რეპრესიები სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების მიმართ ნარკოტიკული დანაშაულის გამოგონილი ბრალდებებით
ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა ყველა ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ყველა სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს მკაცრი სამართლებრივი მექანიზმები ამ საშიშ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით.
სხვა საქმეა, როდესაც ვითომდაც ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის საფარველით მმართველი რეჟიმი სინამდვილეში სხვა ამოცანების გადაჭრას ცდილობს, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, სამართლიანი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა და პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნა მათ მიმართ ნარკოტიკების შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით ფალსიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეების შეკერვის გზით. ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში ნამდვილი მიზანი ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა კი არ არის, არამედ საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ შურისძიება, საზოგადოების დაშინება და, საბოლოო ჯამში, რეჟიმის არსებობის შენარჩუნებაა.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში მიმდინარე სამოქალაქო აქციების დროს, სხვადასხვა გამოგონილი საფუძვლით, სულ 43 აქტივისტი იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათი უმრავლესობა ბრალდებულ იქნა ისეთი დანაშაულების ჩადენაში, როგორებიცაა, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) ან „პოლიციელზე თავდასხმა“ (იმავე კოდექსის 3531 მუხლი). პ
თუმცა, ცნობილია ოთხი შემთხვევა - გიორგი ახობაძის, ნიკოლოზ კაციას, ანტონ ჩეჩინისა და თედო აბრამოვის საქმეები, სადაც სამოქალაქო პროტესტის მონაწილეები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის (იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
წინამდებარე მიმოხილვაში, სისხლის სამართლის საქმეთა მასალების საფუძველზე აღწერილია ზემოაღნიშნული 4-დან 3 საქმე. ეს საქმეები შესწავლილი და შეფასებულია ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში საქართველოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებში ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული უკანონო პრაქტიკის ჭრილში, რაც არაერთხელ გამხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უარყოფითი შეფასების საგანი და, რომელიც გადაულახავ პრობლემად რჩება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ამგვარი უკანონო პრაქტიკის მსხვერპლნი გახდნენ.
- ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენაში უკანონოდ ბრალდებული სამოქალაქო პროტესტის მონაწილე პირების საქმეების აღწერა
- გიორგი ახობაძის საქმე
ა) რა ვიცით გიორგი ახობაძის შესახებ
გიორგი ახობაძე, 43 წლის, პროფესიით ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციებიდან მოყოლებული დაკავებამდე ის დემონსტრანტებს სამედიცინო რჩევებით ეხმარებოდა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას პროევროპულ დემონსტრაციებში და საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე სოციალურ ქსელში საჯაროდ საუბრობდა.
Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციას, სახელწოდებით „თავისუფლება ექიმ გიორგი ახობაძეს“, დღეისათვის ხელს 6600-ზე მეტი ადამიანი აწერს. პეტიციაში ვკითხულობთ: „გიორგის თავდაუზოგავმა აქტიურობამ, როგორც აქციებზე, ისე სოციალურ ქსელში, უსამართლო რეჟიმის ყურადღება მიიქცია, მაგრამ გიორგი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ბედზე ზრუნვისას, რეჟიმის შიში დაადუმებდა. გიორგი სოლიდარობას უცხადებს ყველა დაკავებულს და დაპატიმრებულს, რომლებიც ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან და გიორგის მსგავსად რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენენ“.
გიორგი ახობაძეს ჰყავდა მძიმედ ავადმყოფი დედა, რომელსაც თვითონ უვლიდა და რომელთანაც სიცოცხლის ბოლო წუთებში გატარების საშუალება არ მიეცა, რადგან დედა გიორგის დაკავებიდან ძალიან მალე გარდაიცვალა.
ბ) გიორგი ახობაძის ბრალდება
გიორგი ახობაძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ მისგან ვითომდაც ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ შეუძენია და არ შეუნახავს და, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“.
გ) გიორგი ახობაძის საქმის კონკრეტული გარემოებები
საქმის მასალების მიხედვით, 2024 წლის 8 დეკემბერს, გვიან ღამით, გიორგი ახობაძე საკუთარი ავტომობილით, მეგობართან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის შორიახლოს, მისი ავტომობილი პოლიციამ შეაჩერა. მას წარუდგინეს გამომძიებელ ლევან ტაბიძის მიერ იქვე სახელდახელოდ შედგენილი დადგენილება „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ“, რომლის საფუძველზეც ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა.
დადგენილებაში „გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძვლად მითითებულია კანონით გათვალისწინებული გარემოება, რომ „დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას“. ამ გარემოებების რეალურად არსებობის დასაბუთების მცდელობა გამომძიებელს არც ჰქონია. მან უბრალოდ ხაზი გაუსვა ჩხრეკის ჩასატარებლად დადგენილების ფორმულარში წინასწარ ჩაბეჭდილ ზემოთ მითითებულ „საფუძვლებს“.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რომელიც შედგენილია 2024 წლის 8 დეკემბერს 01:20 და 01:35 შორის დროის შუალედში, გიორგი ახობაძეს შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა წებოვან ლენტში 4 შეკვრად დაფასოებული „გაურკვეველი ნივთიერება“. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის დროს ტექნიკური საშუალებები არ გამოყენებულა. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი ლევან ტაბიძე და დეტექტივები ალექსი კობერიძე და რევაზ ზირაქაშვილი. გიორგი ახობაძემ ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ გიორგი ახობაძე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
საქმის მასალების თანახმად, ოფიციალური საფუძველი, თუ რატომ გააჩერეს იმ ღამით გიორგი ახობაძე და რატომ ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, გახდა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ გიორგი ხარგელიას 2024 წლის 7 დეკემბერს შედგენილი პატაკი თავისი სამმართველოს უფროსის, გიორგი გურეშიძის სახელზე, რომლის თანახმად, მას თურმე მიღებული ჰქონდა „ოპერატიული ინფორმაცია“, რომ გიორგი ახობაძე, რომელიც „არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ის სისტემატიურად ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას“, მის სარგებლობაში არსებული „ტოიოტა“-ს მარკის ავტომანქანით, თანმხლებ პირთან ერთად, 2024 წლის 08 დეკემბერს 01:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდში, ზემოაღნიშნული ავტომანქანით უნდა გადაადგილდნენ ქ. თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით და უკანონოდ უნდა ინახავდენ ნარკოტიკულ საშუალებებს. პატაკში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციის წყარო, რამდენიმე წელია თანამშრომლობს პატაკის ავტორთან და „არის სანდო, რადგან მის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია რეალიზებულია“. პატაკის ავტორი - გიორგი ხარგელია, იმავე დღეს, 7 დეკემბერს, 20:28 საათსა და 20:45 საათს შორის შუალედში გამოიკითხა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ გიორგი ლობჟანიძის მიერ. გამოკითხვისას მან დაადასტურა თავის პატაკში მითითებული ინფორმაცია.
