საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და რუსული კომპანიები საქართველოში
I.ძირითადი მიგნებები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა, რადგან ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა 2021 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემები საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, ასევე, საქართველოში მომუშავე რუსული კომპანიებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ: მაშინ როდესაც 2020 წელს პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა, 2021 წელს იგი კვალავ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის დონემდე ჯერ მაინც არ მიუღწევია ტურიზმის დაბალ დონეზე შენარჩუნების გამო. 2020 წელს საქართველომ რუსეთში ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო (საქართველოს მშპ[i]-ს 5.7%), 2021 წელს კი — 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე (მშპ-ის 6.7%). კვლევის სხვა მიგნებებიდან აღსანიშნავია:
- 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა და 610 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელზეც მეტია. რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 172 მლნ აშშ დოლარით. რუსეთს საქართველოს ექსპორტში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს;
- რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ისევ ღვინის ექსპორტი გამოირჩეოდა. რუსულ ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 55% ეკავა;
- 2021 წელს რეკორდულად მაღალი იყო რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებაც, რომელმაც 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა და პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 51 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა;
- იმპორტის მხრივ საქართველო ყველაზე მეტად რუსულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ერთი ტონა რუსული ხორბლის ფასი 220 აშშ დოლარიდან 260 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რუსულ პროდუქციას საქართველოს ხორბლის ჯამურ იმპორტში 94% ეკავა. გასულ წელს 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა რუსული ხორბალი შემოვიტანეთ;
- ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი. 2021 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილმა საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 23.1% შეადგინა, როცა ეს მაჩვენებელი 2018 წელს 2.8% იყო. 2021 წელს რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა საქართველოს 77 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა.
ვიზიტორები და ფულადი გზავნილები
- 2021 წლის ზაფხულიდან რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ზრდა დაიწყო, მაგრამ პანდემიის გამო 2019 წლის მაჩვენებელს 86%-ით ჩამორჩებოდა. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების 11.3%-ია;
- რუსეთიდან ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილი თანხების წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში მცირდება, თუმცა იგი საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მიერ უცხოეთიდან მიღებული ჯამური ფულადი გზავნილების 17.5% იყო. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 25%-მდე იყო.
რუსული კომპანიები საქართველოში
- საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანია რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან;
- ამ 7,000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა - დაახლოებით 1,200 - 2018 წელს დაფიქსირდა;
- რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია;
- მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში;
- 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია;
- სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა „ლუკოილ-ჯორჯიამ“ (200 მლნ ლარი), „მეტროვაგონმშენმა“ (175 მლნ ლარი), „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალმა“ (46 მლნ ლარი), „კლასიკ-სტროიმ“ (15.7 მლნ ლარი) და „ინვესტსტროირეგიონმა“ (13 მლნ ლარი) მიიღეს.
II.შესავალი
საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. რუსეთმა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოს „დასჯა“ და საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია, რომ გავაძლიეროთ მდგრადობა შესაძლო საფრთხეების წინაშე. 2020 წლის მაისში და 2021 წლის მარტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ორი კვლევა გამოაქვეყნა, რომლებშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ იყო 2019-2020 წლებში საქართველო რუსეთზე დამოკიდებული ვაჭრობით, ტურიზმით და ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულით. ამჯერად, გარდა იმისა, რომ განვაახლეთ წინა კვლევის მონაცემები და 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ტენდენციებს მიმოვიხილავთ, დამატებით შევისწავლეთ საქართველოში მომუშავე მსხვილი რუსული კომპანიები[ii] და მათი მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში, ვინაიდან ძირითად ეკონომიკურ ურთიერთობებთან (ვაჭრობა, ტურიზმი, ინვესტიციები, ენერგეტიკა და ა.შ) ერთად, იმის ცოდნაც მნიშვნელოვანია, თუ რა დონეზე და საქართველოს ეკონომიკის რა სექტორებშია რუსული კომპანიები წარმოდგენილი და იღებენ თუ არა ისინი სარგებელს საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე.
III.საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ძირითადი მაჩვენებლები
საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ძირითადად სამი მიმართულება განსაზღვრავს, ესენია: საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი და რუსეთში დასაქმებულთა ფულადი გზავნილები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი”) ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოდან რუსეთში 610 მლნ აშშ დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა (საქართველოს მთლიანი ექსპორტის 14.4%), რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 38%-ით მეტია. ქვეყნების მიხედვით, რუსეთი საქართველოს ექსპორტში მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩა 6 მლნ აშშ დოლარით. 2020 წელს პანდემიის გამო საქართველოს ექსპორტი რუსეთის მიმართულებით 11%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წელს პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს რუსეთში განხორციელებული ექსპორტი რეკორდულად მაღალი იყო. აქამდე, არც ერთ წელს საქართველოს რუსეთში 610 მლნ აშშ დოლარის ან მეტის საქონელი არ გაუტანია. თუმცა, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2017 წელს უფრო მეტი (14.5%) იყო. ცნობისათვის, 2006 წლის ეკონომიკურ ემბარგომდე რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 18%-მდე იყო.
მონაცემთა წყარო: „საქსტატი”
2021 წელს რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 172 მლნ აშშ დოლარით, რაც ქართული ფეროშენადნობების მთლიანი ექსპორტის 36% იყო.
ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2021 წელს რუსეთში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 55% შევიდა. გასულ წელს ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტმა 131 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 9.4%-ით მეტია.
რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაღალი დამოკიდებულება პოლიტიკური რისკების მატარებელია. 2006 წელს რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციის ბოიკოტირებამ, ასევე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო რუსეთის დუმაში ქართული ღვინის იმპორტის შეზღუდვის განხილვამ, ნათლად აჩვენა, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის სერიოზული და რეალური გამოწვევაა.
მონაცემთა წყარო: „საქსტატი”
საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ანუ უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. 2021 წელს რუსული პროდუქციის იმპორტი 16%-ით გაიზარდა და 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, რუსული პროდუქციის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 11%-დან 10.2%-მდე შემცირდა. ამ კუთხით რუსეთი მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება, საიდანაც 2021 წელს საქართველოში 1.8 მლრდ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა. 2021 წელს დაფიქსირებული რუსული პროდუქციის იმპორტის ნომინალური მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი იყო და პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 51 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა.
რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (13%) საავტომობილო საწვავს უჭირავს, რომლის ღირებულებამაც გასულ წელს 135 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ნავთობის აირები (გაზი) იყო 97 მლნ აშშ დოლარით.
რუსეთიდან იმპორტში მე-3 ადგილზე სასურსათო მოხმარების მნიშვნელოვანი პროდუქტი - ხორბალი იყო. 2021 წელს საქართველოში 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა რუსული ხორბალი შემოვიდა, რაც საქართველოში ჯამურად იმპორტირებული ხორბლის 94% იყო. 2020 წელთან შედარებით, მოცულობის მიხედვით (ტონებში) რუსული ხორბლის იმპორტი 31%-ით შემცირდა, თუმცა ხორბლის გაძვირების გამო იმპორტირებული ხორბლის ჯამური ღირებულება შედარებით ნაკლებად, 19%-ით შემცირდა. 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ერთი ტონა ხორბლის საშუალო ფასი 220 აშშ დოლარი იყო, 2021 წელს კი - 260 აშშ დოლარი. ხორბლის იმპორტის შემცირების პარალელურად რუსეთიდან ხორბლის ფქვილის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა. 2021 წელს საქართველოში 11.5 მლნ აშშ დოლარის ხორბლის ფქვილი შემოვიდა რუსეთიდან, რაც საქართველოში ჯამურად იმპორტირებული ხორბლის ფქვილის 96% იყო. რუსული ხორბლის იმპორტის ნაწილობრივ ხორბლის ფქვილით ჩანაცვლების მიზეზი გასულ წელს რუსეთის მხრიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდა იყო, რაც ხორბლის ფქვილზე არ გავრცელდა.
რუსულ ხორბალს და ხორბლის ფქვილს საქართველოს ხორბლის ნაწარმის სასურსათო მოხმარებაში 80%-მდე უჭირავს, რაც გარკვეული საფრთხის შემცველია. პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის და ფქვილის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის. გასული წლების განმავლობაში „კოვიდ-19”-ის პანდემიის გამო რუსეთმა საკუთარი ხორბლის ექსპორტი ორჯერ შეაჩერა დროებით, ერთი ტონა ხორბლის საექსპორტო გადასახადი კი 60 დოლარიდან 98 დოლარამდე გაზარდა.
„კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ, საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც, საქართველომ დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარის[iii] შემოსავალი მიიღო.
პანდემიის გამო 2020 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 86%-ით შემცირდა. რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს მთლიან ტურიზმში კი 15.7%-დან 11.9%-მდე დაეცა. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 2%-ით მეტი იყო, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს ისევ მნიშვნელოვნად, 85.5%-ით ჩამორჩებოდა. 2021 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების მთლიან რაოდენობაში 11.3% იყო, რომლებმაც ქვეყანაში სავარაუდოდ დაახლოებით 245 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.[iv]
რუს ტურისტებზე მაღალი დამოკიდებულება, ერთ-ერთი ის ეკონომიკური ბერკეტია, რომლის გამოყენებაც რუსეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, 8 ივლისიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა. ფრენების შეჩერებამ ვიზიტორების შემოსვლაზე გავლენა იქონია. 2019 წლის ივლის-დეკემბერში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. რუსეთს საქართველოსთან პირდაპირი ფრენები დღემდე აქვს შეჩერებული. თუ რუსეთი რუსეთიდან მომავალი ტურისტებისთვის საქართველოს სახმელეთო საზღვარს ჩაკეტავს, რუსი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ასობით მლნ აშშ დოლარს დააკარგვინებს.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებიცაა. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია, თუმცა რუსეთის წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 19.3%-დან 17.5%-მდე შემცირდა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს. 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2021 წელს - 17.5%. ამას ორი გარემოება განაპირობებს: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები წლიდან წლამდე ძირითადად მცირდება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდება. რუსეთიდან გზავნილებმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ნავთობის ფასის დაცემამ და დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ასევე, ბოლო წლებში ქართველ ემიგრანტთა ახალი ნაკადები ევროკავშირის ქვეყნებისკენ უფრო მიემართებიან, ვიდრე რუსეთისკენ, რამაც ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობა გაზარდა. ყოველივე ეს გზავნილებში რუსეთის წილის შემცირებას იწვევს. თუმცა, 2021 წელს რუსეთიდან გადმორიცხული 411 მლნ აშშ დოლარი საქართველოს ეკონომიკისთვის (მშპ-ის მიმართ დაახლოებით 2%) და ოჯახების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი თანხაა.
