. ამასთან, ჯგუფი დატოვეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის თებერვალში კოალიცია კვლავ ჩაერთო სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რადგან ხელისუფლების მხრიდან ფორმატის ცვლილების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კოალიციამ შეხვედრაზე 5 პრინციპული საკითხი დააყენა, რომელიც მისი შეფასებით, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის შედარებით სამართლიან გარემოში ჩატარების პერსპექტივას გააჩენდა და მხოლოდ ერთი ინტერესთა ჯგუფის მიერ კანდიდატების პარლამენტში წარდგენის შესაძლებლობის რისკებს შეასუსტებდა. ირაკლი კობახიძემ, რომელიც სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, არცერთი მათგანის გათვალისწინების მზაობა არ აჩვენა, რის გამოც კოალიციამ ჯგუფი კვლავ დატოვა. ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტის ავტორებს, კოალიციის მიერ დასახელებული საკითხების ნაწილის ასახვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ მაინც მოუხდათ.
„მეოთხე ტალღის“ რეფორმა საბოლოოდ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდა. რეფორმის შედეგად:[9]
- იუსტიციის უმაღლეს სკოლას მიენიჭა სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარების უფლებამოსილება, რითაც გაიზარდა მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის უფლებამოსილება მოსამართლეთა კონფერენციას გადაეცა;
- იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა 10 თვიდან 16 თვემდე გაიზარდა;
- გაიზარდა სკოლის მსმენელის სტიპენდიის ოდენობა;
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა ცალსახა ვალდებულება, გამოაქვეყნოს დასაბუთება რაიონულ/საქალაქო, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების თაობაზე;
- გაფართოვდა იმ საკითხთა წრე, რომელთა თაობაზეც, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, გადაწყვეტილების მიღების დროს, უნდა გამოიყენოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმები და შესაბამისად, დაიხვეწა ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იუსტიციის საბჭოს წევრის აცილების საკითხები;
- განისაზღვრა დისციპლინური გადაცდომის სახეების კონკრეტული და ამომწურავი ჩამონათვალი;
- შეიცვალა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და გადაწყვეტილება მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა ორი მესამედით, ნაცვლად სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. ასევე დადგინდა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა
- დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა საკანონმდებლო დონეზე;
- განისაზღვრა მტკიცების სტანდარტი დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპებზე;
- დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები მიენიჭა;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დაეკისრა ვალდებულება, საბჭოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს მოსამართლეთა კონფერენციას;
სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის მიუხედავად, სისტემაში კვლავ რჩება შემდეგი გამოწვევები:[10]
- კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას, მოსამართლე ერთდროულად იყოს საბჭოს წევრიც და იკავებდეს ისეთ ადმინისტრაციულ თანამდებობას, როგორიცაა სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე ან/და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, რაც ხელს უწყობს ამ პირების ხელში დიდი ძალაუფლების თავმოყრას; ორგანული კანონი ადგენს შეზღუდვას, რომ ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირების რიცხვი საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთა ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს; ამავდროულად, კანონმდებლობა გარკვეულწილად ახდენს საბჭოში ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირთა კვოტირებას და ამ პირებს სხვა მოსამართლეებთან შედარებით პრივილეგირებულ პოზიციაში აყენებს;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მიუხედავად იმისა, რომ „მეოთხე ტალღით“ მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტების კატეგორიზაცია, კანონით არ არის განსაზღვრული საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრების ფარგლები, წესი და პროცედურა (გარდა ზოგიერთი საკადრო გადაწყვეტილებისა), რაც პრაქტიკულად კონტროლს მიღმა ტოვებს საბჭოს გადაწყვეტილებების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმებას;
- არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებს რიგი მნიშვნელოვანი საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას; მეოთხე ტალღით განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება დაასაბუთოს მიღებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები; საბჭოს ინდივიდუალური აქტი უნდა შეიცავდეს მისი გამოცემის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძვლებს; თუმცა საკანონმდებლო ჩანაწერი არ შეიცავს მითითებას გამოცემული აქტის შინაარსობრივ და თვისებრივ დასაბუთებულობაზე;
- მოუწესრიგებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დახურვის პროცედურები. მოსამართლეობის კანდიდატებთან და უვადოდ გადასანიშნ მოსამართლეებთან, საბჭოს რეგლამენტის თანახმად, გასაუბრებები ტარდება დახურულ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ თავად მოსამართლეობის კანდიდატი ან მოქმედი მოსამართლე არ გამოთქვამს თანხმობას დაინტერესებული პირების დასწრებაზე;
კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხელმისაწვდომია მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების აუდიოჩანაწერები; ისეთ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი (მაგალითისათვის, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის მსვლელობისას), მნიშვნელოვანია საბჭოს სხდომის ვიდეო ჩაწერის/პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა.
