საპროცესო შეთანხმება საქართველოში
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი 2004 წლის თებერვალში საქართველოს სამართლებრივ სისტემაში საპროცესო შეთანხმების შემოღება იყო. საპროცესო შეთანხმება არის „შეთანხმება[პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის] იმაზე, რომ თუ ბრალდებული ბრალს აღიარებს, მას ჩადენილი დანაშაული შეუმცირდება ან მის მიმართ ნაკლებად მკაცრი სანქცია იქნება გამოყენებული”. პრინციპი მარტივია: ბრალდებული ბრალის პირდაპირ აღიარებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარის თქმის სანაცვლოდ გარკვეულ კომპენსაციას იღებს, რადგან ის ყველა მხარეს ათავისუფლებს ხანგრძლივი და ხარჯიანი სასამართლო პროცესისგან. ამ, ერთი შეხედვით, სიმარტივის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიციები არსებობს. ზოგიერთი იურისტი მას დადებითად აფასებს და არგუმენტად მოაქვს ის, რომ საპროცესო შეთანხმება მართლმსაჯულების სისტემას უფრო სწრაფსა და ეფექტიანს ხდის. ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ ის სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებას ზღუდავს და მართლმსაჯულებას ყიდვა-გაყიდვის საგნად აქცევს.