2019 წელს საქართველომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილებისა და რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მეშვეობით დაახლოებით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მშპ-ის მიმართ 9% იყო. პანდემიამ რუსეთიდან მიღებული შემოსავლები შეამცირა და შედეგად, 2020 წელს საქართველომ იმავე გზებით რუსეთიდან დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ის მიმართ 5.7% იყო. 2021 წელს, პანდემიის გაგრძელების მიუხედავად, ეკონომიკური შეზღუდვები შემცირდა და შედეგად საქართველომ რუსეთში ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მშპ-ს მიმართ დაახლოებით 6.7%-მდეა. აქედან გამომდინარე, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს არ დაბრუნებია, თუმცა 2020 წელთან შედარებით გაიზარდა.
რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ისევე როგორც წინა წლებში, რუსეთმა შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაგვიწესოს და ამით ეკონომიკური ზიანი მიაყენოს საქართველოს, აღნიშნული ზიანის თავიდან ასაცილებლად კი პოლიტიკური ფასის გადახდა მოითხოვოს. უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთის მიმართ დასავლეთის ქვეყნებმა მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესეს, რაც ბუნებრივად შეამცირებს საქართველოს შემოსავლებს რუსეთიდან და მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ლარის გაცვლით კურსზე და სეგმენტურ ბაზრებზე, მაგალითად ღვინის ექსპორტზე და ხორბლის იმპორტზე.
ბოლო წლებში რუსულ იმპორტს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2021 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 1.8% იყო,[v] ცალკე აღებულ ელექტროენერგიის იმპორტში კი — 25%[vi].
განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრივი აირის[vii] იმპორტში. 2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 2.8% წილი ეჭირა. 2019 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილი 9.5%-მდე გაიზარდა, 2020 წელს 12.2%-მდე, 2021 წელს კი 23.1%-ს მიაღწია. გასულ წელს საქართველომ რუსეთიდან 77 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოიტანა მაშინ, როცა 2018 წელს რუსეთიდან სულ 8 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებლად აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც 2021 წელს 256 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა.[viii] საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის 99.4% იმპორტზე მოდის, შესაბამისად, რუსულ ბუნებრივ აირს შიდა მოხმარებაში იგივე წილი (23%-მდე) ეკავა, რაც იმპორტში.
მონაცემთა წყარო: „საქსტატი”
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციები მასშტაბური არ არის. 2016-2020 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში 3.6% იყო. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში სულ 249 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 53 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც საქართველოს მიერ მოზიდული ჯამური უცხოური ინვესტიციების 7.3% იყო. თუმცა, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან[ix] შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული.
IV.რუსული კომპანიები საქართველოში
საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს კი ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნახევარზე მეტი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც ამჟამად მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.
საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით მოვიძიეთ ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან. სწორედ ასეთ კომპანიებს ვუწოდებთ რუსულ კომპანიებს. თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიძლება სხვა ქვეყნის კომპანიის გავლით ეკუთვნოდეს რუსეთის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.
დღეისათვის საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები და მოქალაქეები არიან.
საქართველოს სამეწარმეო რეესტრში რუსული კომპანიების რეგისტრაციის თარიღი 1995 წლიდან იწყება. მოქმედი კომპანიებიდან 1995-2003 წლებში სულ 222 კომპანიაა რეგისტრირებული. 2004-2009 წლებში წელიწადში საშუალოდ 64 რუსული კომპანია რეგისტრირდებოდა და სულ ჯამში 381 კომპანია დარეგისტრირდა. რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრირების მაჩვენებელი 2010 წლიდან სწრაფად იწყებს ზრდას, კერძოდ, 2010-2012 წლებში საქართველოში წელიწადში საშუალოდ 210 რუსული კომპანია რეგისტრირდებოდა. 2013 წლიდან რუსული კომპანიების და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაფუძნების ტემპი კიდევ უფრო იზრდება, რაც, სავარაუდოდ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენითა და რუსეთიდან ტურიზმის ზრდით არის გამოწვეული. 2013-2017 წლებში საქართველოში წელიწადში საშუალოდ 537 რუსული კომპანია რეგისტრირდებოდა. რეკორდულად მაღალი იყო რეგისტრაციების რაოდენობა 2018 წელს, როდესაც 1,201 რუსული კომპანია დაფუძნდა. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსული კომპანიების რეგისტრაციამ 10%-ით იკლო, 2020 წელს კი პანდემიის გამო 611-მდე შემცირდა. 2013-2020 წლებში საქართველოში რუსეთის კომპანიებმა და მოქალაქეებმა სულ 5,600-მდე კომპანია დაარეგისტრირეს.