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 8 დეკემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი ახობაძის ჯიბიდან „ამოღებული“, 4 პაკეტში დაფასოებული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება α-PVP-ს, რაოდენობით 3.73133 გრამი.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 31 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის გრიგოლ კაჭკაჭიშვილის დადგენილების საფუძველზე გაიცა, გიორგი ახობაძის ჯიბიდან ვითომდაც ამოღებული პაკეტის წებოვანი ლენტის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი გიორგი ახობაძის ნერწყვის ნიმუშის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
გიორგი ახობაძის ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი ახობაძის დნმ-ის შემცველი ბიოლოგიური მასალა პოლიციის მიერ ხელოვნურად იქნა გადატანილი წებოვანი ლენტის ფრაგმენტზე: „ოთხი პაკეტი ამოიღეს, რომელიც ლეიკოპლასტირში იყო გადახვეული. ჩატარდა ექსპერტიზა და გიორგი ახობაძის დნმ იპოვეს ამ შესაკრავ ლეიკოებზე და არა პაკეტებზე. გიორგი იხსენებს, რომ ჩხრეკისას პოლიციამ ყელში თითი ღრმად გამოუსვა, ამას გარდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გახადეს და იღლიები გაუსინჯეს.“
2024 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის შუამდგომლობა და „კანონიერად ცნო“ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გიორგი ახობაძის პირადი ჩხრეკა. 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი უცვლელად დატოვა არსენ კალატოზიშვილის 9 დეკემბრის განჩინება.
იმავე დღეს, 2024 წლის 9 დეკემბერს, პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა გიორგი ახობაძეს წარუდგინა ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში.
2024 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის შუამდგომლობა და დაადგინა, რომ გიორგი ახობაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა, რომლის აუცილებლობა ჯეროვნად დასაბუთებული არ ყოფილა. 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაუშვებლად ცნო მოსამართლე ლელა მარიდაშვილის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე დაცვის მხარის მიერ შეტანილი საჩივარი.
- ნიკოლოზ კაციას საქმე
ა) რა ვიცით ნიკოლოზ კაციას შესახებ
ნიკოლოზ კაცია, 42 წლის, პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა, წლებია რეპორტიორად აღარ მუშაობდა. ბოლო ხანებში იგი თანამშრომლობდა პარტიასთან „კოალიცია ცვლილებისათვის“ და ჩართული იყო მათი საარჩევნო კამპანიების დაგეგმვაში.
ნიკოლოზ კაცია, მისივე თქმით, სისტემატურად იღებდა, ამონტაჟებდა და ტიკ-ტოკ და იუთუბ არხებზე, სადაც ორ ათეულ ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ათავსებდა სხვადასხვა ვიდეო კლიპებს, რაც, როგორც ჩანს, მნახველების მოწონებით სარგებლობდა.
ნიკოლოზ კაცია არასდროს ყოფილა შემჩნეული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში და, მით უმეტეს, შეძენა-შენახვაში.
2024 წლის 7 დეკემბერს საღამოს იგი სახლში იმყოფებოდა, როდესაც ტელევიზიით ნახა, თუ როგორ დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ რეჟიმის მიერ ორგანიზებული „ტიტუშკები“ მის კოლეგებს - „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს. ამის შემდეგ ნიკოლო კაციამ გადაწყვიტა წასულიყო აქციაზე, რის თაობაზეც სმს შეტყობინებები გაუგზავნა თავის რამდენიმე ახლობელს და გამოიძახა „იანდექს“ ტაქსი.
როდესაც კაცია სახლიდან გამოვიდა, მას სადარბაზოსთან უკვე ელოდებოდა გამოძახებული ტაქსი. ნიკოლოზი ჩაჯდა მანქანის მარჯვენა მხარეს, უკანა სავარძელზე. ის იყო, ავტომობილი უნდა დაძრულიყო, რომ უეცრად მანქანის უკანა მარცხენა კარი გაიღო და ნიკოლოზს გვერდით უცნობი პირი მიუჯდა. ნიკოლოზს ეგონა, რომ ეს პირი მანქანაში შეცდომით ჩაჯდა. მაგრამ უეცრად გაიღო მანქანის უკანა მარჯვენა კარიც და ნიკოლოზს თავზე დაახტა მეორე უცნობი პირი. ამასობაში მანქანის წინა, მძღოლის გვერდზე სავარძელში მესამე უცნობი პირიც ჩაჯდა. სამივე მათგანი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო ჩაცმული. ნიკოლოზმა გაიფიქრა, რომ ბანდიტები დაესხნენ თავს, მაგრამ მალე გამოირკვა, რომ თურმე ისინი პოლიციელები იყვნენ. ამის შემდეგ პოლიციელებმა ნიკოლოზი ტაქსიდან გადმოიყვანეს და RAV-4 მოდელის მაქანაში ჩასვეს, სადაც ე.წ. ჩხრეკა-ამოღების „საგამოძიებო მოქმედება“ ჩაატარეს. როგორც ქვემოთ არის აღწერილი, პოლიციელებმა ეს მოვლენები სულ სხვანაირად გააფორმეს.
როგორც ნიკოლოზ კაცია აღწერს, დაკავებისას მას დამცინავად ექცეოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ. ნერვიულობისგან მას ენის ბორძიკი დაეწყო, რაც უწინ არასდროს ჰქონია. ამაზეც დასცინოდნენ, "შენ მაგარი ნაბოზარი ხარ, შენ მაგარი შენძრეული ბიჭი ხარო" - ეუბნებოდნენ.
ერთხანს, ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ წესებულებაშიც არასათანადოდ ეპყრობოდნენ, კერძოდ, მას არ უზრუნველყოფდნენ საკვებით, ხოლო მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სხვა მსჯავრდადებულები სარგებლობდნენ. ეს ფაქტი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციითაც დადასტურდა.
