საქართველოს პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა (2020-2024) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა (2020-2024)

18 ნოემბერი, 2024

მეათე მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ორგანო დახურულ უწყებად ჩამოყალიბდა, როგორც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ისე მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით.  სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აღმოჩნდა პარლამენტისთვის, რაც საბოლოოდ რუსული კანონის მიღებით დასრულდა. 

ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) 2024 წლის მაისში მოუწოდა მთავრობას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ, ხოლო ოქტომბერში  საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრობა შეუჩერდა.

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” კვლევაში შეფასებულია მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით (2020-2024). 

ანგარიშში შეფასებულია პარლამენტის მიერ ღაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით არსებული პრაქტიკა და პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საქმიანობა. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები ახალი, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისათვის. 

ძირითადი მიგნებები

საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ხელს უშლის კარგი მმართველობის განხორციელებას. 

მეათე მოწვევის პარლამენტში პარლამენტის ღია მმართველობის საბჭოს საქმიანობას ძირითადად ფორმალური დატვირთვა ჰქონდა, არ რეაგირებდა პარლამენტის დახურულ უწყებად გადაქცევის საგანგაშო ტენდენციაზე და არ უწყობდა ხელს  საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

2015 წლის დეკემბერში საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭო. ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და სამოქალაქო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა  მე-10 მოწვევის პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს  დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად ქცევის პოლიტიკის განხორციელება აქტიურად დაიწყო. 

მეათე მოწვევის პარლამენტში საკანონდებლო ორგანოს ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება  შემდეგი მიმართულებით გაუარესდა:

  • პარლამენტი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის დახურულ უწყებად იქცა  
  • პარლამენტის შენობაში შესვლა დაუსაბუთებელი ეკრძალებოდათ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას ცხადდებოდა უსაფრთხოების რეჟიმი და იკრძალებოდა პარლამენტის შენობაში შესვლა. შედეგად სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ვერ ერთვებოდნენ საპარლამენტო საქმიანობაში. აღნიშნულ საკითხზე ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს რეაგირება არ მოუხდენია;
  • პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ამით გააუარესა თანამშრომლობისა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს გარე მონიტორინგის პრაქტიკა;
  • უკანასკნელი წლების ტენდენციის მიხედვით, პარლამენტი მხარს უჭერდა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს, რაც მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელოვან მექანიზმს აზრს უკარგავდა;
  • მედიისთვის აკრედიტაციის წესი გამკაცრდა;
  • პარლამენტი აღარ გასცემდა დროულად და სრულად საჯარო ინფორმაციას. აიკრძალა ისეთი ინფორმაციის გაცემა, რომელიც საზოგადოების მხრიდან პარლამენტის წევრების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო (მაგ., დეპუტატების სიტყვით გამოსვლის რაოდენობა);
  • პარლამენტი აღარ განიხილავდა ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს.
  • პარლამენტმა ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის სტანდარტი კანონმდებლობითაც გააუარესა:
  • პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით მნიშვნელოვანი ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულება გაუქმდა (მაგ., ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშები). ანგარიშები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება სხდომაზე, თუ ამას წამყვანი კომიტეტი, ბიურო ან ფრაქცია მოითხოვს. ასევე გაუქმდა კომიტეტის ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულებაც;
  • კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობა წყვეტს სხდომაზე სიტყვით გამომსვლელთა რიგითობასა და სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობას. ეს კი ოპოზიციის დეპუტატების სიტყვით გამოსვლის უფლების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია.
  •  პარლამენტმა ეთიკის კოდექსი არ აამოქმედა
  • პარლამენტი დაპირისპირებისა და შეურაცხყოფის ადგილად იქცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალ დეპუტატთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება; 
  • ეთიკის კოდექსი, რომელიც ისედაც არ ითვალისწინებდა არაეთიკური ქცევისთვის ეფექტურ სანქციების, არ ამოქმედებულა. დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა.
  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ფორმალურ სტრუქტურულ ერთეულად იქცა 
  • საბჭოს არ მოუხდენია რეაგირება არც ერთ მწვავე საკითხზე, რაც პარლამენტის ღიაობის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობის პრობლემურ საკითხებს ეხებოდა; 
  • საბჭოს საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა; 
  • საბჭოს სამოქმედო გეგმა სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე შემუშავდა და არ შეიცავდა  მნიშვნელოვან ვალდებულებებს, თუმცა პარლამენტმა ამ გეგმის შესრულებაც ვერ შეძლო. 

რეკომენდაციები მომავალი პარლამენტისთვის:   

  • საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს ღიაობა და ანგარიშვალდებულება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. პარლამენტი ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტს უნდა პასუხობდეს და აკონტროლებდეს აღმარსულებელი ხელისუფლების მიერ ღია მმართველობის განხორციელებას; 
  • პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს საპარლამენტო საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობას უნდა გამარტივდეს საკანონმდებლო წინადადების წარდგენის პროცედურა და პარლამენტი საკანონდებლო წინადადებებს არა ფორმალურად, არამედ შინაარსობლივად უნდა განიხილავდეს წინადადების ავტორის ჩართულობით; 
  • უნდა შეიცვალოს მედიის აკრედიტაციის არსებული წესი, რათა მედიას დაუბრკოლებლად შეეძლოს პარლამენტში მუშაობა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • უნდა გადაიხედოს პარლამენტის რეგლამენტი და შეიცვალოს ნორმები, რომლებიც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების განხილვას შეეხება. პარლამენტის მიერ ანგარიშები პლენარულ სხდომებზე უნდა განიხილებოდეს; 
  • პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, არ ხდებოდეს მოქალაქეებისთვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს. საქართველოს პარლამენტმა უნდა გაამარტივოს შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურა, მოქალაქეებს საშვის გარეშე, უსაფრთხოების შემოწმების გავლით უნდა შეეძლოთ პარლამენტის შენობაში მოხვედრა;
  • პარლამენტში დროულად და სრულად დაკომპლექტდეს ეთიკის საბჭო, რათა დამტკიცებულ ეთიკის კოდექსსა და მასში გათვალისწინებულ სანქციებს მიეცეთ ქმედითი ხასიათი და რეალიზების საშუალება. ეთიკის კოდექსშ უნდა მოხდეს ეფექტური რეაგირების მექანიზმების გაწერა;
  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მისი წევრები რეაგირებას უნდა ახდენდნენ საპარლამენტო საქმიანობის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუარესებაზე და მათ საქმიანობას ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. საბჭო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით უნდა დაინტერესდეს სამთავრობო მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე და გამართოს საჯარო მოსმენები;
  • პარლამენტის ღია მმართველობის საბჭოს საქმიანობა უნდა იყოს ორიენტირებული  ამბიციურ აქტივობებზე და რეფორმებზე. საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი უნდა იყოს აქტიური, მათ შორის იგულისხმება სამუშაო ჯგუფების თუ ინდივიდუალური აქტიურობა დეპუტატების მხრიდან. საბჭომ სრულად უნდა შეასრულოს ის ამბიციური ვალდებულებები, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანს პარლამენტის ღიაობის გაუმჯობესებაში.
print