რეფორმების ტალღების პარალელურად მიმდინარე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები
2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოულოდნელად, საბჭოს მდივანმა, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების 10 - კაციანი სია წარმოადგინა.[11] სწორედ ამ პროცესს უკავშირდებოდა პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე მუშაობის დაწყება.
საბოლოოდ, პარლამენტში დაარეგისტრიდა ეკა ბესელიას, ირაკლი კობახიძის და „ევროპული საქართველოს” მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ინიცირებული კანონპროექტები, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით. პარლამენტს იმავე თემაზე საკანონმდებლო წინადადებით იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მიმართეს. სამუშაო ჯგუფს თავისი მოსაზრებები გაუგზავნა ასევე საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამრთლე წევრმა, ირმა გელაშვილმა.[12] საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები პარლამენტს კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარუდგინა.[13]
საპარლამენტო უმრავლესობამ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ისე მიიღო, რომ ამ საკითხზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მოსაზრებებს არ დაელოდა. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები ცხარე დისკუსიისა და კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა.
საბოლოოდ, ვენეციის კომისიამ ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის” მიერ მომზადებულ კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა.
2019 წლის მაისში პარლამენტმა 87 ხმით 33 ხმის წინააღმდეგ კანონპროექტი მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო[14], სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული არ იქნა. კანონპროექტში აისახა რეკომენდაციის ის ნაწილი, სადაც ვენეციის კომისია კანდიდატებისათვის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმებაზე მიუთითებდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადება გააკეთა და პარლამენტის მიერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვისთვის ასე მცირე დროის დათმობა შეაფასა, როგორც - „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა”.
კანონპროექტის ავტორებმა ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს როგორიცაა:[15]
- კანდიდატის ნომინირება ღია კენჭისყრითა და დასაბუთებული გადაწყვეტილებით;
- ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა;
- არამოსამართლე წევრთა ადეკვატური ჩართულობის უზრუნველყოფა კანდიდატთა ნომინირების შესახებ გადაწვეტილების მიღებისას;
- იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
2020 წლის ივლისში პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებების პაკეტი იქნა ინიცირებული. საკანონმდებლო ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას შეეხებოდა. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე უარი თქვა. არასამთავრობო ორგანიზაციების უარი განპირობებული იყო არსებული პროცესის ფორმალურობის და რეალური შედეგის დაყენების სურვილის არ არსებობით. ამასთან თავიდანვე ცხადი იყო, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ იქონიებდა არსებით გავლენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებები სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. შეუძლებელია მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესება თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების გარეშე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების გაუმჯობესებამ უნდა მოიცვას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის, ისე საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის ეტაპი.
საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს მესამე მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურას ეხება.[16]გადაწყვეტილება მე-9 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენალურ სხდომაზე 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ პარტიას საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებიც ჰქონდა. ამასთან, ხელისუფლებამ 21 სექტემბერს ვენეციის კომისიის დასკვნაც ითხოვა, რისკენაც მას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მოუწოდეს. თუმცა, პარლამენტმა ცვლილებები ისე მიიღო, რომ კომისიის დასკვნას არ დაელოდა. 5 ოქტომბერს ევროკავშირმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მწუხარება გამოთქვა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.
ცვლილებებით გათვალისწინებულია:
|
უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები
2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის საბჭომ, ყოველგვარი პროცედურების გარეშე და არაფორმალური შეთახმების შედეგად, პარლამენტს უზენაეს სასამართლოში დასანიშნი 10-კაციანი სია გადაუგზავნა. სიაში მოხვდნენ როგორც მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე საბჭოს წევრები - დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატთა შერჩევა უხეში პროცედურული დარღვევებით, გაუმჭვირვალედ და დაჩქარებულად წარიმართა, ხოლო საბოლოო სია აშკარად გამოხატავდა სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან პირთა ჯგუფის ინტერესებს.ეს პროცესი მალევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კრიტიკულად განწყობილმა არამოსამართლე წევრებმა, სახალხო დამცველმა და სხვა პროფესიულმა ჯგუფებმა მწვავედ გააკრიტიკეს.[17]
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ფორსირებულად დამტკიცების პროცესის შეჩერების მოტივით, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. „ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატის, მათ შორის, ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე, ვანო ზარდიაშვილი და რამდენიმე სხვა დეპუტატი მას მოსამართლეთა კლანის მიერ წარდგენილი სიის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას და დამტკიცებას სთხოვდა. საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი დაჩქარებული წესით აღარ განიხილა. მოგვიანებით, საბჭოს მიერ წარდგენილმა პირებმა თავად განაცხადეს უარი საკუთარი კანდიდატურების განხილვაზე.
