საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14 აპრილი, 2024

13 აპრილს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლას, რათა მათ პარტიული დავალებები შეასრულონ და, მათ შორის, ევროინტეგრაციის დამაზიანებელი დეზინფორმაცია გაავრცელონ, რაც შეურაცხყოფს საჯარო მოსამსახურეებს, ლახავს მათ ღირსებას და ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.

საჯარო სექტორში ათასობით პატრიოტი მოქალაქეა დასაქმებული და მათი ძალისხმევა, ხშირად შეუსაბამო ანაზღაურების პირობებშიც, უკეთესს ხდის ჩვენს ცხოვრებას.

დღეს, როდესაც საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, ხელისუფლება მათ სამსახურებრივი ვალდებულების ნაცვლად, პარტიული დავალებების შესრულებას აიძულებს. საჯარო სექტორში დასაქმებულებისგან ითხოვენ, იმოქმედონ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ და სოციალურ ქსელებში ორგანიზებულად აზიარონ ,,ქართული ოცნების” მიერ შექმნილი, ანტიდასავლური გზავნილებით სავსე პროპაგანდისტული ვიზუალები.

ჩვენო თანამოქალაქეებო, გვესმის, რომ თქვენთვისაც ცხადზე ცხადია, თუ ვინ დგას რუსული კანონის მხარეს - ხელისუფლება და იწონებს პესკოვი  და ვინ დგას ევროკავშირის მხარეს - მთელი ქართული საზოგადოება, ჩვენი შვილები, ჩვენი ხელოვანები, ჩვენი სპორტსმენები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი ექიმები, ჩვენი პედაგოგები, ჩვენი ხალხი. ჩვენ გვერდით დგას ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი, აშშ, ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო. გვწამს, რომ როგორც ყოველთვის, თქვენ ევროპული მომავლის მხარეს ხართ.

ძვირფასო მოხელეებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ჩვენი სურვილია თქვენ არ დაზიანდეთ, არ გახდეთ სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მსხვერპლი. ხოლო თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, ჩვენ, როგორც წარსულში, ახლაც მზად ვართ, გვერდით დაგიდგეთ.

ჩვენ, ქართველი ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. საქართველო არასდროს იქნება რუსეთი. კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

დემოკრატიის მცველები

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

სასამართლოს გუშაგი (Court Watch)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

უფლებები საქართველო

ფემეა

ყვარლის ევროკლუბი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

გრასი

print