საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის მიღება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის მიღება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს

21 დეკემბერი, 2017

20 დეკემბერს  საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრაზე, საზოგადოება დაპირისპირების მოწმე გახდა, რა დროსაც პოლიტიკოსების მხრიდან ემოციურ და არაეთიკურ გამონათქვამებს ქონდა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების ინციდენტები და ურთიერთშეურაცხყოფები ხშირად ხდება საკანონმდებლო ორგანოში,  20 დეკემბრის სხდომა განსაკუთრებულად არაეთიკური იყო და აგრესიულობით გამოირჩეოდა, რაც ჩრდილს აყენებს პარლამენტის რეპუტაციას და ცუდ მაგალითს აძლევს საზოგადოებას. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ქცევა პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთაც თმენის ვალდებულება აკისრიათ,  დაუშვებელია. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ აუცილებელია პოლიტიკოსებისა და პარლამენტის წევრების ქცევის ეთიკის სტანდარტების დადგენა.

2017 წლის 14 დეკემბერს ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა ახალი ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში და წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატირების საგანს წარმოდაგენდა. დოკუმენტი შემუშავდა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად, ღია პარლამენტის 2017 სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

ინიციირებული ეთიკის კოდექსის პროექტის მიზანია დაადგინოს პარლამენტის წევრის ქცევა და განსაზღვროს წესები, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში, და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას პარლამენტის შენობაშიც და მის გარეთაც. წარმოდგენილი ეთიკის კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია დისციპლინური სანქციები, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესები

პარლამენტის წევრი ვალდებულია:

  • პატივისცემით მიმართოს პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს და გამოიყენოს კორექტული ლექსიკა მოქალაქეებთან ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლებისას და საპარლამენტო დებატების დროს. დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება.

  • საჯაროდ განაცხადოს მისი ან მისი ოჯახის წევრების, პირადი ან სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინტერესის შესახებ; ასევე ამ ინტერესის შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს.

  • ერთი თვის ვადაში მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ საჩუქრის დეკლარირება საჩუქრების რეესტრში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 ლარს.

  • რეგისტრირებულ ლობისტებთან იქონიოს გამჭვირვალე ურთიერთობა  შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებ-გვერდზე;

ეთიკის საბჭოს დაკომპლექტების წესი

ეთიკის კოდექსის დარღვევებზე რეაგირებისათვის პარლამენტში იქმნება ეთიკის საბჭო, რომელიც განიხილავს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე. საჩივრის სპეციალური ფორმა კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება შეიტანოს პარლამენტის წევრმა/ებმა და პირმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ამ კოდექსის ნორმები.

ეთიკის საბჭოს უხელმძღვანელებს 2 თანათავმჯდომარე (ერთი უმრავლესობიდან და ერთი უმცირესობიდან ან სხვა ოპოზიციური ფრაქციიდან), რომლებსაც ირჩევენ ეთიკის საბჭოს წევრები. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში.  

საბჭოში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს, რაც შეუძლებელს ხდის საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მმართველი გუნდის დომინირებას.

დისციპლინური სანქციები

დისციპლინური სანქციები შეიძლება იყოს:

ა) სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება  

გ) ფულადი ჯარიმა (ხელფასის 10% დან -  მაქსიმუმ 50%-ის  ოდენობით)

დ) ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში)

ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. დისციპლინური სანქციების გამოყენება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით.

 

შეფასება/რეკომენდაციები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით აღნიშნული დოკუმენტის მიღება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პარლამენტარებისა და ზოგადად პოლიტიკოსების ქცევის ეთიკურობის დაცვის მიმართულებით, თუმცა, მიგვაჩნია, რომ დოკუმენტი ასევე უნდა არეგულირებდეს რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:

  • ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თვლის თუ არა იგი რომ უშუალოდ მის მიმართ დაირღვა ეთიკის კოდექსის ნორმები, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეიტანოს საჩივარი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი პრაქტიკა არსებობს დიდ ბრიტანეთში.

  • პარლამენტის წევრი ვალდებული იყოს  ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისგან. მაგ. ასეთი რეგულაცია არსებობს შვედეთსა და კანადაში.

  • მნიშვნელოვანია განისაზღვროს ეთიკის საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები (მაგ. ეთიკის საბჭო არა მხოლოდ პარლამენტის წევრების არამედ სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგანაც იყოს დაკომპლექტებული ან საბჭოს საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთონ ექსპერტები). მაგ. საფრანგეთში კომისიონერი, რომელიც განიხილავს პარლამენტის წევრთა მიერ ეთიკის ნორმების დარღვევებს არ არის პარლამენტის წევრი.

  • ეთიკის კოდექსი და საჩივრის ფორმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს პარლამენტის ვებ გვერდზე

  • პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია პარლამენტის წევრების მიმართ გატარებული დისციპლინური სანქციების შესახებ.

print