პარლამენტში 10 კაციანი სიის შეჩერების ფონზე, საბჭომ ლევან მურუსიძესთან (წარსულში არაერთი გახმაურებული და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განმხილველი მოსამართლე), თანამდებობაზე მისი უვადოდ დანიშვნის მიზნით, გასაუბრება დანიშნა და საბოლოოდ, ამავე სხდომაზე ლევან მურუსიძე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა. ეს ქმედება, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე დეპუტატების ნაწილისა და საბჭოს კრიტიკულად განწყობილი წევრების მხრიდან შეფასდა, როგორც ნომინირებული კანდიდატების განხილვის შეჩერების გამო, საბჭოს მხრიდან „პარლამენტისათვის გაცემული პასუხი”.
უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შედეგად, ეტაპობრივად, უმრავლესობის დატოვება ეკა ბესელიასთან ერთად სხვა დეპუტატებმაც დაიწყეს. საბოლოოდ, პარტია „ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე მოვლენების ფონზე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.
2019 წლის იანვარში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის კანონით მოწესრიგებაზე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდებოდა. ამ ჯგუფში აბსოლუტურ უმრავლესობას მოსამართლეთა კლანის წევრები და მათ მოკავშირეებად მიჩნეული დეპუტატები შეადგენდნენ. შესაბამისად, პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხების რეგლამენტირება და ამ მიზნით შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტზე მუშაობა. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ორგანომ ამ ცვლილებებითაც ვერ შექმნა ბოლომდე გამართული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს გარკვეულ ბარიერებს და შეზღუდვებს დაუდგენდა.
2019 წლის მაისში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის ხელახალი პროცესი დაიწყო, რომელიც აღნიშნული ხარვეზიანი კანონმდებლობის მიხედვით წარიმართა. საბოლოოდ, 2019 წლის სექტემბერში საბჭომ 48 კანდიდატს ფარულად უყარა კენჭი და პარლამენტისათვის წარსადგენი 20 - კაციანი სია დაამტკიცა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ანა დოლიძე.
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი შეაფასა. კოალიციის პოზიციით, განვითარებული მოვლენების ანალიზი, მათ შორის, სიის ძირითადად იმ კანდიდატებით დაკომპლექტება, რომელთა მიმართაც წინასწარ კეთდებოდა პროგნოზები, აჩვენებდა, რომ პროცესი მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და არ იყო მიმართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული უმძიმესი პრობლემების მოგვარებისკენ. საბოლოოდ, არსებული ხარვეზინი კანონმდებლობის პირობებში შესაძლებელი გახდა სიის იმგვარად ფორმირება, რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებულ გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), რომელიც მონიტორინგს უწევდა საბჭოში მიმდინარე პროცესს, დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად თანხვედრაში იყო არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის შეფასებებთან და მკვეთრად კრიტიკული იყო საბჭოში წარმართულ პროცესის მიმართ. დოკუმენტში მოხვდა ინტერესთა კონფლიქტის და ასევე საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის საკითხიც, რასაც, დასკვნის მიხედვით, შესაძლოა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც კი გამოეწვია.
გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოთქვეს საბჭოში ჩატარებული პროცესის გამო და აღნიშნეს, რომ ახლა უკვე პარლამენტს ჰქონდა უნიკალური შანსი მოსამართლეების შერჩევისას დაშვებული ხარვეზები გამოესწორებინა. მათ ასევე გამოთქვეს იმედი, რომ პარლამენტი 20 - კაციანი სიიდან მხოლოდ იმ რაოდენობას დაამტკიცებდა, რომელიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. განცხადებაში ასევე საუბარი იყო საბჭოში ჩატარებულ ხარვეზიან პროცესზე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, აშკარა ინტერესთა კონფლიქტზე და ასევე, ერთიანი კრიტერიუმების არ არსებობაზე.
