საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსება — საბოლოო ანგარიში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსება — საბოლოო ანგარიში

15 იანვარი, 2021

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულებებში 2020 წლის 1 იანვრიდან გამოკვეთილი ტენდენციებიც მიმოიხილა. იმ 9 საარჩევნო სუბიექტიდან, რომელმაც არჩევნებში 1%-ის ოდენობის ხმა მაინც მიიღო, ერთმა სუბიექტმა („გირჩი”) შევსებული ფინანსური დეკლარაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ მიაწოდა, შესაბამისად. ანგარიშში გამოკვეთილი მიგნებები ძირითადად ეყრდნობა 8 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციებისა და წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების ანალიზს:

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები

  • კვლევის ფარგლებში შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში დაახლოებით 38.6 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, აქედან თითქმის ნახევარი (45%) – 17.3 მლნ ლარი, მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოდიოდა. 6 მლნ  ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია““ – 5.7 მლნ ლარით;
  • 8 სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების მხოლოდ 10% (3.7 მლნ ლარი) მოდიოდა სახელმწიფო დაფინანსებაზე, 90% (34.9 მლნ ლარი) კი - კერძოზე. სახელმწიფო დაფინანსების მცირე წილი იმით იყო განპირობებული, რომ საანგარიშო პერიოდი არასრულ სამ თვეს წარმოადგენს, სახელმწიფო დაფინანსებას კი პარტია ყოველთვიურად, თანაბარი ოდენობით იღებს, მაშინ როდესაც კერძო დაფინანსების წყაროებიდან თანხების მიღება ძირითადად სწორედ საარჩევნო პერიოდზეა კონცენტრირებული;
  • შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჯამში დაახლოებით 33.4 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 15.3 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 46%) მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ მოდიოდა, 6 მლნ  ლარით  მეორე ადგილზე იყო „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, ხოლო მესამე - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია““ 4.8 მლნ ლარით. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მმართველი პარტიის წილი ჯამურ შემოწირულებებში შემცირებულია, კერძოდ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე 28 მილიონზე მეტი ჯამური შემოწირულებიდან 68% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა;
  • საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ჯამური შემოწირულებების 98% ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული, 2% კი - იურიდიული პირების მიერ. ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 38%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (დაახლოებით 11,900 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 85% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს;
  • როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 68 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა. საინტერესოა, რომ აბრამიშვილმა შემოწირულება მას შემდეგ გაიღო, რაც მისმა კომპანიამ მოკლე პერიოდში ზედიზედ რამდენიმე მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს ცეკურის, შპს გრავიტას და შპს ჯი-თი ჯგუფის შემთხვევებში. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს .და., რომელმაც 2020 წელს 17.3 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს. ასევე, ყურადღებას იქცევს შპს არსაკიძე-2000, კომპანია, რომელმაც 2020 წელს 2.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს ლილო-მოლთან - მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები;
  • ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 4.2 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ კუთხით აღსანიშნავია შპს ყვარლის ედემი, რომელიც მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების მფლობელობაშია. ეს კომპანია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის გაზაფხულზეც მოექცა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს მისი მფლობელების მიერ თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის მსხვილი კონტრაქტი გაუფორმეს;
  • წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს. სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების გაღება. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” მთლიანობაში 544,300 ლარი შესწირეს.  შპს ლილო-მოლთან დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 595,000 ლარი გაიღეს, ხოლო შპს ბომბორა და ბავშვებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი იგივე პარტიას 255,000 ლარი შესწირეს;
  • ცალკე კვლევის საგანი გახდა პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების შემოწირულებები. მართველი პარტიის „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან შვიდმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 5% იყო. მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს მაჟორიტარები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას;
  • საარჩევნო ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების 10%-. ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს – 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია);
  • პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421,990 ლარი შესწირა, რაც 2020 წლის 1 იანვრიდან პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების დაახლოებით 23%-. ამ თანხიდან 185,000 ლარი ოთხმა მაჟორიტარმა კანდიდატმა (იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე) ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას;
  • საარჩევნო სუბიექტებიდან საბანკო სესხის აღების შესაძლებლობით ტრადიციულად მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლა. „ქართულმა ოცნებამ”  1 მლნ ლარის ოდენობით სესხი „ლიბერთი ბანკისგან“ აიღო.

 საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები

  • შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა საანგარიშო პერიოდში სულ დაახლოებით 37.3 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწიეს, რომლის 46% - 17.1 მლნ ლარი მმართველ პარტია - „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდიოდა, 6 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია““ 5.2 მლნ ლარით;
  • საარჩევნო სუბიექტების ხარჯების 75%-ს (28.1 მლნ ლარი) სარეკლამო ხარჯები შეადგენდა, დანარჩენი ყველაზე მსხვილი კატეგორიები იჯარის ხარჯი (6%) და შრომის ანაზღაურება (4%) უმნიშვნელო იყო სარეკლამო ხარჯებთან შედარებით;
  • მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სარეკლამო დანახარჯებით ტრადიციულად პირველ ადგილზე იყო, მისი ხარჯები რამდენჯერმე აღემატებოდა შემდეგ ადგილებზე გასული სუბიექტების ხარჯებს. მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯები ყველა სუბიექტის სარეკლამო ხარჯის 43%-ს წარმოადგენდა;
  • რეკლამის სახეობებს შორის დომინირებდა სატელევიზიო რეკლამა (მთლიანი სარეკლამო ხარჯის 45%) და გარე რეკლამა (30%), თუმცა, ასევე, მზარდი კატეგორია იყო ინტერნეტ რეკლამა;
  • შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა სატელევიზიო რეკლამაზე ჯამში 12.6 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 4.5 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო, მეორეზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია““ იყო 3.1 მლნ ლარით;
  • რვა საარჩევნო სუბიექტიდან მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომლის მიერ დეკლარირებული ხარჯები რეალურად გაწეულ ხარჯებს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში სატელევიზო რეკლამის ხარჯის ველსა და შესაბამის სპეციალურ ფორმაში ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული, მაშინ როდესაც, ჩვენმა მონიტორებმა სხვადასხვა ტელეარხზე ამ საარჩევნო სუბიექტის 130-მდე ფასიანი ვიდეო რგოლი აღნუსხეს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 100,000 ლარი უნდა ყოფილიყო;
  • შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა გარე რეკლამაზე ჯამში დაახლოებით 8.3 მლნ ლარი დახარჯეს, მათ შორის ყველა დიდი თანხა  5.1 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო, მეორეზე კი „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ იყო  1.2 მლნ ლარით;
  • საარჩევნო სუბიექტების მიერ ინტერნეტ რეკლამაში გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 3 მლნ ლარს მიაღწია. ამ მხრივ  849,592 ლარით პირველ ადგილზე იყო  „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, შემდეგ მოდიოდნენ საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი”  681,044 ლარით და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“  677,024 ლარით;
  • „ფეისბუქ“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 1 სექტემბრიდან - 28 ნოემბრამდე წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსის მქონე მასალის განსათავსებლად ცხრა საარჩევნო სუბიექტს სულ დაახლოებით 701,350 აშშ დოლარი ჰქონდა დახარჯული;
  • შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტმა შრომის ანაზღაურებაზე მთლიანობაში   დაახლოებით 1.5 მლნ ლარი დახარჯეს. ამ თანხას უნდა დაემატოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ვალდებულებების რეესტრშ მითითებული დაახლოებით 600,000 ლარი, რომელიც 2,000-ზე მეტი კოორდინატორის შრომის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს.

საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და მასზე ზედამხედველობა

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ჯერჯერობით ბოლო ანგარიში ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მხოლოდ 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორ სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდებოდა. აღსანიშნავია რომ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახურმა 19 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ, ხოლო 10 ოქმი შემომწირველი პირების წინააღმდეგ;
  • წინასაარჩევნო პერიოდში მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან - რუსეთიდან ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი აქტუალური იყო, რასაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ადეკვატური რეაგირება არ მოყვა. კერძოდ, საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება გაასაჯაროა, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი. აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას. სხვა სახელმწიფო უწყებებმა კი, რომელთაც საგამოძიებო უფლებამოსილებები გააჩნიათ (საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ, დაეწყოთ გამოძიება, რითაც პასუხგაუცემელი დარჩა სერიოზული კითხვები მტრულად განწყობილი სახელმწიფო მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის თაობაზე.

რეკომენდაციები

  • ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული უფლებამოსილებები არ არის საკმარისი პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწევს ზედამხედველობას. ამ იდეის განსახორციელებლად კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ორგანოში და სასურველია, პარლამენტმა იგი უახლოეს მომავალში განიხილოს;
  • სასურველია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად რეაგირებდეს შესაბამის დარღვევებზე, მათ შორის იმ გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ამ ანგარიშში არის გამოკვეთილი. ასევე, კარგი იქნება, თუ ეს უწყება, ცესკოს მსგავსად, შექმნის საჯაროდ ხელმისაწვდომ სპეციალურ რეესტრს, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი აუდიტის სამსახურში შესული საჩივრები/განცხადებები  და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია;
  • სასურველია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ასევე, დაადგინოს „ფეისბუქზე“ საარჩევნო სუბიექტების მიერ დაფინანსებული სააგიტაციო მასალის დეკლარირების კონკრეტული წესი. კერძოდ, საჭიროა, ჩამოყალიბდეს ერთგვაროვანი ინსტრუქცია საარჩევნო კამპანიაში გამოყენებული ყველა გვერდის დაფინანსებისა და ინფორმაციის დეკლარირების  შესახებ.

 

ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნისსაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსდა შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის ანდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის  შეხედულებებს.