მონაცემთა წყარო: მეწარმეთა რეესტრი
რადგან საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანიაა, რომლის მფლობელები რუსეთის კომპანიები და მოქალაქეები არიან, ყველა მათგანზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებზე, ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საქმიანობის სფეროს, სიდიდის, საჯარო ინტერესის და ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ყურადღება გავამახვილეთ მხოლოდ 20 მსხვილ კომპანიაზე. კომპანიების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო სამეწარმეო რეესტრი და ანგარიშგების პორტალია.[x]
1.ენერგეტიკა
სს[xi] „თელასი“
„თელასი“ სააქციო საზოგადოებად 1995 წელს დარეგისტრირდა. 1998 წელს კომპანიის აქციების 75% ამერიკულმა კომპანიამ „AES Silk Road Holdings B.V“-მა შეიძინა. 2003 წლის აგვისტოში კომპანია „AES Silk Road Holdings B.V“-ის 100% ფინურმა კომპანიამ „RAO Nordic Oy“-მ იყიდა, რომლის მფლობელი თავის მხრივ რუსული კომპანია „ინტერ რაო“ იყო. დღემდე „თელასის“ 75%-ს „ინტერ რაო“ ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანიები: „როსნეფტგაზ გრუპი“ და „ინტერ რაო კაპიტალ გრუპია“. 1998 წელს სს „თელასის“ 25% საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა. 2020 წლის აგვისტომდე აღნიშნული 25% საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს - „საპარტნიორო ფონდს“ ეკუთვნოდა, რომლისგანაც 10.5 მლნ აშშ დოლარად კერძო კომპანიამ შპს[xii] „ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა. „ბესტ ენერჯი გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.
სს „თელასი“ თბილისში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ერთადერთი კომპანიაა. აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „თელასის“ აქტივები 366 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 73 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი 14 მლნ ლარის მოგება დარჩა.
სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“
ჰიდროელექტრო სადგურები „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“ 1996 წელს დაფუძნდა სააქციო საზოგადოებებად, რომლებიც 1999 წელს „AES Georgia Holdings B.V.“-მ შეიძინა. როგორც უკვე აღინიშნა, 2003 წელს „AES Georgia Holdings B.V“ რუსულმა კომპანიამ „ინტერ რაომ“ შეიძინა. დღეს „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის მფლობელი „Gardabani Holding B.V.“-ია, რომელიც „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.
2020 წელს „ხრამჰესი I“-მა და „ხრამჰესი II“-მა 400 მლნ კვტ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2020 წელს საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 3.6%-ია.
აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ხრამჰესი I“-ის აქტივები 58 მლნ ლარი იყო, ხოლო „ხრამჰესი II“-ის - 103 მლნ ლარი. 2020 წელს „ხრამჰესი I“-ს 2.4 მლნ ლარის მოგება დარჩა, „ხრამჰესი II“-მა კი 3.1 მლნ ლარის ზარალი ნახა. 2019 წელს „ხრამჰესი I“-მა 5.9 მლნ ლარის მოგება ნახა, ხოლო „ხრამჰესი II“-მა კი — 8.6 მლნ ლარის.
შპს „ენერგია“ („ლარსი ჰესი“, „შილდა ჰესი“)
შპს „ენერგია“ 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 70%-ს რუსეთის მოქალაქე მევლუდი ბლიაძე ფლობს, ხოლო 30%-ს — შპს „ფერი“. „ფერის“ მფლობელები საქართველოს მოქალაქეები იოსებ მჭედლიშვილი და კახაბერ შევარდნაძე არიან.
„ენერგიის“ მთავარი საქმიანობა ორი ჰიდროელექტრო სადგურის „ლარსი ჰესის“ და „შილდა ჰესის“ ექსპლუატაციაა. აღნიშნული ჰესები მცირე ზომისაა, 2020 წელს „ლარსი ჰესმა“ 74 მლნ კვტ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო „შილდა ჰესმა“ — 15 მლნ კვტ საათი.
აუდიტორულ კომპანია შპს „ბიდიოს“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ენერგიას“ აქტივები 88.5 მლნ ლარი იყო. 2019 წელს კომპანიას 2 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი — 3.4 მლნ ლარის.
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“ 1996 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 50%-ს საქართველოს სახელმწიფო კომპანია სს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, 50%-ს კი — რუსეთის ფედერაცია, კერძოდ სს „ერთიანი ენერგო სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“. ეს კომპანია რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის გადაცემის საქსელო სისტემის ოპერატორი და მმართველია.
„გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ ძირითადი საქმიანობა მოიცავს საკუთარი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გამოყენებით ელექტროენერგიის გადაცემას საქართველოს ტერიტორიასა და მეზობელ ქვეყნებში: რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. კომპანიის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანიის გენერალური დირექტორი საქართველოს მოქალაქე ბაჩანა სულაძეა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალექსეი მოლსკია. სამეთვალყურეო საბჭოს 8 წევრიდან 4 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 4 რუსეთის ფედერაციის.
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ აქტივები 134 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიას 11.3 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი - 14 მლნ ლარის.
2.მძიმე მრეწველობა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა
შპს „მაინინგ ინვესთმენთსი“ (შპს „RMG Gold“ და შპს „RMG Copper“)
შპს „RMG Gold“ 1996 წელს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 96.2%-ს შპს „მაინინგ ინვესთმენთს“ ფლობს, ხოლო 3.8%-ს — შპს „RMG Copper“. შპს „RMG Copper“-ის მფლობელიც „მაინინგ ინვესთმენთსია“. „RMG Copper“ 1996 წელს დარეგისტრირდა სს „მადნეულის“ სახელით და „RMG Copper“ მას 2012 წლის ივნისიდან ჰქვია.
შპს „მაინინგ ინვესთმენთსის“ 100%-ის მფლობელი კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ არის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს მოქალაქე კახაბერ მჭედლიშვილია. კახებერ მჭედლიშვილმა 2018 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55,000 ლარი შესწირა, ხოლო 2020-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ 120,000 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ პეტროვია. შპს „RMG Gold“-ის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე რუსეთის მოქალაქეები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი არიან.
