საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელების მონიტორინგის ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მოამზადა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური ანგარიში, რომლის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია სამთავრობო გეგმაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლო რეფორმის მიმართულებით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შესახებ. ანგარიში მოიცავს სამოქმედო გეგმის სრულ პერიოდს - 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით.
ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნულ სამოქმედო გეგმა (NAP) ვერ პასუხობს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებსა და მიზნებს, ამასთან უგულებელყოფს როგორც კორუფციასთან ბრძოლის, ისე სასამართლო რეფორმის მიმართულებით არსებულ ყველა ძირითად გამოწვევას.
სამოქმედო გეგმა ორიენტირებული იყო მხოლოდ ფრაგმენტულ ცვლილებებზე. გეგმით შემოთავაზებული აქტივობების უმეტესობა არ იყო შედეგებზე ორიენტირებული, ინოვაციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული. გეგმაში მოცემული ყველა აქტივობის სრულად შესრულების შემთხვევაშიც კი, ძირითადი პრობლემები კვლავ გადაუჭრელი დარჩებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები არ იყო ამბიციური და ტრანსფორმაციული, მათი განხორციელების დონე მაინც ძალიან დაბალია:
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლო რეფორმის მიმართულებებით ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული აქტივობების მხოლოდ 24% შესრულდა სრულად (6 აქტივობა).
- პასუხისმგებელ უწყებებს შორის ყველაზე ნაკლები პროგრესი სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლას აქვს - აქტივობების 90% არ შესრულდა (10 აქტივობიდან მხოლოდ 1 შესრულდა ნაწილობრივ).
ანგარიშის სრულად სანახავად იხილეთ დანდართული pdf ფაილი.