ამასთან, 2019 წლის ნოემბერში სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სადავო ნორმების შეჩერება მოითხოვა. საბოლოოდ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სარჩელი, რომელიც უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცედურის არაკონსტიტუციურობას ეხებოდა, არ დაკმაყოფილდა.[18]
2019 წლის 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა გარკვეული ხარვეზების ფონზე წარიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც. რამდენიმე დეპუტატი სიტყვის უფლებას და კანდიდატების შეფასებას ითხოვდა, თუმცა თავმჯდომარემ მათ ამის უფლებას არ აძლევდა. პარალელურად, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა უსაფუძვლოდ შეუზღუდეს. სხდომის განახლების შემდეგ დეპუტატებს შეფასებების გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ, რასაც კენჭისყრა მოყვა. იურიდიულმა კომიტეტმა 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი.
პლენარული სხდომაც სწრაფად, იმავე დღეს დაინიშნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საბოლოოდ უყარეს კენჭი. მათ სწორედ იმ 14 კანდიდატის თანამდებობაზე უვადოდ არჩევას დაუჭირეს მხარი, რომელთაც იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია რეკომენდაცია.
საბოლოოდ, უზენაესი სასამართლო შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ ხელისუფლების მიზანი უზენაესი სასამართლოს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება არ ყოფილა. სინამდვილეში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, ფორმალური ხასიათის იყო. გარდა ამისა, არჩეულ 14 მოსამართლეთა უმრავლესობა სასამართლოში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ან ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად აღიქმება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები
2016 წლის დასაწყისიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვის დაწყებამ სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება გამოიწვია. ამ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, ე.წ. კაბელების, “რუსთავი 2”-ის და ეროვნული ბანკის საქმეები განიხილა.
2017 წლის 1 დეკემბერს პარლამენტმა ევა გოცირიძე[19], რომელმაც ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას ღიად დაუჭირა მხარი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. არჩევამდე ევა გოცირიძემ მურუსიძისადმი მისი მხარდაჭერის მიზეზებზე ისაუბრა და ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი გადაწყვეტილება არა კანონით, არამედ გარეშე ფაქტორებით იყო მოტივირებული. მისი განმარტებით, მურუსიძის სასამართლო სისტემისგან ჩამოცილებას, შესაძლოა ბევრი საფრთხე მოჰყოლოდა, ვინაიდან მოსამართლეთა კორპუსი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. გარდა ამისა, 2017 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა.
საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება განსაკუთრებით მას შემდგომ გაიზარდა, რაც 2020 წლის აპრილსა და მაისში საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური კრიზისის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გაუმჭვირვალე პროცედურებით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად ორი ახალი კანდიდატი - ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი შეარჩია.[20] მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია 2019 წლის 5 დეკემბრიდან არსებობდა, პლენუმმა ფაქტობრივად ისარგებლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედებით და ვაკანსია იმ დროს შეავსო, როდესაც საზოგადოებრივი ყურადღება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო შემცირებული იყო.[21] უზენაესი სასამართლოს პლენუმის მხრიდან გადადგმულმა ამ ნაბიჯმა სასამართლოსადმი უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა. სწორედ ამ პერიოდში დანიშნულმა წევრმა, ხვიჩა კიკილაშვილმა გადაწყვიტა საბოლოოდ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სარჩელის ბედი, რომელიც უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცედურის არაკონსტიტუციურობას ეხებოდა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის არ დაკმაყოფილებას მხარი 8 მოსამართლიდან ოთხმა: მერაბ ტურავამ, ხვიჩა კიკალიშვილმა, ევა გოცირიძემ და მანანა კობახიძემ დაუჭირეს. ოთხმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა, ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თამაზ ცაბუტაშვილმა განსხვავებული აზრი დაწერეს.[22] [23]
სწორედ 2017-2020 წლებში დანიშნულმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გადაწყვიტეს 2020 წლის ზაფხულში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ბედიც. კერძოდ, 2020 წლის 25 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. კენჭისყრა ფარული იყო და ამიტომ რთულია ითქვას ზუსტად რომელმა ხუთმა კოლეგამ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას, თუმცა მერაბ ტურავას მხარდამჭერთა რაოდენობა ზუსტად ემთხვევა ამ პოსტზე მისი კანდიდატურის წარმდგენთა რიცხვს. მერაბ ტურავას კანდიდატურის წარმდგენთა შორის იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი და თავად მერაბ ტურავა.
