საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო დავების იურიდიულ მომსახურებაზე 2017-2021 წლებში 135 მლნ ლარი დახარჯა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო დავების იურიდიულ მომსახურებაზე 2017-2021 წლებში 135 მლნ ლარი დახარჯა

01 აპრილი, 2022

2017-2021 წლებში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა 135 მლნ ლარის 96 მსხვილი[1] კონტრაქტი გააფორმეს, ძირითადად უცხოურ კომპანიებთან. 2017 წლამდე იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები გაცილებით ნაკლები იყო -2011-2016 წლებში გაფორმებული 32 მსხვილი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს არ აღემატებოდა.

2017 წლიდან საქართველოს მხრიდან იურიდიული მომსახურების შესყიდვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზნით მსხვილ კონტრაქტებს პირდაპირი (გამარტივებული) შესყიდვის გზით აფორმებდნენ. კონტრაქტების უმეტესობა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებს ეხება. საარბიტრაჟო დავებში მომსახურებაზე ელექტრონული ტენდერით მსხვილი კონტრაქტები არ გაფორმებულა.

2017-2021 წლებში ყველაზე მეტი თანხა იურიდიულ მომსახურებაზე 2020 წელს დაიხარჯა - 82.4 მლნ ლარი.

მონაცემთა წყარო: www.tendermonitor.ge

იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა, რომელმაც ბოლო 5 წელიწადში 82.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 14 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა პირდაპირი შესყიდვის გზით. შემდეგ მოდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც 22.5 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 19 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. 21.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტით კი მესამე ადგილზეა  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია".

მონაცემთა წყარო: www.tendermonitor.ge

იურიდიული მომსახურების მიმწოდებლები ძირითადად უცხოური კომპანიები იყვნენ. ჯამურად გაფორმებული 135 მლნ ლარის კონტრაქტებიდან 85% სამ უცხოურ კომპანიაზე მოდიოდა. ესენია: ამერიკულ კომპანია „White & Case“ – 81 მლნ ლარი, ინგლისური კომპანია „Hogan Lovells International“ – 23 მლნ ლარი და ამერიკულ-ინგლისური კომპანია „Gaillard Banifatemi Shelbaya“ – 11.5. კომპანია „Hogan Lovells International“ 2020 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ ლობისტი კომპანიაა.

მონაცემთა წყარო: www.tendermonitor.ge

 


[1] მსხვილ კონტრაქტად მივიჩნიეთ ისეთ კონტრაქტები, რომელთა ღირებულება 10,000 ლარზე მეტია

print