საქართველოს მთავრობის შეჩერებული ანტიკორუფციული პოლიტიკა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს მთავრობის შეჩერებული ანტიკორუფციული პოლიტიკა

24 დეკემბერი, 2021

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გააანალიზა 2020-2021 წლებში ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელება და შესაბამისი ინსტიტუციური მოდელის ეფექტიანობა.

ძირითადი მიგნებები

  • კორუფციასთან ბრძოლის საქართველოში არსებული ინსტიტუციური მოდელი არ მოიცავს ყველა იმ ფუნქციას (კორუფციის პრევენცია, გამოძიება, ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმოება, ცნობიერების ამაღლება), რომელიც აუცილებელია კორუფციის შესაკავებლად. ზოგიერთი ფუნქცია ან საერთოდ არ არის არცერთი ინსტიტუციის პასუხისმგებლობის ქვეშ, ან გაბნეულია რამდენიმე უწყებას შორის, რომლებიც ვერ ახერხებენ მათ სათანადოდ შესრულებას.
  • არ არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც ეფექტურად გამოიძიებს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებს, გააუმჯობესებს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის სამართლებრივი ნორმების აღსრულების პრაქტიკას და შექმნის ამ ნორმების დარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების ქმედით სისტემას.
  • ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა – ანტიკორუფციული საბჭო და მისი სამდივნო რეალურად არ ფუნქციონირებს. ანტიკორუფციული საბჭოს ბოლო შეხვედრა 2019 წელს გაიმართა, ხოლო სამდივნო რეალურად არც არსებობს.
  • არ ხდება კორუფციის მხრივ არსებული რეალური გამოწვევების ზუსტი ანალიზი, რის გამოც დღემდე მიღებული ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის არცერთი დოკუმენტი არ მიემართება მაღალი დონის კორუფციის პრობლემას. არც ერთი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ აღიარებს ამ გამოწვევის არსებობას და შესაბამისად, მის წინააღმდეგ კონკრეტულ აქტივობებსაც არ მოიცავს.
  • დაბალია ანტიკორუფციული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების დონე.
  • სუსტია ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმი.
  • დაბალია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მონიტორინგის მისიების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და მთავრობის მიერ სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების დონე.
  • 2020 წლის დეკემბრის შემდეგ საქართველოს არ აქვს მოქმედი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

იმისათვის, რომ ანტიკორუფციული მიმართულებით ქვეყანამ განახორციელოს შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკა, ეფექტურად ებრძოლოს მაღალი დონის კორუფციას და საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების პრინციპების დანერგვა უზრუნველყოს – აუცილებელია არსებული ანტიკორუფციული მოდელის განახლება:

  1. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს (სამსახურის) შექმნა, რომელიც  გააერთიანებს და პასუხისმგებელი იქნება ოთხიდან სამი ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის შესრულებაზე: კორუფციის პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და კორუფციული დანაშაულების გამოძიება; და ასევე, ჩაერთვება ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში, მისი განხორციელების მონიტორინგსა და უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში.
  2. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და მისი სამდივნოს მუშაობის ფორმატის განახლება და აღდგენა, რათა სათანადოდ შესრულდეს მეოთხე ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქცია – ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი.

გარდა ამისა, ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება[1] ნათლად აჩვენებს საზედამხედველო ორგანოების – საქართველოს პარლამენტის, სასამართლოსა და აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აღჭურვის საჭიროებას.

მიგნებებისა და რეკომენდაციების დეტალურად სანახავად იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია.

[1] საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2020, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ივნისი 26, 2020, ხელმისაწვდომია აქ.