ბ) ნიკოლოზ კაციას ბრალდება
გიორგი ახობაძის მსგავსად, ნიკოლოზ კაციასაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. გიორგი ახობაძის მსგავსად ნიკოლოზ კაციაც აცხადებს, რომ მისგან ვითომდაც ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ შეუძენია და არ შეუნახავს და, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“.
გ) ნიკოლოზ კაციას საქმის კონკრეტული გარემოებები
ისევე, როგორც გიორგი ახობაძის შემთხვევაში, ნიკოლოზ კაციას საქმეშიც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ე.წ. „ოპერატიული ინფორმაცია“, რომლის წყარო უცნობია. 2024 წლის 7 დეკემბრით დათარიღებულ პატაკში შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივმა პაატა მჭედლიშვილმა მოახსენა თავის უფროსს - ლაშა თავაძეს, რომ მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, პატაკში მითითებულ მისამართზე მცხოვრები ნიკოლოზ კაცია არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ეწევა მის უკანონო შეძენა, შენახვას. პატაკის თანახმად, ნიკოლოზ კაცია იმჟამად იმყოფებოდა ქ. თბილისში, იპოლიტე ვართაგავას ქ. N45-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.
იმავე საღამოს, 7 დეკემბერს, 20:35 საათსა და 20:50 საათს შორის შუალედში, პაატა მჭედლიშვილი გამოიკითხა გამომძიებელ ემილ კუპრავას მიერ. გამოკითხვისას მან დაადასტურა პატაკში მითითებული „ცნობები“. რაც შეეხება ე.წ. ოპერატიული ინფორმაციის „წყაროს“, პაატა მჭედლიშვილმა განაცხადა: „პირად კონტაქტზე მყოფ პიროვნებას ვიცნობ წლების მანძილზე და მას არაერთხელ მოუწოდებია ჩემთვის ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რაც ყოველთვის დადასტურებულა“.
იმავე საღამოს, 7 დეკემბერს, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა მირზა ჯაფარიძემ შეადგინა დადგენილება „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ“, რომელიც, დადგენილებაში მითითებული შენიშვნის თანახმად, მან გააცნო ნიკოლოზ კაციას, რომელმაც „გაურკვეველი მიზეზებით“ უარი განაცხადა დადგენილების ხელმოწერაზე.
ამ შემთხვევაშიც დადგენილებაში „გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძვლად მითითებულია კანონით გათვალისწინებული გარემოება, რომ „დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას“. ამ შემთხვევაშიც ამ გარემოებების რეალურად არსებობის დასაბუთების მცდელობა გამომძიებელს არ ჰქონია. მან უბრალოდ მოსანიშნი სიმბოლოთი მონიშნა ჩხრეკის ჩასატარებლად დადგენილების ფორმულარში წინასწარ ჩაბეჭდილ ზემოთ მითითებული „საფუძვლები“.
ამის შემდეგ, იმავე საღამოს, 22:58 საათიდან 23:18 საათს შორის შუალედში ჩატარდა ნიკოლოზ კაციას პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნიკოლოზ კაციას „ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა გამჭვირვალე ზოპშესაკრავიანი პარკი, მასში არსებული 8 (რვა) ცალი თეთრი ფერის სხვადასხვა ზომის მყარი ნივთიერებებით და ამავე ფერის ნაფშვენებით“. ოქმის თანახმად, ჩხრეკის დროს ტექნიკური საშუალებები არ გამოყენებულა. ოქმში მითითებულია, რომ ნიკოლოზ კაცია „შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, დაიწყო ძიძგილაობა, რის გამოც ის ჩასმული იქნა სამსახურებრივ ა/მანქანაში, რის შემდეგაც ნ. კაცია კვლავ განაგრძობდა წინააღმდეგობის გაწევას, რომ არ ჩატარებულიყო პ/ჩხრეკა, რის გამოც პ/ჩხრეკა ჩატარდა წინააღმდეგობის გაწევის პირობებში“. უფრო ქვემოთ, ოქმზე გაკეთებულ შენიშვნაში, გამომძიებელი მიუთითებს: „ ნ. კაცია მისი პ/ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებების შემდეგ დამშვიდდა, შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა, გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი ოქმის და ამოღებული ნივთიერებების შესაფუთი პაკეტის შესაბამის გრაფებში“.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის დროს ტექნიკური საშუალებები არ გამოყენებულა. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი მირზა ჯაფარიძე და პოლიციელები ლაშა ხარხელაური და გიორგი როსოფიძე. ოქმზე ასევე არის ნიკოლოზ კაციას ხელმოწერაც და სავარაუდოდ მისი ხელით შესრულებული წარწერა: „არ ვუცემივარ, პრეტენზია არ გამაჩნია“. მოგვიანებით, თავის ჩვენებაში, რომელიც ნიკოლოზ კაციამ თავის ადვოკატს მისცა, იგი ამ წარწერის და მის მიერ ოქმის ხელმოწერის მიზეზს იმით ხსნის, რომ პოლიციელებმა იგი მოატყუეს, დაპირნენ, რომ გაუშვებდნენ, რომ ფორმალურად რაღაცაზე მისი ხელის მოწერა იყო საჭირო.
2024 წლის 7 დეკემბერს, 23:21 საათსა და 23:39 საათს შორის შეუალედში გამომძიებელმა შეადგინა ნიკოლოზ კაციას დაკავების ოქმი.
2024 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის შუამდგომლობა და კანონიერად ცნო ნიკოლოზ კაციას „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკა.
2024 წლის 8 დეკემბერს, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის - არჩილ ნაცვლიშვილის დადგენილების შესაბამისად, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაიცა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ნიკოლოზ კაციასაგან „ამოღებული“ ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (ფუძე), რაოდენობით 14.0384 გრამი.
2024 წლის 9 დეკემბერს, პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ გამოიტანა დადგენილება ნიკოლოზ კაციას ბრალდების შესახებ. ნიკოლოზ კაციას ბრალად დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.
2024 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ნიკოლოზ კაციას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა. ამ შემთხვევაშიც, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ჯეროვნად არ ყოფილა დასაბუთებული.
საქმეზე დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლის შედეგები ამ ეტაპზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ ცნობილი არ არის.
დაცვის მხარემ დააყენა არა ერთი შუამდგომლობა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ეს შუამდგმლობები შეეხებოდა ნიკოლოზ კაციასათვის ნარკოლოგიური ექსპერტიზისა და მის ტანსაცმელზე ნაწილაკების ექსპერტიზის ჩატარებას, გარკვეული ადგილებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას, მნიშვნელოვანი მოწმის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებას და სხვ. სხვადასხვა ფორმალური საფუძვლებით არცერთი შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციასა (იხ. 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი) და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (იხ. მე-9 და 25-ე მუხლები) დეკლარირებული მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნიკოლოზ კაციას ადვოკატის შუამდგომლობა, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხულიყვნენ ტაქსის მძღოლი და მისი იმდღევანდელი შემცვლელი, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეცა ძალზე მნიშვნელოვანი ჩვენება ნიკოლოზ კაციას ფაქტობრივი დაკავების შესახებ, რაც სრულ წინააღმდეგობაში იქნებოდა გამოძიების ოფიციალურ დოკუმენტებში შეთხზულ „ვერსიასთან“ და შესაბამისობაში იქნებოდა თვითონ ნიკოლოზ კაციას მონათხრობთან. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების მზია გარშაულიშვილის და ირაკლი ხუსკივაძის მიერ ნიკოლოზ კაციას ადვოკატის ორჯერ შეტანილი შუამდგომლობა ასევე არ დააკმაყოფილა.
- ანტონ ჩეჩინის საქმე
ა) რა ვიცით ანტონ ჩეჩინის შესახებ
ანტონ ჩეჩინი 26 წლისაა, ის დაბადებით რუსეთის მოქალაქეა. ის პუტინის რეჟიმს გამოექცა და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა, რადგან ფიქრობდა, რომ აქ მშვიდ, უსაფრთხო ცხოვრებას მოიპოვებდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეზე იქორწინა და დაკავებამდე მასთან ერთად ცხოვრობდა.
ანტონ ჩეჩინი რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ჩართული იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში. „მან საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული რეჟიმის შედეგები. ჩართული იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის საქმიანობაში, ნავალნიც ახსენა, მისი მხარდამჭერი იყო“, - ამბობს მისი ადვოკატი - გიორგი ჩხეიძე.
რუსეთში ის რამდენჯერმე დააკავეს პუტინის და უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის. 22 სხვა დემონსტრანტთან ერთად მან საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ანტონ ჩეჩინის უფლებების დარღვევა დაადგინა და რუსეთის ფედერაციას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საპროტესტო აქციებში ის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც აქტიურად მონაწილეობდა. გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო ივანიშვილის რეჟიმის სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმაც დააკისრა. სამოქალაქო პროტესტში ის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებშიც მონაწილეობდა. 2024 წლის 18 ნოემბერს ის კიდევ ერთხელ დააკავეს და დაემუქრნენ, რომ გარკვეულ უარყოფით შედეგებს მოიმკიდა, თუ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ შეწყვეტდა.
მის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, როგორც ჩანს, სხვა არაფერია, თუ არა ამ მუქარის შესრულება. ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკებთან არასდროს ჰქონია რაიმე შეხება. ის არათუ ნარკოტიკებს არ მოიხმარს, არც სიგარეტს ეწევა და არც ალკოჰოლს ეკარება.
ბ) ანტონ ჩეჩინის ბრალდება
გიორგი ახობაძის და ნიკოლოზ კაციას მსგავსად, ანტონ ჩეჩინსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ანტონ ჩეჩინიც აცხადებს, რომ მისგან ვითომდაც ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ შეუძენია და არ შეუნახავს და, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“.
გ) ანტონ ჩეჩინის საქმის კონკრეტული გარემოებები
ისევე, როგორც გიორგი ახობაძისა და ნიკოლოზ კაციას შემთხვევაში, ანტონ ჩეჩინის მიმართაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა „კონფიდენციალური წყაროს“ მიერ მოწოდებული ე.წ. „ოპერატიული ინფორმაცია“. თავის 2024 წლის 3 დეკემბრის დილას შედგენილ პატაკში შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივი ედგარ ოგანესიანი მოახსენებდა თავის უფროსს - ლაშა თავაძეს (ეს პირი ნიკოლოზ კაციას საქმეშიც ფიგურირებს), რომ ზემოაღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ანტონ ჩეჩინი არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ეწევა მის უკანონო შეძენასა და შენახვას. პატაკის თანახმად, ნიკოლოზ კაცია იმჟამად იმყოფებოდა ქ. თბილისში, თავისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.
პატაკის ავტორი - ედგარ ოგანესიანი მოწმის სახით გამოკითხა გამომძიებელმა ემილ კუპრავამ (ისიც ასევე ფიგურირებს ნიკოლოზ კაციას საქმეში). გამოკითხვა ჩატარდა 2024 წლის 3 დეკემბერს 09:49 წუთსა და 09:56 წუთს შორის შუალედში. მან დაადასტურა პატაკში მითითებული „გარემოებების“ არსებობა, ხოლო, ე.წ. ოპერატიული ინფორმაციის „წყაროსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ინფორმაციის მომწოდებელი კონფიდენციალური პირი არის მისი პირადი კონტაქტი, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთხელ მოუწოდებია სახვდასხვა დანაშაულებზე ინფორმაცია, რაც „სანდო და რეალური“ აღმოჩნდა.
იმავე დილას, 3 დეკემბერს, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა არჩილ ნაცვლიშვილმა (ისიც ფიგურირებს ნიკოლოზ კაციას საქმეში) შეადგინა დადგენილება „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ“. ამ შემთხვევაშიც დადგენილებაში „გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძვლად მითითებულია კანონით გათვალისწინებული გარემოება, რომ „დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას“. ამ შემთხვევაშიც ამ გარემოებების რეალურად არსებობის დასაბუთების მცდელობა გამომძიებელს არ ჰქონია. მან უბრალოდ მოსანიშნი სიმბოლოთი მონიშნა ჩხრეკის ჩასატარებლად დადგენილების ფორმულარში წინასწარ ჩაბეჭდილ ზემოთ მითითებული „საფუძვლები“.
გამოძიების მასალებს თუ დავუჯერებთ, ამის შემდეგ ანტონ ჩეჩინის საცხოვრებელ მისამართზე გაემართნენ გამომძიებელი არჩილ ნაცვლიშვილი, დეტექტივები გიორგი ჩიკვაიძე და ზურაბ რუსიშვილი, აგრეთვე, თარჯიმანი შორენა ტაბატაძე. როდესაც ანტონ ჩეჩინი გამოვიდა თავისი სახლის სადარბაზოდან, რათა სამსახურში წასულიყო, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მასთან, წარუდგინეს თავი და თარჯიმნის მეშვეობით გააცნეს მას დადგენილება პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რასაც ანტონ ჩეჩინმა, როგორც დადგენილებაშია მითითებული, „გაურკვეველი მიზეზით“, ხელი არ მოაწერა.
ამის შემდეგ ჩატარდა ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია ამ საგამოძიებო მოქმედების დაწყების და დასრულების დრო - 10:00 – 10:20. ამ დროს თუ შევადარებთ დეტექტივ ედგარ ოგანესიანის გამოკითხვის ოქმში მითითებულ დროს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოკითხვა 09:49 წუთზე დაიწყო და 09:56 წუთზე დამთავრდა, გამოდის, რომ გამოკითხვის დასრულებიდან ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელ არჩილ ნაცვლიშვილს თავის განკარგულებაში სულ რაღაც 4 წუთი ჰქონდა საიმისოდ, რომ ანტონ ჩეჩინის ჩხრეკა დაეწყო. ცხადია, გამომძიებელს ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის ჩატარება არ შეეძლო მანამდე, სანამ დეტექტივი ედგარ ოგანესიანი გამოიკითხებოდა, რადგან მოცემულ შემთხვევაში სწორედ ეს გამოკითხვა ქმნიდა ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის საპროცესო საფუძველს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოდის, რომ გამომძიებელ არჩილ ნაცვლიშვილს ხსენებულ 4 წუთში მოუსწრია: ოგანესიანის გამოკითხვის ოქმის გაცნობა, ანტონ ჩეჩინის შესახებ ოფიციალურ წყაროებში არსებული მონაცემების შეგროვება და გაცნობა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილების შედგენა, ორ დეტექტივთან და თარჯიმანთან დაკავშირება, მათი ერთად შეკრება და ანტონ ჩეჩინის საცხოვრებელ მისამართზე მისვლა, სახლიდან გამოსულ ანტონ ჩეჩინთან მისვლა, თავის წარდგენა, თარჯიმნის მეშვეობით მისთვის დადგენილების გაცნობა, და დადგენილებაში შენიშვნის გაკეთება, რომ ანტონ ჩეჩინმა ხელი არ მოაწერა დადგენილებას. ცხადია, რომ ამდენი მოქმედების ჩატარებას, რასაც 1-2 საათი მაინც სჭირდებოდა, გამომძიებელი ნაცვლიშვილი ვერ მოახერხებდა.
თუმცა, ზემოთქმულს ემატება სხვა გარემოებაც. ანტონ ჩეჩინის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კართან დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, რომელიც აკონტროლებს ანტონ ჩეჩინის სადარბაზოს და მის მიმდებარე ტერიტორიას. დაცვის მხარის მიერ აღნიშნული ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ: ა) ვიდეოკამერის ჩანაწერზე ასახული დრო წარმოადგენს რეალურ დროს; ბ) 2024 წლის 3 დეკემბერს ანტონ ჩეჩინმა თავისი საცხოვრებელი კორპუსი დატოვა 09:46 წუთზე, ხოლო რამდენიმე წამის შემდგომ იგი პოლიციელებმა შეაჩერეს და ავტომანქანაში ჩასვეს. მაშასადამე, ანტონ ჩეჩინისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მისი მოთავსება ავტომანქანაში და პირადი ჩხრეკის დაწყება განხორციელდა მითითებული დროიდან არაუმეტეს 1-2 წუთისა, ანუ, ყველაზე გვიან - 09:48 წუთზე. ეს კი ნიშნავს, რომ ჩეჩინის პირადი ჩხრეკა რეალურად დაიწყო არა 10:00 საათზე, როგორც ეს პირადი ჩხრეკის ოქმში ყალბად არის მითითებული, არამედ უფრო ადრე - მანამდე, სანამ ედგარ ოგანესიანის გამოკითხვა დასრულდებოდა და საგამოძიებო ორგანოს მიეცემოდა ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის იურიდიული საფუძველი.
ჩხრეკის ოქმის თანახმად, ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ფონზე. ჩხრეკისას, „მისი ტანთმოსილი ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკის ზიპ შესაკრავიანი პაკეტი მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილისებური ნივთიერებით“. ოქმის თანახმად, ჩხრეკის დროს ტექნიკური საშუალებები არ გამოყენებულა. ოქმს ხელს აწერენ ზემოთ ხსენებული გამომძიებელი, დეტექტივები და თარჯიმანი. ანტონ ჩეჩინმა ხელის მოწერაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ანტონ ჩეჩინი დაკავებულ და გადაყვანილ იქნა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 3 დეკემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ანტონ ჩეჩინის ჯიბიდან „ამოღებულ“ პაკეტში მოთავსებული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება α-PVP-ს, რაოდენობით 4.3369 გრამი.
საქმეზე ასევე დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლის შედეგები ამ ეტაპზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ ცნობილი არ არის.
2024 წლის 3 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის შუამდგომლობა და კანონიერად ცნო ანტონ ჩეჩინის „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“ ჩატარებული პირადი ჩხრეკა.
2024 წლის 4 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ (ფიგურირებს ნიკოლოზ კაციას საქმეშიც) გამოიტანა დადგენილება ანტონ ჩეჩინის ბრალდების შესახებ. ანტონ ჩეჩინს ბრალად დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.
2024 წლის 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დააკმაყოფილა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ანტონ ჩეჩინის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა, რის ჯეროვნად დასაბუთებას არც ამ შემთხვევაში ჰქონია ადგილი.
საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა დეტექტივი ზურაბ რუსიშვილი. რაც ძალზე უაცნაურია, საქმეზე ასევე მოწმის სახით გამოიკითხა თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, რომელმაც სიტყვა-სიტყვით გაიმეორა გამოძიების ვერსია ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის გარემოებებისა და მისგან ვითომდაც ნარკოტიკული საშუალების „ამოღების“ შესახებ. ეს გარემოება თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს შორენა ტაბატაძის მიერ მიცემული ინფორმაციის სანდოობას.
გარდა ამისა, თარჯიმნის გამოყენება საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თვალსაზრისით, ძალზე საეჭვო მოქმედებაა, რადგან თარჯიმანს თავისი კონკრეტული როლი აქვს სისხლის სამართლის პროცესში. თარჯიმნის ფუნქცია იმით ამოიწურება, რომ ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება ან/და დოკუმენტი. პროცესის სხვა მონაწილეს თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არა აქვს, რაც იმით აიხსნება, რომ პროცესის სხვა მონაწილე შეიძლება დაინტერესებული იყოს თარგმანის შინაარსით. შესაბამისად, ვფიქრობთ, თარჯიმანსაც ვერ ექნება პროცესის სხვა მონაწილის, მათ შორის, მოწმის მოვალეობის შესრულების უფლება.
დაბოლოს, საქმეში არსებობს სხვა გარემოებაც, რომელიც თარჯიმნის - შორენა ტაბატაძის ჩვენების სანდოობას ძირს უთხრის. დაცვის მხარის მიერ მოხდა შსს-ის ვებგვერდის იმ ნაწილის დათვალიერება, სადაც მოცემულია ინფორმაცია სამინისტროს შესყიდვების თაობაზე. დადგენილ იქნა, რომ ის მთარგმნელობითი კომპანია, შპს „ინტელექტ მარკეტი“, სადაც არის დასაქმებული თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, სისტემატურად უწევს სათარჯიმნო მომსახურებას შსს-ს. კერძოდ, 2017-2023 წლებში შსს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები სათარჯიმნო და მთარგმნელობით მომსახურებას იღებდნენ სწორედ შპს „ინტელექტ მარკეტი“-დან. მითითებულ წლებში მომსახურების გაწევა შპს „ინტელექტ მარკეტის“ მიერ ხდებოდა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ხოლო დაფინანსების წყაროს ყოველ ზემოხსენებულ წელს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტი. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2017-2023 წლებში აღნიშნულმა კომპანიამ 1 500 000 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დაცვის მხარემ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დააყენა შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, რათა თარჯიმნის გამოკითხვის ოქმი, ისევე, როგორც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი სხვა მტკიცებულებები დაუშვებელ მტკიცებულებებად ყოფილიყო მიჩნეული. სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
- ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენაში უკანონოდ ბრალდებული სამოქალაქო პროტესტის მონაწილე პირების საქმეების საერთო შეფასება
საქართველოში ნარკოტიკების „ჩადების“ მავნე, დანაშაულებრივი პრაქტიკა ათწლეულების განმავლობაში გადაულახავ პრობლემად რჩება. ამის თაობაზე იცის ყველამ, პირველ რიგში, იმ ადამიანებმა, მათმა ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა, რომლებიც ამ სამარცხვინო და სასტიკი პრაქტიკის მსხვერპლნი გახდნენ.
სხვა თუ არაფერი, ამ პრაქტიკაზე მეტყველებს 7 საქმე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყურადღების საგანი გახდა. ვინ იცის, კიდევ რამდენი საქმე გახდებოდა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი, სხვა საქმეებშიც პოტენციურ მომჩივანებს, ამ შვიდი საქმის მომჩივანების მსგავსად, სათანადო მატერიალური რესურსი, გამბედაობა და მოთმინება რომ ჰქონოდათ საიმისოდ, რომ მათაც შეეტანათ საჩივარი ევროპულ სასამართლოში.
ამ მავნე პრაქტიკაზე მეტყველებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ქებურიას საქმეში, რომლის მითითებებიც, მართალია, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოების მიერ არ სრულდება, მაინც ყოველთვის მნიშვნელოვან საზომად გამოიყენება პრაქტიკოსი იურისტების, ექსპერტებისა და მედიის მიერ, როდესაც ამა თუ იმ საქმეში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდების კანონიერების საკითხი წარმოიშვება.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებასთან“ დაკავშირებით დამკვიდრებული დანაშაულებრივი პრაქტიკის შესახებ
ა) კობიაშვილის საქმე
საქმეში „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ეხებოდა პირს, რომელსაც, მისი განცხადებით, ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტული სტანდარტი დაადგინა. კერძოდ:
(i) ჩხრეკის ჩატარება „ოპერატიული ინფორმაციისა“ და წინასწარი სასამართლო განჩინების გარეშე
- მომჩივნის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ე.წ. „ოპერატიული ინფორმაციის“ მოპოვების შედეგად, რომლის თანახმად, მომჩივანი თითქოს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა; ასეთი „ოპერატიული ინფორმაციის“ რეალურად არსებობა მთელი პროცესის განმავლობაში არასდროს დადასტურებულა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასეთი ინფორმაცია არ მოიპოვება;
- მომჩივნის პირადი ჩხრეკა ჩატარდა, წინასწარი სასამართლო განჩინების გარეშე, პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გაცემული დადგენილების საფუძველზე; აღნიშნული დადგენილება, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების გარეშე, მხოლოდ წინასწარ მომზადებული ტექსტისგან შედგებოდა;
- გარდა ამისა, აღნიშნული დადგენილება დაუსაბუთებელი იყო, რადგან მასში არ იყო მითითებული ის გადაუდებელი გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, აუცილებელს ხდიდა სასწრაფო ჩხრეკას წინასწარი სასამართლო განჩინების გარეშე;
- შესაბამისმა პოლიციის ოფიცრებმა აღნიშნულ საკითხზე სიღრმისეული განმარტება ვერ გააკეთეს; შედეგად, გარემოებები, რომლებიც წინ უძღოდა გადაუდებელი ჩხრეკის ჩატარებას, დაუდგენელი დარჩა (Kobiashvili v. Georgia, Application no. 36416/06, 14 March 2019, §61);
- ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩხრეკის ჩატარების წესი ეჭვქვეშ აყენებდა მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასა და ნამდვილობას (იქვე,§65).
(ii) ჩატარებული ჩხრეკის პოსტ-ფაქტუმ კანონიერად ცნობა სათანადო შემოწმების გარეშე
- რაც შეეხება ჩხრეკის შემდეგ სასამართლოს მიერ ამ ჩხრეკის კანონიერად ცნობას, ევროპული სასამართლოს თქმით, აღნიშნული პროცედურა მომჩივნისთვის მიუწვდომელი იყო, რადგან სასამართლო განხილვა არ ჩატარებულა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით სასამართლოს მიერ ჩხრეკის შედეგების დამტკიცების განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობდა. თუმცა, ევროპული სასამართლოს დასკვნით, სასამართლო კონტროლის მექანიზმები ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით ისედაც არასაკმარისი იყო, რადგან წარმოდგენილი ინფორმაციის სიმწირის პირობებში მოსამართლე ვერ შეაფასებდა ვერც დასაბუთებული ვარაუდის არსებობას, და ვერც იმას, თუ რამდენად გადაუდებელი და აუცილებელი იყო ჩხრეკის ჩატარება წინასწარი სასამართლო განჩინების გარეშე (იქვე,§§67-68).
(iii) სხვა ობიექტური და სანდო მტკიცებულებების უქონლობა
ევროპული სასამართლოს აზრით, როდესაც საქმეში არსებული ზოგიერთი მტკიცებულების წყაროს სანდოობა ეჭვქვეშ დგას, მით უფრო დიდია საჭიროება იმისა, რომ ეს მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებით იქნეს გამყარებული. საქმეში ფიგურირებდა ჩხრეკაზე დამსწრე ორი მოწმე, რომელთა ჩვენებები სხვადასხვა მოსაზრების გამო არასანდოდ იქნა მიჩნეული. რაც შეეხება პოლიციელებს, ევროპული სასამართლოს აზრით, ისინი წარმოადგენდნენ მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებული საქმის საწყის წყაროს და ეკუთვნოდნენ იმ ორგანოს, რომელმაც გამოძიება დაიწყო, შესაბამისად, მათ ჰქონდათ ინტერესი ბრალდების შედეგის მიმართ. მათი ინტერესი განსაკუთრებით აშკარა იყო მომჩივნის განცხადებას მათ შესახებ, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკები მას განზრახ ჩაუდეს. მიუხედავად ამისა, მათი ჩვენება შიდა სასამართლოების მიერ ავტომატურად იქნა მიჩნეული ობიექტურად, მაშინ როდესაც, მაგალითად, განმცხადებლის მეგობრების ჩვენება უარყოფილ იქნა, როგორც სუბიექტური და არასანდო (იქვე,§72).
(iv) დასკვნა
ზემოთქმული გარემოებების საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ კობიაშვილის საქმის განხილვა მთლიანობაში უსამართლოდ და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით ჩატარდა (იქვე, §73).
ბ) მეგრელიშვილის საქმე
კობიაშვილის საქმის შემდეგ ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმე „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც კობიაშვილის პრეცედენტში დადგენილი პრინციპები გამოიყენა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საქმე მართალია, მცირედით განსხვავდებოდა კობიაშვილის საქმისგან, ამ შემთხვევაშიც ჩხრეკის საფუძველი გახდა ე.წ. „ოპერატიული ინფორმაცია“, რომელიც ჯეროვან სასამართლო კონტროლს არ დაქვემდებარებია. ამ შემთხვევაშიც ჩხრეკა ჩატარდა წინასწარი სასამართლო განჩინების გარეშე, ე.წ. „გადაუდებელი აუცილებლობის“ პირობებში. „გადაუდებელი აუცილებლობის“ არსებობა ჯეროვნად არ დასაბუთებულა. კობიაშვილის საქმისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ჩხრეკაზე დამსწრე პირები საერთოდ არ მოუწვევიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას პირდაპირ ითხოვდა მომჩივნის მეუღლე (Megrelishvili v. Georgia, Application no. 30364/09, 7 May 2020, §33).
რაც შეეხება ჩხრეკის შემდგომ ჩხრეკის კანონიერად ცნობას, მისი არადექვატურობა და არასაკმარისობა საქართველოში ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა კობიაშვილის საქმეში. მართალია, კობიაშვილის საქმისგან განსხვავებით, ორ გადაწყვეტილებას შორის შუალედში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ამ საქმის მომჩივანს უკვე ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლება, რომელიც მან არ გამოიყენა, სახელმწიფომ ვერ დაასაბუთა ევროპული სასამართლოს წინაშე სამართლებრივი დაცვის ასეთი მექანიზმის ეფექტიანობა (იქვე, §35).
დაბოლოს, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციის ოფიცრების ჩვენებები, ბრალდების გასამყარებლად ვერ გამოდგებოდა, რადგან, კობიაშვილის საქმის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც პოლიციელები დაინტერესებულები იყვნენ საქმის საბოლოო შედეგით (იქვე, §38).
სასამართლოს საბოლოო დასკვნა ამ საქმეშიც იგივე იყო, რაც კობიაშვილის საქმეში: საქმის განხილვა მთლიანობაში უსამართლოდ და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით ჩატარდა (იქვე, §39).
გ) სხვა ანალოგიური საქმეები
კობიაშვილის პრეცედენტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა და მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანა კიდევ 5 საქმეზე. ესენია:
განცხადის N |
საქმე |
გადაწყვეტილების თარიღი |
21074/09 |
ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ |
10/12/2020 |
41674/10 |
ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ |
25/03/2021 |
57255/10 |
კალანდია საქართველოს წინააღმდეგ |
22/04/2021 |
43854/12 |
შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ |
17/06/2021 |
42371/08 |
თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ |
18/03/2021 |
დ) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობა ზემოთ მითითებულ საქმეებზე
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.
მეგრელიშვილის, ბაქრაძის, ტლაშაძისა და კაკაშვილის, კალანდიას, შუბითიძისა და თორთლაძის საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტს გამოცემული აქვს გადაწყვეტილება N CM/ResDH(2024)301, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილებების აღსასრულებლად აუცილებელი ზოგადი ზომების მიღებაზე ზედამხედველობას მინისტრთა კომიტეტი გააგრძელებს ქართველიშვილისა და როსტომაშვილის საქმეთა ჯგუფებზე განსახორციელებელი ზედამხედველობის ფარგლებში.
ზოგადი ზომების მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არწმუნებდა მინისტრთა კომიტეტს, რომ ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ ეფექტური ზოგადი ზომები მიიღო, რის დასადასტურებლადაც ქებურიას საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიუთითებდა.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქებურიას საქმეში
2020 წლის 25 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (გადაწყვეტილება №2/2/1276), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე ძალზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი სტანდარტები დაადგინა.
(i) ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემცველი სამართალდამცავის ჩვენების გამამტყუნებელ განაჩენში გამოყენების კონსტიტუციურობა
საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, პოლიციელის ჩვენება, რომელიც ემყარება ოპერატიული ინფორმაციის მომწოდებელი წყაროს – კონფიდენტის/ინფორმანტის ინფორმაციას, ირიბი ჩვენების ერთგვარი ფორმაა, რომელიც თანაბარ რისკებს უქმნის პირისთვის არაუტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სახელმწიფო ვალდებულებას (გადაწყვეტილების II-90 პუნქტი). გარდა ამისა, პოლიციელის ამგვარი ჩვენების გამამტყუნებელი განაჩენისთვის გამოყენება აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს. როგორც ითქვა, დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაკითხოს ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირი, ეჭვქვეშ დააყენოს იმ პირის სანდოობა და დამაჯერებლობა, რომლის ჩვენებასაც სასამართლო ეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. დაცვის მხარისთვის ამგვარი შესაძლებლობის არქონა აშკარად ქმნის იმის საფრთხეს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არაუტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდეს (გადაწყვეტილების II-91 პუნქტი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციიას (გადაწყვეტილების II-92 პუნქტი).
(ii) ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების და მისგან მომდინარე მტკიცებულებების გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად გამოყენების კონსტიტუციურობა
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, თუ წარმოვიდგენთ, რომ მართლაც მოხდა პოლიციელების მიერ ნივთის „ჩადება“, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ბერკეტები, დაამტკიცოს თავის სიმართლე იმ პირობებში, როდესაც ჩხრეკის თვითმხილველი ყველა პოლიციელი ერთნაირ ჩვენებას იძლევა, ხოლო საქმეზე არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში აღმოჩენას (მოხდეს (გადაწყვეტილების II-104 პუნქტი).
სასამართლოს აზრით, როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს (გადაწყვეტილების II-106 პუნქტი). შესაძლებელია, ყოველთვის ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ პოლიციელმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. ამის აშკარა მაგალითია, როდესაც ირკვევა, რომ ობიექტურად არსებობდა ჩხრეკის პროცესზე ნეიტრალური მოწმის დასწრების შესაძლებლობა და პოლიციელებმა ეს არ უზრუნველყვეს. უფრო მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია. მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა (გადაწყვეტილების II-107 პუნქტი). გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს (გადაწყვეტილების II-108 პუნქტი).
საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის (გადაწყვეტილების II-110 პუნქტი).
დასკვნა
ზემოთ აღწერილი სამი სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს სამოქალაქო საპროტესტო აქციების მონაწილე პირების მიმართ, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ნარკოტიკების „ჩადების“ დანაშაულებრივ და სამარცხვინო პრაქტიკას კვლავაც გავრცელებული ხასიათი აქვს. მეტიც, ეს პრაქტიკა გამოიყენება სამოქალაქო პროტესტის მონაწილე პირების მიმართ, რათა მოხდეს მთლიანი საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია, აქტივისტების სამაგალითოდ დასჯა, საზოგადოების დაშინება და, საბოლოო ჯამში, რეჟიმის მიერ ფაქტობრივი ძალაუფლების შენარჩუნება.
როგორც ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში არაერთი საქმე აქვს წაგებული სწორედ ნარკოტიკების „ჩადების“ გამო და ამ პრობლემის გადაწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც შეეცადა, ეს მავნე ტრადიცია გრძელდება ზუსტად ისეთი ფორმებით, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში აქვს წესად დანერგილი სამართალდამცავთა თითოეულ თაობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში დადგენილი პრეცედენტული სტანდარტების მიუხედავად, კვალავაც გავრცელებული პრაქტიკა აქვს:
- გამოძიების დაწყებას ე.წ. „კონფიდენციალური წყაროს“ მიერ მოწოდებული „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, რომლის სანდოობის და უბრალოდ რეალურად არსებობის შემოწმება არ ხდება;
- პირის პირადი, საცხოვრისის, მანქანის თუ სხვა მფლობელობის ჩხრეკა ტარდება არა სასამართლოს წინასწარი განჩინების, არამედ ჩხრეკის შემდგომ მისი „კანონიერად ცნობის“ საფუძველზე;
- ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების შესახებ ჩვენებებს მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და სხვა, მათთან დაახლოებული პირები იძლევიან, რომელთაც ინტერესი აქვთ საქმის ბრალდების სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ;
- ჩხრეკა ტარდება ნეიტრალური მოწმეების დასწრებისა და ვიდეოჩაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაში დაარწმუნებდა; ნიშანდობლივია, რომ ახობაძის და კაციას შემთხვევაში ნეიტრალური მოწმეები - ერთ შემთხვევაში ბრალდებულის თანამგზავრი და მეორე შემთხვევაში ტაქსის მძღოლი იქვე იყვნენ, მაგრამ ჩხრეკას ისინი არ დაასწრეს;
- სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ და არაეფექტიან ხასიათს ატარებს, სასამართლოს განჩინება ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფით.
გარდა ამისა, ისევე, როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების შემთხვევაში ხდება ხოლმე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ამ შემთხვევებშიც არ იქნა ჯეროვნად დასაბუთებული. დაცვის მხარის მიმართ ადგილი ჰქონდა მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დარღვევას, რადგან შუამდგომლობები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დაუსაბუთებლად არ იქნა დაკმაყოფილებული.
პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოგონილი და ყალბი ბრალდების საქმეების შეკერვის გამო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები:
- ლევან ტაბიძე
- ალექსი კობერიძე
- რევაზ ზირაქაშვილი
- გიორგი ხარგელია
- გიორგი გურეშიძე
- გიორგი ლობჟანიძე
- გრიგოლ კაჭკაჭიშვილი
- პაატა მჭედლიშვილი
- ლაშა თავაძე
- ემილ კუპრავა
- მირზა ჯაფარიძე
- ლაშა ხარხელაური
- გიორგი როსოფიძე
- არჩილ ნაცვლიშვილი
- ედგარ ოგანესიანი
- გიორგი ჩიკვაიძე
- ზურაბ რუსიშვილი
პროკურორები:
- შმაგი გობეჯიშვილი
- ნუგზარ ჭიტაძე
მოსამართლეები:
- არსენ კალატოზიშვილი
- სპარტაკ პავლიაშვილი
- ლელა მარიდაშვილი
- ირაკლი ხუსკივაძე
- თამარ მჭედლიშვილი
- მზია გარშაულიშვილი
- ნანა შამათავა