შპს „RMG Copper“-ის ძირითადი საქმიანობა სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნის მოპოვებას და დამუშავებას მოიცავს. 2014 წლის ნოემბერში ამ კომპანიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მადნეულის საბადოზე მინერალური რესურსების ძიების, მოპოვებისა და დამუშავების ლიცენზია მიიღო, რომელსაც მოქმედების ვადა 2041 წლამდე აქვს.
შპს „RMG Gold“-ის ძირითადი საქმიანობა საყდრისის ოქროს საბადოზე მინერალური რესურსების ძიება, მოპოვება და დამუშავებაა. საყდრისის საბადოზე საქმიანობის ლიცენზიას კომპანია 2042 წლამდე ფლობს.
აუდიტორულ კომპანია „KPMG“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „RMG Copper“-ის აქტივები 304 მლნ იყო. 2019 წელს ამ კომპანიას 102 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 91 მლნ ლარის. 2019 წელს შპს „RMG Gold“-ის აქტივები 350 მლნ ლარი იყო. 2019 წელს ამ კომპანიას 22 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 44 მლნ ლარის.
სს „ელმავალმშენებელი“
სს „ელმავალმშენებელი“ 1998 წელს დარეგისტრირდა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი. „ელმავალმშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე იგორ ტუგბაევია. საბჭოს 7 წევრიდან 6 ასევე რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი — საქართველოს მოქალაქე. ეს შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ მალტაში რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.
„ელმავალმშენებლის“ ძირითადი საქმიანობა მაგისტრალური ელმავლების მშენებლობა, სათადარიგო დეტალების დამზადება და ელმავლების კაპიტალური შეკეთებაა.
შპს „ინტელექტ აუდიტის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „ელმავალმშენებლის“ აქტივები 71 მლნ ლარი იყო. 2019 წელს ამ კომპანიამ 28 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 4 მლნ ლარის.
შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“
შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“ 2000 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 75%-ს გიბრალტარში რეგისტრირებული კომპანია „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ფლობს. „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედის“ საბოლოო ბენეფიციარი „Petrocas Energy International“-ია, რომელიც რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენთან, დავით იაკობაშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის ბოლოს „Petrocas Energy International“-ის 49% რუსულმა კომპანიამ „როსნეფტმა“ შეიძინა[xiii].
„ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“ ფოთში ფლობს ნავთობის ტერმინალებს სასაწყობე, გამტარი და ლოჯისტიკური საშუალებებით.
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველოს“ აქტივები 60 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიას 8.7 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი — 7.7 მლნ ლარის.
შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“
შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ 2011 წელს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 50%-ს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „თაუერ ქეფითელ თრეიდინგ“ ფლობს, ხოლო 50%-ს - შპს „აგრიკომი“. „აგრიკომის“ 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კონსტანტინე ოსიპოვია, ხოლო „თაუერ ქეფითელ თრეიდინგის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2 წევრი - მარატ შაიდაევი და ალექსეი ჩემერიჩკო რუსეთის მოქალაქეა. ასევე, ქეთევან კუბლაშვილთან ერთად, კომპანიის მმართველი რუსეთის მოქალაქე აბას მამედოვია.
„ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ ძირითადი საქმიანობა მარცვლეულის შენახვა, ჩატვირთვა-გადმოტვირთვა და საბითუმო ვაჭრობაა.
შპს აუდიტური კონცერნის „ცოდნის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ აქტივები 49 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიას 5.4 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი — 4.2 მლნ ლარის.
3.მსუბუქი მრეწველობა და მომსახურების სექტორი
შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს ბორჯომი“)
შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალი საქართველოში 1997 წელს დარეგისტრირდა. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. „აიდიეს ბორჯომი“ მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანიაა. „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული.[xiv] კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია. 2021 წლის ივნისამდე საქართველოს ფილიალის დირექტორიც რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა[xv].
აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალის აქტივები 87 მლნ აშშ დოლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 49 მლნ აშშ დოლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი 17.3 მლნ აშშ დოლარის მოგება დარჩა.
შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“
შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ 2008 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ვიმ-ბილ-დან“ ფლობს. კომპანია 1992 წელს დაარსდა და მის დაფუძნებაში ჩართული იყო დავით იაკობაშვილი. 2010 წლიდამ „ვიმ-ბილ-დან“-ს ამერიკული „პეპსიკო“ ფლობს.
„ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ ძირითადი საქმიანობის სფერო რძის პროდუქტების წარმოება და იმპორტირებული რძის და სასმელების დისტრიბუციაა. საქართველოში წარმოებული პროდუქტებიდან კომპანია ბაზარზე „სოფლის ნობათის“ ბრენდით არის ცნობილი. ასევე ეს კომპანია არის ისეთი ბრენდების იმპორტიორი, როგორებიცაა: „სანდორა“, „სადაჩოკ“, „ლიპტონის ცივი ჩაი“, „ლეისი“ და „დორიტოსი“.
აუდიტორულ კომპანია „KPMG“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ აქტივები 33.7 მლნ ლარი იყო. 2019 წელს კომპანიამ 13 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 900 ათასი ლარის.
შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“
შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“ 2003 წელს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 100%-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული შპს „დკ-სერვისია“.
„ტიფლისსკი ვინნი პოგრების“ ძირითადი საქმიანობა ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოება და რეალიზაციაა. კომპანიის პროდუქციის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.