დასკვნა
2016 წლიდან სასამართლო სისტემაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ფრაგმენტული და არათანმიმდევრული იყო. გარკვეული დადებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, სისტემაში კვლავ რჩება დემოკრატიასთან და დამოუკიდებელ სასამართლოს პრინციპებთან შეუთავსებელი ხარვეზები. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობაც, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს. გარდა ამისა, პრობლემურია სასამართლო სისტემის ჩაკეტილობაც. საერთო სასამართლოების სისტემაში წლებია მოსამართლეთა სიმცირეა, თუმცა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი არ უზრუნველყოფს სისტემაში ახალი კადრების შედინებას. ბოლო 4 წლის მანძილზე ხელისუფლების პოლიტიკის შეფასების შედეგად, შესაძლებელია ითქვას, რომ მას მიუკერძოებელი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება ამ პერიოდის მანძილზე არ გამოუვლენია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ ხელისუფლების მიზანი უზენაესი სასამართლოს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება არ ყოფილა. საბოლოოდ, ხელისუფლების მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესმა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილის უგულვებელყოფამ, მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას.
დღესდღეობით, საერთო სასამართლოების სისტემის კლანური მმართველობის გავლენამ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გადაინაცვლა. საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობისა და სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ერთგული კადრებით დაკომპლექტებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და შეამცირა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა.
[1] ლევან მურუსიძე იყო 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.განხილული აქვს გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გაოგნებას იწვევდა შიდა სასამართლოებთან ერთად სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოების ხმაშეწყობილი მოქმედება, რათა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.
[2] დეტალურად იხილეთ ქვემოთ
[3]ვრცლად იხილეთ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში, 2018, გვ.18-31. https://bit.ly/2Pxr21T [ბოლოს ნანახია 30.09.2020]
[4] სტუდია მონიტორი, ჩინჩალაძის კლანი - სასამართლო რეფორმის კრახი, 2018. https://bit.ly/3kt4IoD [ბოლოს ნანახია 10.10.2020]
[5] კოალიციის მოსაზრებები სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებით სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2SaXrN7 [ბოლოს ნანახია 30.09.2020]
[6] ვრცლად იხილეთ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში, 2018, გვ.26-28. https://bit.ly/2Pxr21T [ბოლოს ნანახია 30.09.2020]
[7] ცვლილებების შესახებ დეტალური ანალიზი შეგიძლია იხილოთ ანგარიშში „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება“: https://bit.ly/3jbz2Tv [ბოლოს ნანახია 30.09..2020]
[8] იგულისხმება უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა გახმაურებული 10 კაციანი სიის პარლამენტში გადაგზავნა;
[9] ცვლილებების შესახებ დეტალური ანალიზი შეგიძლია იხილოთ ანგარიშში „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა“: https://bit.ly/3jbz2Tv [ბოლოს ნანახია 30.09.2020]
[10] ცვლილებების შესახებ დეტალური ანალიზი შეგიძლია იხილოთ ანგარიშში „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა“: https://bit.ly/3jbz2Tv [ბოლოს ნანახია 30.09.2020]
[11] დეტალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის 1 წლიანი ქრონოლოგია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3ip7mcs[ბოლოს ნანახია 02.10.20]
[12] დეპუტატების მიერ წარდგენილ კანონპროექტებს შორის განსხვავება შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2XPWNJz [ბოლოს ნანახია 02.10.2020]
[13] კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” წინადადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2GyXEXG[ბოლოს ნანახია 13.10.2020]
[14] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/30tMwTn [ბოლოს ნანახია 02.10.2020]
[15] „კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის ახალ წესს აფასებს“ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3jq2THN [ბოლოს ნანახია 02.10.2020]
[16] „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3l865Zm [ბოლოს ნანახია 02.10.2020]
[17]დეტალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის 1 წლიანი ქრონოლოგია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3ip7mcs[ბოლოს ნანახია 02.10.20]
[18]დეტალურად იხილეთ ქვემოთ
[19]ევა გოცირიძე 1997-2000 და 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი;
[20] 2020 წლის 3 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დაინიშნა. https://bit.ly/3cZWWPp[ბოლოს ნანახია 10.08.2020]
[21] „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, COVID-19 ინფექციის გამოწვევის მართვა - ხელისუფლების ქმედებების შეფასების ანგარიში, 2020.: https://bit.ly/2Esl54f [ბოლოს ნანახია 10.10.2020]
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 30 ივლისის №3/1/1459,1491 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. https://bit.ly/3jaXgNf [ბოლოს ნანახია 10.10.2020]
[23] „საკონსტიტუციოს 4 მოსამართლე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დასაბუთებას აკრიტიკებს”, 2020 წლის 12 აგვისტო. https://bit.ly/3goZSp8 [ბოლოს ნანახია 10.10.2020]