საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება

25 ივლისი, 2018

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგენს IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევას, რომელიც   2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

საანაგრიშო პერიოდში შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა:

საკანონმდებლო პროცესი

  • კვორუმის არარსებობის გამო პლენარული სხდომა არ ჩაშლილა.[1]
  • მთავრობამ 2-ჯერ წარმოადგინა კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა
  • წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, გენდერული თანასწორობის საბჭო მეტად აქტიურია

ზედამხედველობის განხორციელება

  • აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომებს და წარმოადგენდნენ პერიოდულ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, კომიტეტებმა ამ მიმართულებით 133 სხდომა გამართეს. სხდომებს უმეტესად მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
  • პარლამენტმა დაიწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ სამთავრობო ანგარიშების განხილვა
  • გაუმჯობესდა თანამდებობის პირთა არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. მაგალითად, სახალხო დამცველის კანდიდატურა სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა

დეპუტატების აქტივობა

  • მე-9 მოწვევის პირველ წელს დეპუტატები უფრო აქტიურები არიან საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის მხრივ წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ამ უფლებით პარლამენტის 92-მა წევრმა ისარგებლა.
  • პარლამენტის მუშაობას საპარლამენტო ოპოზიციამ (უმცირესობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა”) ბოიკოტი 5-ჯერ გამოუცხადა და ამ მიზეზით 7-ჯერ არ მიიღო მონაწილეობა პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობაში.
  • პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებით 5-ჯერ დაუბრუნა საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს. ხუთივე ვეტო პარლამენტმა დაძლია.

გამჭვირვალობა

  • ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შედეგად გაიზარდა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. კერძოდ, ვებ-გვერდზე ქვეყნდება მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მიერ გაწეული ხარჯები და პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯები

 

საანგარიშო პერიოდში შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:

საკანონმდებლო პროცესი

  • გაუარესებულია მდგომარეობა კანონპროექტების დაჩქარებული წესით  განხილვის მიმართულებით. მე-9 მოწვევის პარლამენტმა საანგარიშო პერიოდში  ამ წესით 213 პროექტი განიხლა, მათ შორის 111 კანონპროექტი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ეხებოდა. თუმცა იყო 12 შემთხვევა როდესაც ამ წესით პროექტის განხილვის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
  • პრობლემაა ასევე კანონის ამოქმედების გადავადება, კერძოდ, პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო 77 ასეთი კანონის პროექტი.[2]
  • სამუშაო ჯგუფების საქმიანობა ზოგიერთ შემთხვევაში ატარებდა ფორმალურ ხასიათს. მაგალითად, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მომზადების პროცესში  ჯგუფის წევრები ჩართულნი არ ყოფილან.

ზედამხედველობის განხორციელება

  • დეპუტატები სათანადოდ არ იყენებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობებს
  • საანგარიშო პერიოდში არ შექმნილა საგამოძიებო კომისია, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება, ასევე ყოფილი აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტი
  • სადეპუტატო კითხვების უმეტესი ნაწილი კვლავ  სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას შეეხება და არ უკავშირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების კონტროლსა და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
  • პარლამენტმა თითქმის 1 წლის განმავლობაში ვერ დააკომპლექტა ნდობის ჯგუფი
  • პარლამენტი არ ახორციელებს  მთავრობის მიერ წარდგენილ კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგს

პარლამენტის წევრთა ანგარიშვალდებულება

  • მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე წელს  პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის  2 119   შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ოჯახური მდგომარეობის მითითებით იყო 1 430 შემთხვევა, რაც საპატიო მიზეზით გაცდენილი შემთხვევების 68% უდრის.
  •  ყველაზე მეტი პლენარული და კომიტეტის სხდომები საპატიო მიზეზით გააცდინა კობა ნაყოფიამ (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა”). არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის ყველაზე მეტი გაცდენა აქვს შოთა შალელაშვილს (უმრავლესობა), ხოლო კომიტეტის - გიორგი ტუღუშს (უმცირესობა).
  • ისევე როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, საანგარიშო პერიოდშიც  პარლამენტის წევრების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. ამასთანავე, პარლამენტს ამ დრომდე არ მიუღია პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი

 

პარლამენტის მიერ მიღებული საკანონდებლო ცვლილებების შეფასება

კვლევაში შეფასებულია პარლამენტის მიერ მიღებული კანონებიც. პოზიტიურად შეფასებულ კანონთა შორისაა: სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან გამომდინარე ცვლილებები, ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ცვლილება, პატიმრობის კოდექსში ცვლილებები, თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ ინიციატივა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გაუქმება და ა.შ.  საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, წარმოადგენს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, საგზაო უსაფრთხოების რეფორმა, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი რეგულაცია და ა.შ. კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული რამდენიმე საკანონდებლო ცვლილება, მათ შორის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა, მორატორიუმი მიწის გასხვისებაზე, თვითმმართველი ერთეულების გაუქმება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი, საკანონმდებლო წინადადების განხილვის წესის ცვლილება.

 


[1] მე-8 მოწვევის პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა  10 სხდომა, აქედან 2 რიგგარეშე

[2] რაც მნიშვნელოვნად აღემატება მე-8 მოწვევის პარლამენტის მიერ გამარტივებული წესით განხილული კანონპროექტების საერთო რაოდენობას (47  კანონის პროექტი).

*ანგარიში მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით

print