აუდიტორულ კომპანია შპს „Moore Abc“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ტიფლისსკი ვინნი პოგრების“ აქტივები 36 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიას 4.3 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი - 4.6 მლნ ლარის.
შპს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“)
შპს „ვიონი საქართველო“ 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიის წილებს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 71%-ს და „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს.
„ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ ბრენდით არის წარმოდგენილი. „ბილაინის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის[xvi] თანახმად, „ვიონი საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ „VEON“-ში შედის. „VEON“ ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს „Letterone Investment Holdings S.A“ ფლობს[xvii], რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია[xviii]. მის წინააღმდეგ 2019 წელს დაიწყო გამოძიება ესპანეთში, და ასევე 2018 წელს ის მოხვდა აშშ-ს ხაზინის მიერ შექმნილ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირთა სიაში.
შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ვიონი საქართველოს“ აქტივები 120 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიამ 92 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 40 მლნ ლარის.
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ 1995 წელს დარეგისტრირდა და 2006 წლამდე „გაერთიანებული ქართული ბანკი“ ერქვა. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ რუსული „ვითიბი ბანკის“ შვილობილი კომპანიაა. „ვითიბი ბანკის“ აქციების დაახლოებით 59%-ს კი რუსეთის ფედერაციის მთავრობა ფლობს.
„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საქართველოში სიდიდით მე-4 ბანკია, აქტივებით ის მხოლოდ „თიბისი ბანკს“, „საქართველოს ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“ ჩამორჩება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, მიმდინარე წლის 25 თებერვალს აშშ-მა და ევროკავშირმა „ვითიბი ბანკს“ სანქციები დაუწესა.
აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ აქტივები 3.1 მლრდ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიას 26.7 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი - 29.8 მლნ ლარის.
შპს „მეტრა დეველოპმენტი“
შპს „მეტრა დეველოპმენტი“ 2013 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 50%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსეი სონკი ფლობს, ხოლო მეორე 50%-ს ასევე რუსეთის მოქალაქე — ალექსეი ვოლჩკოვი.
„მეტრა დეველოპმენტის“ ძირითად საქმიანობას საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და რეალიზაცია წარმოადგენს.
კომპანიის წლიური ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „მეტრა დეველოპმენტის“ აქტივები 19 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 6.3 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი — 13 ათასი ლარის.
შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“
შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“ 2015 წელს დაფუძნდა. კომპანიის 65%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“ ფლობს, 30%-ს - რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5%-ს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ლევან ქორქაშვილი ფლობს. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ ძირითად საქმიანობას სამორინე და სათამაშო ბიზნესი წარმოადგენს, დამატებითი საქმიანობა კი სარესტორნო მომსახურება და ვალუტის გაცვლაა. ამ კომპანიას ეკუთვნის ბათუმში მდებარე გასართობი ცენტრი „ECLIPSE”.
აუდიტორულ კომპანია შპს „პრესტიჟ-აუდიტის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ აქტივები 57.5 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 36 მლნ ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 18 მლნ ლარის.
შპს „როიალ ბატონი“
შპს „როიალ ბატონი“ 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს რუსეთის მოქალაქე იური კოროტჩენკო ფლობს.
„როიალ ბატონი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მის ძირითად საქმიანობას სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება წარმოადგენს.
ამ კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „როიალ ბატონის“ აქტივები 1.7 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიამ 516 ათასი ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 323 ათასი ლარის.
შპს „ლუკოილ-ჯორჯია“
შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ 2002 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ის მფლობელი შვეიცარიაში რეგისტრირებული სს „ლიტასკოა“. „ლიტასკოს“ საბოლოო ბენეფიციარი კი რუსული კოპანია „ლუკოილია“.
კომპანიის ძირითად საქმიანობას საქართველოს მასშტაბით ნავთობის და ნავთობ ქიმიკატების საბითუმო და საცალო გაყიდვები წარმოადგენს.
აუდიტორულ კომპანია „KPMG“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ აქტივები 75 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიას 1.2 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი 3.2 მლნ ლარის ზარალი ნახა.
აღსანიშნავია რომ „ლუკოილი” ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო. ასევე ის აშშ-ს მიერაც არის სანქცირებული.
„იანდექს ტაქსი“
ტაქსის ონლაინ გამოძახების რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ საქართველოში 2016 წელს შემოვიდა და მოკლე დროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. „იანდექს ტაქსი“ რუსულ ინტერნეტ კომპანია „Yandex“-ის შვილობილ კომპანია „Yandex.Go“-ს ეკუთვნის. „Yandex“-ის შვილობილი კომპანია „Yandex Money“ აშშ-მა მიმდინარე წლის 22 თებერვალს სანქცირებული კომპანიების სიაში შეიყვანა.
„იანდექს ტაქსის“ საქართველოში არსებულ აქტივებზე და სხვა ფინანსურ მაჩვენებლებზე ინფორმაცია საჯარო წყაროებით არ არის ხელმისაწვდომი.
V. რუსული კომპანიების მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში
2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 410 კომპანია მოიცავს, როგორც უშუალოდ რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიებს, ისე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელები რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები არიან. ელექტრონული ტენდერებით და გამარტივებული შესყიდვით აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია. ჯამური 590 მლნ ლარიდან 525 მლნ ლარი ელექტრონულ ტენდერებზე მოდის, ხოლო 65 მლნ ლარი — გამარტივებულ შესყიდვებზე.
წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას იმ 10 რუსულ კომპანიაზე, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს. ჯამურად, აღნიშნულმა 10-მა კომპანიამ 476 მლნ ლარი მიიღო, რაც რუსული კომპანიების მიერ მიღებული თანხის 81%-ია.
შპს „ლუკოილ-ჯორჯია“
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“, რომლის საბოლოო ბენეფიციარი რუსული კომპანია „ლუკოილია“, 2012-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 200 მლნ ლარამდე მიიღო. კერძოდ, ამ კომპანიამ ელექტრონული ტენდერებიდან 61 მლნ ლარამდე, გამარტივებული შესყიდვებიდან — 11 მლნ ლარამდე, ხოლო კონსოლიდირებული შესყიდვებიდან 129 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები მიიღო.
სს „მეტროვაგონმაში“
2021 წლის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მეტრო 44 ახალ ვაგონს 50 მლნ ევროდ (175 მლნ ლარად) რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან" იყიდის. ვაგონების შესყიდვა 2022 წელს დაიწყება და 3 წელიწადში დასრულდება. აღნიშნული ტენდერების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ინფორმაცია არ იძებნება, რადგან ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) დაფინანსებით და წესებით ჩატარდა. აღნიშნულ ტენდერში და შესაბამისად, გამარჯვებულის შერჩევაში თბილისის მეტროს მმართველი კომპანია - თბილისის მერიის მფლობელობაში მყოფი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ჩართული არ იყო.
„მეტროვაგონმაში“ მსხვილი რუსული კომპანიაა, რომლის მფლობელი ასევე რუსული კომპანია, სააქციო საზოგადოება „ტრანსმაშჰოლდინგია“.
შპს „სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალი“
შპს „სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალს“ 2013-2017 წლებში 46 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 29 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. ყველაზე მსხვილი, 10.1 მლნ ლარიანი კონტრაქტი ამ კომპანიასთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2016 წლის მაისში გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, „ჩელიაბინსკტრანსსიგნალს“ შიდასახელმწიფოებრივი გზის, ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. აღნიშნულ კომპანიას გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვით კონტრაქტები არ მიუღია.
ეს კომპანია საქართველოში 2013 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი ამავე სახელის მქონე რუსული კომპანიაა, ხოლო დირექტორი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რაინდი ქანთარიაა.
შპს „კლასიკ-სტროი“
შპს „კლასიკ-სტროის“ 2015-2021 წლებში 15.7 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 21 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. ყველაზე მსხვილი, 9.5 მლნ ლარიანი კონტრაქტი მასთან სსიპ[xix]-მა „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ 2019 წლის აგვისტოში გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, „კლასიკ-სტროი“ თბილისში ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალს აშენებს. გამარტივებული შესყიდვის გზით „კლასიკ-სტროის“ მხოლოდ ერთი, 27 ათასი ლარიანი კონტრაქტი აქვს მიღებული 2016 წელს ა(ა)იპ[xx] „ბათუმის კორპუსისგან“.
შპს „კლასიკ-სტროი“ საქართველოში 2015 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი ამავე სახელის მქონე რუსული კომპანიაა, ხოლო დირექტორი საქართველოს მოქალაქე კახაბერ მამალაძეა.
შპს „ინვესტსტროირეგიონ“
რუსეთში რეგისტრირებული შპს „ინვესტსტროირეგიონს“ 2014 წელს 6.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 2 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. მას კონტრაქტები სახელმწიფო შპს-მ „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ გაუფორმა. 2014 წელს შპს „ინვესტსტროირეგიონის“ წარმომადგენლობა დაფუძნდა საქართველოში, რომელმაც 2014-2017 წლებში 6.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 8 კონტრაქტი მიიღო ელექტრონული ტენდერებით. ჯამში, „ინვესტსტროირეგიონმა“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 მლნ ლარის კონტრაქტები გააფორმა. აღნიშნულ კომპანიას გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტები არ მიუღია.
ამჟამად საქართველოში მოქმედი შპს „ინვესტსტროირეგიონის“ წარმომადგენლობის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ოლესია კვასოვაა.
შპს „გროსინვესტ კაპიტალი“
შპს „გროსინვესტ კაპიტალს“ 2016-2017 წლებში 6.1 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 10 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. ყველაზე მსხვილი, 3 მლნ ლარიანი კონტრაქტი მასთან შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 2017 წლის სექტემბერში გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, „გროსინვესტ კაპიტალს“ დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტი ბოლომდე არ შესრულდა და „გროსინვესტ კაპიტალმა“ 3 მლნ ლარის ნაცვლად 2.4 მლნ ლარი მიიღო. აღნიშნულ კომპანიას გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტები არ მიუღია.
შპს „გროსინვესტ კაპიტალი“ საქართველოში 2016 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი ამავე სახელის მქონე რუსული კომპანიაა, ხოლო დირექტორი საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლომსაძეა.
შპს „ინდივიდ-პარტნიორი“
შპს „ინდივიდ-პარტნიორს“ 2017-2019 წლებში 5.6 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 5 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. ყველაზე მსხვილი, 2.8 მლნ ლარიანი კონტრაქტი მასთან ა(ა)იპ-მა „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ“ 2019 წლის დეკემბერში გააფორმა. ამ კონტრაქტის თანახმად, „ინდივიდ-პარტნიორს“ თბილისში ბაგა-ბაღი უნდა აეშენებინა. აღნიშნულ კომპანიას გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტები არ მიუღია.
