ENG

საქართველოს საავტომობილო საწვავის ბაზარი 2014-2018 წლებში

24 მაისი, 2019

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები შეისწავლა, რის შედეგადაც შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

საწვავის ხარისხი

  • ბოლო წლებში მთავრობამ საავტომობილო საწვავის სტანდარტები გაამკაცრა; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე  პერიოდულად ახორციელებს შემოწმებას - 2018 წლის დეკემბერში ჩატარებულ მასშტაბურ კვლევაში არსად არ გამოვლინდა ბენზინში გადამეტებული ტყვიის შემცველობა.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კერძო ლაბორატორიაში რვა კომპანიის საწვავის ხარისხი გადაამოწმა. ყველა შესწავლილი ნიმუში შეესაბამებოდა სტანდარტებს, ერთის გარდა. „ბპ ოილ”-ის სახელით მოქმედ ბენზინგასამართ სადგურზე აღებულ პრემიუმის საწვავში დარღვეული იყო ოქტანობის მაჩვენებელი

საწვავის ფასები

  • საწვავზე ფასის ცვლილება ძირითადად ნავთობის მსოფლიო ფასზე, ლარის გაცვლით კურსზე და აქციზის გადასახადის ცვლილებაზე იყო დამოკიდებული. ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, თუმცა საწვავი არ გაიაფდა იმის გამო, რომ ლარი დოლარის მიმართ 53%-ით გაუფასურდა და საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა (2017 წლის პირველი იანვრიდან ერთ ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ერთ ტონა დიზელზე 150 ლარიდან 400 ლარამდე  გაიზარდა).

ბაზრის სტრუქტურა

  • 2013 წლიდან საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. კერძოდ,  ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა 2012 წელს არსებული 7-დან 2018 წლისთვის 57-მდე გაიზარდა, მსხვილი კომპანიების საბაზრო წილი კი 93.4%-დან 69.5%-მდე შემცირდა.
  • საქართველო სრულად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული. 2018 წელს ქვეყანაში 864 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ჯამური იმპორტის 9.5%-ია.
  • იმპორტირებული საწვავის 83% ოთხ ქვეყანაზე მოდის: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. 2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა. 2014-2018 წლებში ყველაზე იაფი  აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო.

საბიუჯეტო შემოსავლები

  • საავტომობილო საწვავის ბიზნესი სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. 2018 წელს ამ ბიზნესიდან ბიუჯეტი  1.3 მლრდ ლარით შეივსო, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების მეათედია.
  • საავტომობილო საწვავით საცალო ვაჭრობის ბრუნვამ 2017 წელს 3 მლრდ ლარს გადააჭარბა, 2018 წლის 9 თვეში კი - 2.5 მლრდ ლარამდე იყო. საავტომობილო საწვავით საცალო ვაჭრობაში 10 050 ადამიანია დასაქმებული და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთილმა სოციოლოგიურმა  კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის  ნახევარი (46%) ფლობს ავტომობილს. ყველაზე დიდი ნაწილი „რომპეტროლის“ (16%) საწვავს მოიხმარს, მეორე-მესამე ადგილზე „გალფი“ და „სოკარია“ 14-14%-ით. საწვავის არჩევის დროს მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას ფასს აქცევს, შემდეგ კი - ხარისხს.

 

ანგარიში მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით