სატელევიზიო სივრცე საქართველოში –მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სატელევიზიო სივრცე საქართველოში –მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო

04 თებერვალი, 2010

დღეს საქართველოს სატელევიზიო სივრცე ნაკლებად დამოუკიდებელია, ვიდრე ის 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე” და პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლამდე იყო. ქვეყანაში არსებობს თავისუფალი ბეჭდვითი მედია, რომლის ტირაჟი მცირეა, მაგრამ პლურალიზმი მნიშვნელოვნად აკლია ტელესივრცეს. ეს მაშინ, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციის ძირითად წყაროდ ტელევიზიას ასახელებს. 2009 წლის 15 ოქტომბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩNN-თან ინტერვიუში განაცხადა,რომ საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხია და ყოველდღე არა ერთი პოლიტიკური თოქშოუ გადის ეთერში. სინამდვილეში საქართველოში 27-ზე მეტი არხიც არის, თუმცა, უცნობია, მათი რეალური მფლობელები და მაკონტროლებლები ვინ არიან. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება, გაეუმჯობესებინა მედიის, როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განვითრებისათვის საჭირო ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტის, თავისუფლების ხარისხი. მიმდინარე წლის შემოდგომის ბოლოს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, „აზრის გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოსთან ორმხრივი დიალოგის პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტებია”. ეს ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს სატელევიზიო სექტორში დღეს არსებულ მდგომარეობას,კერძოდ, ნაციონალური ტელეარხების მფლობელების საკითხს, მედიაბაზარს და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას.

 

print
Media