შპს „ინდივიდ-პარტნიორი“ საქართველოში 2016 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი ამავე სახელის მქონე რუსული კომპანიაა, ხოლო დირექტორი საქართველოს მოქალაქე ზურაბ მაღლაკელიძეა.
შპს „ნანოტეხსტროის ფილიალი საქართველოში“
შპს „ნანოტეხსტროის ფილიალს საქართველოში“ 2016 წელს 5.6 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. ტენდერი „გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის” მიერ იყო გამოცხადებული და აღნიშნულმა კომპანიამ იგი კონკურენტის გარეშე მოიგო. ამ კონტრაქტის თანახმად, კომპანიას თოჯინების თეატრის ახალი შენობა უნდა აეშენებინა. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტი ბოლომდე არ შესრულდა და „ნანოტეხსტროის ფილიალმა საქართველოში“ 5.6 მლნ ლარის ნაცვლად, 5.2 მლნ ლარი მიიღო. აღნიშნულ კომპანიას გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტები არ მიუღია.
შპს „ნანოტეხსტროის ფილიალი საქართველოში“ 2016 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა საქართველოში. მისი დამფუძნებელი ამავე სახელის მქონე რუსული კომპანიაა, ხოლო დირექტორი საქართველოს მოქალაქე კობა გიორგაძეა.
შპს „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადი“
შპს „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადს“ 2015-2021 წლებში 5.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 10 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. ყველაზე მსხვილი, 1.6 მლნ ლარიანი კონტრაქტი მასთან ონის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის აგვისტოში გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადს“ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარი-მრავალძლის საგზაო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. აღნიშნულ კომპანიას გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტები არ მიუღია.
შპს „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადის“ წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წლის ივნისში დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი ამავე სახელის მქონე რუსული კომპანიაა, ხოლო დირექტორი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე თენგიზ მაჭავარიანია.
შპს „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“
შპს „ლიტომის წარმომადგენლობას საქართველოში“ 2015-2016 წლებში 3.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 2 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. 893 ათას ლარიანი კონტრაქტი მასთან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო 2 მლნ ლარიანი კონტრაქტი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" გააფორმა. ამ კონტრაქტების თანახმად, „ლიტომის წარმომადგენლობამ საქართველოში“ სამშენებლო სამუშაოები შეასრულა. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის აღნიშნულ კომპანიას სსიპ-მა „ბათუმის ბულვარმა“ 378 ათას ლარიანი კონტრაქტი 2016 წლის აპრილში გამარტივებული შესყიდვის გზით გაუფორმა.
შპს „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“ 2015 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი ამავე სახელის მქონე რუსული კომპანიაა, ხოლო დირექტორი საქართველოს მოქალაქე გოჩა აბაშიძეა.
VI. დასკვნა და რეკომენდაციები
2020 წელს პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა. 2021 წელს იგი კვალავ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის დონემდე ჯერ მაინც არ მიუღწევია. 2020 წელს საქართველომ რუსეთში ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო (საქართველოს ნომინალური მშპ-ს 5.7%), 2021 წელს კი — 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე (მშპ-ის 6.7%). 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებლები 1.6 მლრდ დოლარი და მშპ-ის 9% იყო.
რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ისევე როგორც წინა წლებში, რუსეთმა შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაგვიწესოს და ამით ეკონომიკური ზიანი მიაყენოს საქართველოს, აღნიშნული ზიანის თავიდან ასაცილებლად კი პოლიტიკური ფასის გადახდა მოითხოვოს. უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთის მიმართ დასავლეთის ქვეყნებმა მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესეს, რაც ბუნებრივად შეამცირებს საქართველოს შემოსავლებს რუსეთიდან და მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ლარის გაცვლით კურსზე და სეგმენტურ ბაზრებზე, მაგალითად ღვინის ექსპორტზე და ხორბლის იმპორტზე.
რეკომენდაციები
საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე:
- პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;
- მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის;
- წინა წლებისგან განსხვავებით, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;
- სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება ან შეიზღუდება. ასევე, უნდა შეიზღუდოს იმ რუსული კომპანიების მონაწილეობა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო.
[i] მთლიანი შიდა პროდუქტი
[ii] რუსული კომპანიების დასახელების ქვეშ იგულისხმება საქართველოში მოქმედი ის კომპანიები, რომლების სრულ ან გარკვეულ წილს რუსეთის ფედერაციის იურიდიული და ფიზიკური პირები ფლობენ
[iii]ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით ცნობილია, რომ 2019 წელს ერთმა რუსმა ტურისტმა საქართველოში საშუალოდ 1,282 ლარი დახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს რუსი ტურისტებისგან საქართველომ დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
[iv] რუსი ტურისტების ჯამურად დახარჯული თანხა დათვლილია 2021 წელს საქართველოში ერთი ტურისტის მიერ დახარჯული საშუალო თანხის მიხედვით.
[v] ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/WT7ZTXe
[vi] რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი არ მოიცავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებულ რუსულ ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით ხორციელდება.
[vii] ბუნებრივ აირში იგულისხმება ბუნებრივი აირი აირისებრ მდგომარეობაში (სასაქონლო კოდი 271121).
[viii] „საქსტატი“, საგარეო ვაჭრობის პორტალი, http://ex-trade.geostat.ge/ka
[ix] ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე.
[xi] სააქციო საზოგადოება
[xii] შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
[xix] საჯარო სამართლის იურიდიული პირი
[xx] არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი